LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამართლებენ ბათირაშვილს სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები

95

ეს არის, მინიმუმ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და ოჯახის მიმართ, ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი თავდგირიძე, სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების მიერ გაკეთებულ კომენტარებს. საქმე ეხება ერთერთი მომხმარებლის ფრაზას, სადაც ის ამბობს, რომ ტერორისტ თარხან ბათირაშვილის ადგილას, თავადაც იმავენაირად მოიქცეოდა.

“უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როდესაც რაიმე ფორმით ახალისებ, ამართლებ ან პოპულარულს ხდი ასეთ საქციელებს. სპეცსამსახურებს აქვთ ამის ვალდებულება, რომ მსგავს ფაქტებზე, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს, თუმცა, ცალსახად, კლიშეებით არ უნდა მივუდგეთ თითოეულ შემთხვევას, არ ღირს კუდიანებზე ნადირობა დავიწყოთ ან სხვანაირად მოაზროვნე ადამიანების ინკვიზიციაზე ვიფიქროთ. თუ სიტყვასა და საქმეს შორის არის კავშირი და სიტყვის უკან დგას საქმე და არის  მცდელობა, რომ ჩაებას ასეთ საქმიანობაში, მაშინ, შესაძლოა, ამაზე რეაგირება” – განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

რაც ეხება პანკისში არსებულ ვითარებას, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ პანკისის პრობლემებზე საუბარი ხელოვნური იქნება. მისი თქმით, საჭიროა პანკისისთვის ყურადღების მიქცევა, მაგრამ, ამ ეტაპზე, იქიდან საფრთხე არ არსებობს.

“არც ისეა, რომ პანკისიდან ველოდოთ საფრთხეს. თავის დროზე, სპეცსამსახურების არასწორად მუშაობამ მოიტანა ის, რომ რამდენიმე ახალგაზრდა სირიაში წავიდა საბრძოლველად. დღეს ასეთი მნიშვნელოვანი გადინებები არ ხდება. და ამიტომ სპეცღონისძიებების ჩატარება საჭირო არ არის” – განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის აზრით, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მოკლევადიანი პერსპექტივით, აუცილებელია, რომ ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებმა ითანამშრომლონ და გაცვალონ ინფორმაცია. გარდა ამისა, როგორც გიორგი თავდგირიძემ აღნიშნა, საინტერესო იქნება, თუ ევროპა წავა იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას ნატოს ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ტერორზმის წინააღმდეგ მართვის ღონისძიებების დაგეგმვას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები