LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ ივნისში: 10 ფილმი, რომელიც მალე ეკრანებზე გამოდის

იურული პერიოდის პარკი 2 / Jurassic World: Fallen Kingdom (7 ივნისი)

ახალი სიუჟეტი მეორე ნაწილის ისტორიის გაგრძელებაა. ისლა-ნუბლარის გასართობის პარკის განადგურების შემდეგ, კუნძულზე ახალი პრობლემა იწყება. ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო პარკის ყოფილი მმართველი ძველ თანამშრომელთან ერთად დინოზავრების გადასარჩენად მიემგზავრება. ფილმში მთავარ როლებს კრის პრატი, დალას ჰოვარდი და ტობი ჯონსი ასრულებენ.

რეინკარნაცია/ Hereditary (7 ივნისი)

ენი გრეჰემის ცხოვრება რადიკალურად იცვლება დედის გარდაცვალების შემდეგ. მთავარი გმირი ხვდება, რომ ახალი კოშმარების მიზეზი ბავშვობაში მომხდარი ტრაგედიაა, რომელიც დედას უკავშირდება. კინოსურათში მთავარ როლებს ტონი კოლეტი და გებრიელ ბირნი ასრულებენ.

ესკობარი / Loving Pablo (14 ივნისი)

ფერნანდო ლეონ დე არონას ფსიქოლოგიური ტრილერი, რომელიც სხვადასხვა ფესტივალებზე უკვე აჩვენეს. ფილმი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული და ის ცნობილი ჟურნალისტის მემუარების მიხედვით გადაიღეს. კინოსურათში მთავარ როლებს ჰავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

უნებლიე აფერისტები / The Con Is On (14 ივნისი)

კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც ვალებში გახვეული ცოლ-ქმრის ისტორიას გვიყვება. წყვილი ძვირფასეულობის მოპარვისა და ვალების გასტუმრების მიზნით ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, რათა ცხოვრება ახლიდან დაიწყოს. ყველაფერი კი სწორედ აქედან იწყება. მთავარ როლში მაყურებელი პარკერ პოუზისა და ელის ივს იხილავს.

გაქცევის გეგმა 2 / Escape Plan 2: Hades (14 ივნისი)

2013 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის გაგრძელება. ამჯერად კინოსურათში არნოლდ შვარცნეგერს დეივ ბატისტა ცვლის. ერთ-ერთ მთავარ როლს კი კვლავ სილვესტერ სტალონე ასრულებს.

ოუშენის 8 მეგობარი / Ocean’s 8 (21 ივნისი)

ცნობილი კრიმინალური კომედიის ფემინისტური ფინალი მსოფლიო კინოს ვარსკვლავების მონაწილეობით. როგორ შეძლებენ დები ოუშენის გეგმის შესრულებას მისი უახლოესი მეგობრები, ამას მაყურებელი 21 ივნისიდან შეიტყობს. მით უმეტეს საოცრად შთამბეჭდავი სამსახიობო ანსამბლის დამსახურებით. ფილმში ქეით ბლანშეტს, სანდრა ბალოკს, რიანას, ენ ჰეთეუეის, ჰელენა ბონემ კარტერს, სარა პოლსონსა და სხვა ვარსკვლავებს შეხვდებით.

მკვლელი ყველას წინააღმდეგ 2 / Sicario 2: Soldado (28 ივნისი)

მექსიკელი ნარკორიალიზატორებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების ძველი ისტორიის გაგრძელება. მაყურებელი ახალ ფილმშიც იხლავს ძველ გმირებს, ჯოშ ბროლინსა და ბენისიო დელ ტოროს.

უჩინარი / In Darkness (28 ივნისი)

პოლიცია საერთაშორის დამნაშავის ქალიშვილის საიდუმლო მკვლელობას იძიებს. ერთადერთი მოწმე საქმეში გოგონას მეგობარი, უსინათლო სოფიაა, რომლის როლსაც ნატალი დორმერი ასრულებს.

სტიქიის ტყვეობაში / Adrift (28 ივნისი)

ოკეანეში მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის უკეთეს ფილმს ვერც ინატრებთ. შეყვარებულების უწყინარი მოგზაურობა, რომელიც ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა. კინოსურათში მთავარ როლებს შეილინ ვუდლი და სემ კლაფლინი ასრულებენ.

წიგნის კლუბი / Book Club (28 ივნისი)

კომედია 50 წელს გადაცილებულ ინტელექტუალებზე, რომლებიც საინტერესო ისტორიების მოსასმენად ყოველ კვირას, წიგნის მოყვარულთა კლუბში იკრიბებიან. ერთ მშვენიერ დღეს კი მათ ხელში ეროტიკული ბესტცელერი ჩაუვარდებათ. კინოსურათში მთავარ როლებს დაიან კიტონი, ჯეინ ფონდა და ალისია სილვერსტოუნი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები