LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ინტერესდებიან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით ინვესტორები?

დედაქალაქის მერიამ მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობისთვის სამი ადგილი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. პირობების მიხედვით, ინვესტორს იჯარით გადაეცემოდა კონკრეტული ტერიტორია, რომელზეც 3 სართულიანი მიწისქვეშა პარკინგის განთავსებას უზრუნველყოფდა.

თუმცა, ტენდერი ჩაიშალა – ბიზნესსექტორი მერიის შეთავაზებით არ დაინტერესდა.

მომდევნო კვირაში ახალი ტენდერი გამოცხადდება, ახალი პირობებით, ინვესტორს 1 ლარად მიწა არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადაეცემა.

ეს შეთავაზება შესაძლოა, ბიზნესსფეროსთვის საინტერესო აღმოჩნდეს, თუმცა „ფორტუნა“ დაინტერესდა, რატომ აღმოჩნდა მერიის მიერ გამოცხადებული პირველი შეთავაზება ასეთი უინტერესო.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მხარე, რომელიც ავტოსადგომის მშენებლობაზე ინტერესს გამოხატავს, უნდა წარმოადგინოს, მრავალდონიანი ავტოსადგომის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, შემდეგ წარუდგინოს მთავრობას პროექტი, მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და ამის შემდეგ დადგენილ ვადებში ჩააბაროს პროექტი.

პროექტი კი, საკმაოდ შთამბეჭდავია. სახელშეკრულებო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიის ვალდებულებაში შედის საპარკინგე ადგილების 5%-ის ელექტრომობილებისთვის გამოყოფა და შესაბამისად, დამტენი მოწყობილობების დამონტაჟება, ასევე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური smart parking-ის სისტემა, რაც გულისხმობს:

  • თავისუფალი ადგილების ამომცნობი მოწყობილობა და შესასვლელებში შესაბამისი ინფორმაციის გამომხატველი მონიტორი;
  • ადგილის დაკავების ან თავისუფალი ადგილის არსებობის აღმნიშვნელი თითოეული ავტოსადგომის ინდივიდუალური სანათი;
  • უკონტაქტო გადახდის სისტემა (ავტომანქანის ნომერზე მიბმული ავტომატური გადახდის სისტემა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული შეუძლებელია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო);
  • დგომის საფასურის უნაღდო და ნაღდი ფულით გადახდის სიტემით აღჭურვილი ავტომატური აპარატები;
  • მობილური აპლიკაციის მეშვეობით თავისუფალი ადგილების დაჯავშნის შესაძლებლობა.

ამასთან, კომპანია ვალდებულია პროექტის განხორციელების პერიოდში პროექტზე დასაქმებულ პირთა სულ მცირე 80% იყოს საქართველოს მოქალაქე.

მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის ხარჯი

მიწისქვეშ სამუშაოების წარმოება, ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამუშაოდ ითვლება და მისი წინასწარ გათვლა თითქმის შეუძლებელია. როგორც “ფორტუნასთან” სპეციალისტები განმარტავენ, პირველ რიგში უნდა მოხდეს გრუნტის შესწავლა, შემდეგ კი კომუნიკაციების და მოგვარდეს მისი გადატანის უზრუნველყოფა. შესაძლოა, მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა თავად ინვესტორმა ან მერიამ უზრუნველყოს, ასევე არსებობს მეორე, უფრო გავრცელებული ვარიანტი, რომ კომუნიკაციებს თავად კონკრეტული ბიზნესოპერატორები გადაიტანენ.

ამის შემდეგ, ყველაზე კარგ ვარიანტში, მიწისქვეშა სამუშაოების წარმოება (შავი კარკასის მშენებლობა) კვადრატულ მეტრზე 250$ ჯდება.

განვიხილოთ ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც მერიას აქვს გამოტანილი.

2250 კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ შავი კარკასის მშენებლობა, სულ მცირე, 562 500 დოლარი დაჯდება. ამ თანხას ემატება წინასამშენებლო პერიოდის კვლევა და შემდეგ ინფრასტრუქტურის მოწყობის თანხები, რომლებიც სავარაუდოდ, ამ თანხაზე ნაკლები არ იქნება.

როგორც ჩანს ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ ამ თანხის ინვესტირება მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაში მომგებიანი არ არის.

პროექტების მენეჯერი რევი ხისფეხაშვილი ამბობს, რომ ამ სახით მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. მისი თქმით, მშენებლებისთვის ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა შეთავაზება, რომელიც გამოკვლეულ ნიადაგსა და გამზადებულ საპროექტო დოკუმენტაციას შეიცავდა.

“მიმდებარე მიწიქვეშა ტერიტორიის შესწავლა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და თან რისკიანი, რადგან მაგალითად, ორ შემთხვევაში (ვარკეთილის და ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე) მიწიქვეშა ფართობის დიდი ნაწილი ათვისებულია მეტროსადგურებით. ასე რომ, შესაძლოა კვლევა, რომელსაც ჩაატარებს ინვესტორი, სრულიად გამოუსადგარი აღმოჩნდეს, რადგან ადგილზე სამსართულიანი ავტოსადგომის მოწყობის შესაძლებლობა არ იყოს.

გარდა ამისა, თავად მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაც ძვირადღირებულ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. საჭიროა დიდი რესურსის (ტექნიკის) მობილიზება და სამშენებლო მასალებიც ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მიწისზედა მშენებლობის შემთხვევაში,” – განაცხადა რევი ხისფეხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორის მიერ გაღებული ხარჯები აქ არ მთავრდება. ავტოსადგომის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, კომპანია ვალდებულია:

შეინარჩუნოს ავტოსადგომი ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში;

შეინარჩუნოს ავტოსადგომის საქმიანობის პროფილი;

უზრუნველყოს ავტოსადგომის გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირება და ოპერირება. ამასთან, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს მთავრობისმუნიციპალიტეტის მერიის ნებისმიერი სტუქტურული ერთეულის და სააგენტოს სრული და თავისუფალი წვდომა ავტოსადგომის მთელ ტერიტორიაზე, მისი მდგომარეობისა და ოპერირების მონიტორინგის მიზნით.

წინასწარ, 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს მთავრობას ავტოსადგომით სარგებლობისთვის განსაზღვრული პარკირების საფასურის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

საკუთარი ხარჯით, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს ავტოსადგომის მოვლა-პატრონობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება;

წერილობით აცნობოს მთავრობას ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც იწვევს ავტოსადგომის ოპერირების სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას/შეზღუდავს;

წერილობით აცნობოს მთავრობას ავტოსადგომის რეკონსტრუქციის ან ნებისმიერი სახის ტექნოლოგიურგი ცვლილების  შესახებ.

კომპანია მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის უფლებამოსილი, გადასცეს პროექტთან დაკავშირებული უფლებები მესამე პირს.

იმის გამო, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა, ვერც რომელიმე ავტოსადგომის ხარჯებსა და მოგებას მოვიყვანთ მაგალითად და ვერც რომელიმე კომპანიის გამოცდილებას.

ასე რომ, ინვესტორი, რომელიც ამ პროექტებს განახორიცელებს, როგორც სმარტ პარკინგის, ასევე ანდერგრაუნდ პარკინგის სისტემაში საქართველოში პირველი იქნება, ამას კი როგორც ბევრი რისკი, ასვეე ბევრი ბენეფიტები მოჰყვება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები