LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ატარებს კონცერტს საქართველოში სოსო პავლიაშვილი: „არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრემლის აგენტს მეძახიან…“

381

სოსო პავლიაშვილის ქართულენოვანი სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში მცირე ხნის წინ შედგა. სიმღერა თბილისზეა. მომღერალს დიდი ხანია, ქართულად სიმღერა არ ჩაუწერია. ტექსტი რეპერ გიორგი პავლიაშვილს, მასტერს ეკუთვნის. ჩვენ ორივე შემსრულებელს ვესაუბრეთ. სოსო პავლიაშვილს ასევე დავუსვით შეკითხვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოში კონცერტის გამართვას…

გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი:

სიმღერა სოსო პავლიაშვილმა მოსკოვში გამომიგზავნა. მხოლოდ ის მითხრა, რომ უნდოდა, სიმღერა თბილისზე ყოფილიყო. დავპირდი, რომ ტექსტს მე დავუწერდი და მეორე დღეს გადავუგზავნე. ეს არის დიდი ხნის შემდეგ მისი პირველი სიმღერა, რომელიც ქართულ ენაზე ჩაწერა. სიმღერას რუსული ვერსიაც აქვს. გადავიღეთ კლიპი, რომლის რეჟისორიც მე ვარ. გადაღებები მიმდინარეობდა თბილისსა და მოსკოვში. მთავარ როლშია „მის თბილისი“, ნინა ტაველიშვილი.

სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა მცირე ხნის წინ და ჩარტების სათავეებშია.

სოსო პავლიაშვილი:

იყო მომენტები, როცა ვაპირებდი ქართული სიმღერის ჩაწერას, მაგრამ ხან ტექსტი არ მომწონდა, ხან პროექტი ისეთი არ გამოდიოდა, როგორიც საჭირო იყო. ჩემთვის კი მთავარია, ყველა სიმღერა ადამიანის გულამდე მივიტანო.

საბედნიეროდ, გავიცანი ერთი ნიჭიერი ბიჭი გიორგი პავლიაშვილი („მასტერი“), რომელმაც გაითავისა ჩემი ტკივილი, სიყვარული, მონატრება თბილისის მიმართ და ზუსტად აღწერა სიმღერაში. ეს ყოველივე ასევე გარდაისახა ულამაზეს კლიპში, რომელიც ასევე მან გადაიღო გიორგი გაბედავას პროდიუსერობით.

სოსო, საქართველოში ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას უახლოეს მომავალში?

რაც შეეხება სოლოკონცერტს, ალბათ, მაშინ ჩავატარებ, როცა საქართველოში ეს პოლიტიკური გარემო დაწყნარდება. არსებობს ორი მხარე – ადამიანები, რომელთაც ძალიან გაუხარდებათ ჩემი კონცერტი და ადამიანები, რომლებიც კრემლის აგენტს მეძახიან. ნამდვილად არ მსურს, ჩემ გამო ეს ადამიანები ისედაც გაყოფილ საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მე ორივე მხარე ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, ვის რა შეხედულება აქვს ჩემზე. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ერთი ჩასუნთქვით და გულის ცემით უნდა ვიცხოვროთ, რომ მესამე მხარე არ დარჩეს მოგებული. აუცილებელია, მოვუსმინოთ პატრიარქს და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ მას არ ვუსმენთ, სამწუხაროდ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რადიო „არ დაიდარდოს“, სადაც სიმღერა უყოყმანოდ ჩაუშვეს ეთერში. იმედი მაქვს, ქართული ტელევიზიებიც დაინტერესდებიან და დაატრიალებენ ვიდეოკლიპს. რამდენიმე ხნის წინ მე გამოვაგზავნე ჩემი სოლოკონცერტი, რომელიც არ აიღო ერთ-ერთმა წამყვანმა ტელევიზიამ, არადა მე ამაში არც ფულს ვითხოვ, არც არაფერს, ჩემთვის მთავარია, ჩემი სათქმელი მივიდეს ხალხთან. მე ჩემი ხალხისთვის მღერი. მე საქართველოს ნაწილი ვიყავი, ვარ და ვიქნები!

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები