LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ სჯერა კუჭავების ოჯახს გამოძიების ვერსიის?

57

გვიჩნდება ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და ეს იყო განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ დაუკავშირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუჭავასა და პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეები ერთმანეთს.

”ძალიან ბევრი ეჭვია საქმესთან დაკავშირებით. მაგალითად, საქმის მოწმე პოპოვი, რომლის მანქანაშიც, თითქოსდა, მოხდა თვითმკვლელობა, ადვოკატებთან შეხვედრაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალით მოვიდა. სწორედ ამიტომ გვიჩნდება ეჭვი, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს”- განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

კუჭავას ოჯახის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოთვალი პოპოვს სუს-მა დაუმონტაჟა, ხოლო რა ინტერესი უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალი ბიძინა კუჭავას დასდოს, ამ შეკითხვაზე ნათია კორკოტაძეს პასუხი არ აქვს.

”პოპოვი თავად დაგვიკავშირდა და შეხვედრა გვთხოვა, ხოლო როდესაც შეხვედრაზე მოვიდა, კამერა ქონდა დამონტაჟებული და გვითხრა ასეთი ფრაზა: ”რატომ მიბარებთ”?! სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მოწმეზე ზეწოლის მუხლი და ალბათ, პოპოვს სურდა, კამერით დაეფიქსირებინა, თითქოს ჩვენ დავიბარეთ და მასზე ზეწოლას ვახდენდით” – განაცხადა კუჭავების ადვოკატმა.

როგორც ნათია კორკოტაძემ აღნიშნა, ადვოკატებმა არ იციან, რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს, რომ ქირიასა და კუჭავას მკვლელობები ერთმანეთისათვის დაეკავშირებინა. ის ეჭვობს, რომ გარდაცვლილებს შორის ნათესაური კავშირის გამო მოხდა ამ ორი საქმის დაკავშირება.

”ძმებივით იყვნენ, ოჯახებიც ახლობლობდნენ და შეუძლებელი იყო, ეს მომხდარიყო. რაც ეხება მოწმე პოპოვს, საგამოძიებო ორგანო მასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ კუჭავების ახლობელი იყო, არადა ოჯახი ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ იცნობდა. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა” – განაცხადა კორკოტაძემ.

კუჭავას ოჯახის ადვოკატის თქმით, თბილისის პროკურორთან დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, ვინაიდან მიხეილ შაყულაშვილმა მათს ყველა შეკითხვას უპასუხა. გარდა ამისა, დღეს გაირკვა, რომ ვახტანგ ქირიას საქმე იძიებს შსს, ხოლო ბიძინა კუჭავას საქმე გამოეყო და მას თბილისის პროკურატურა იძიებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები