LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უკავშირდება რკინიგზაში ტვირთბრუნვის შემცირება – ბახტაძის ოფიციალური განმარტება

78

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი გენერალური დირექტორობის დროს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესამოწმებლად იყო შესული. ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სასამართლოში სარჩელის შეტანა იმის შესახებ, რომ რკინიგზა შეემოწმებინა.

“ჩემი გენერალური დირექტორობის პერიოდში, შემოსული იყო აუდიტის სამსახური და ჩვეულებრივად ჩაატარა ის პროცედურები, რომელიც აუცილებელი იყო. 2012 წლის ზაფხულში, მაშინ, როცა რკინიგზამ გამოუშვა თავისი ობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე, აღებული იქნა ვალდებულება, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შემოწმდებოდა მხოლოდ დიდი ოთხეულის აუდიტორის მიერ“, – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირებას, ამ საკითხზე ბახტაძემ განმარტა, რომ ტვირთების ნაწილმა მილსადენებში გადაინაცვლა.

„რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად მისი წარმატების, ან წარუმატებლობის კრიტერიუმია მისი შემოსავლები, მისი მარჟები და ის თუ როგორ აფასებენ მას ინვესტორები. საქართველოს რკინიგზისთვის ყველაზე წარმატებული იყო 2014-2015 წლები. რაც შეეხება ტვირთების შემცირებას, ამაზეც არის კონკრეტული პასუხი: წელი, რომელსაც თქვენ ადარებთ ინფრასტრუქტურულად იყო განსხვავებული. წელს ეს ტვირთი მოძრაობს მილსადენში და ამ ტვირთებს იღებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც საქართველოს რკინიგზას 2013- 2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები