LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც ეს ქალი ასხივებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, საგანგაშოა – გიორგი ვაშაძე

vashadze_gio

„რასაც ეს ქალი ასხივებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, საგანგაშოა,“ – ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მისი ოჯახის მიმართ მუქარას ეხება.

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება გენერალ დევი ჭანკოტაძის საპასუხო იყო.

„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან თავიდანვე აირჩია და მიყვება ამას, რომ უპირისპირდება სამხედროებს და, ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს. როგორ შეიძლება, რომ ის მთავარსარდალი იყოს. მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, თუ არის რაიმე მიწერ-მოწერა, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურებმა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პერსონალური ძალადობის. ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ამას გამოიძიებს, რაც არ ხდება, დაგისახელებთ ახალქალაქის, მარნეულისა და კასპის შემთხვევებს.

„რეალურად, თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, კი ბატონო, გამოიძიონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთოდ, რასაც ეს ქალი ასხივებს – შეიარაღებულ ძალებთან დამოკიდებულებას, ეს არის საგანგაშო. ისე უფრო მგონია, რომ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი სიუჟეტის პასუხი იყო დღეს მისი განცხადება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან,“ – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, შსს-ში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები