რატომ დამალა ანრი ჯოხაძემ, რომ თაკო გაჩეჩილაძეს „ევროვიზიის“ სიმღერა დაუწერა

321

20 იანვარს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორგანიზებით, „ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართა. 25 მონაწილე საერთაშორისო ჟიურიმ და მაყურებელმა შეარჩიეს. მაქსიმალური ქულები ორივე მიმართულებით თაკო გაჩეჩილაძეს ხვდა წილად. სწორედ ის წარადგენს საქართველოს კიევში, „ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით „Keep The Faith“.

რადიო „ფორტუნამ“ თაკო კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. მან გვითხრა, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც თავად შექმნა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამარჯვებული გახდა, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სიმღერის მელოდია კოლეგასა და მეგობარს, ანრი ჯოხაძეს დაუწერია.

ანრის დავუკავშირდით იმის გასაგებად, რატომ დამალა ეს ამბავი.

ანრი ჯოხაძე:

ერთ მშვენიერ დღეს მესტუმრა თაკო გაჩეჩილაძე, მითხრა, რომ უნდოდა „ევროვიზიაზე“ გასვლა და დასამახსოვრებელი და მელოდიური სიმღერა. მაშინვე მოვასმენინე მისამღერის თემა, ძალიან მოეწონა და აიკვიატა მელოდიური ხაზი. შევუდექი მუსიკის დაწერას. შემდეგ თაკომ შექმნა ტექსტი. გავუკეთე არანჟირება და გზა დავულოცე…

არავინ იცოდა, რომ ეს სიმღერა შენ დაწერე…

ეს იყო ჩემი ისტერიკული მოთხოვნა. არ მინდოდა, რომ კონკურსამდე საზოგადოებას გაეგო, თაკო ჩემს დაწერილ სიმღერას რომ ასრულებდა. თაკო არ მეთანხმებოდა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე. „ჩამერთო“ ადამიანური მომენტი, მეგობრული ფაქტორი – ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც უნდა მაგარი სიმღერა დაწერო, „ევროვიზიასთან“ დაკავშირებით ჩნდებიან „კეთილისმსურველები“. თაკოს იმდენად უნდოდა ამ კონკურსშ გამარჯვება, რომ მე ჩემი წარუმატებელი „ევროვიზიული“ კვალი თავიდანვე წავუშალე. თქვი, რომ სიმღერა შენია-მეთქი. ასე შევთანხმდით, რომ არ წამოსულიყო ტალახი, თვითონ გახიშტული ჯოკერია და ამის სიმღერამ რა უნდა ქნასო.

ჩემთვის სასიამოვნო ამბავი მოხდა, უცხოური საიტების წინასწარ გამოკითხვებში, თაკომ ყველგან რეკორდი მოხსნა და პირველ ადგილზე გავიდა. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერც აგიღწერთ.

გუშინდელ გამარჯვებაზე აღარაფერს ვამბობ. ესემესებს რომ მიიღებდა, ამას ველოდებოდი, მაგრამ როცა თაკომ საერთაშორისო ჟიურისგანაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მივხვდი, რომ გამოგვივიდა ის, რისი მიღწევაც გვინდოდა.

რაც მთავარია, „ევროვიზიაზე“ სწორი მესიჯი მიდის, კარგი სიმღერა – კლასიკური ბალადა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამართლებს, ემოციურად დატვირთული სიმღერაა, რომელსაც თაკო ფანტასტიკურად ასრულებს.

„ევროვიზიული“ წარსული ახსენე. ამაზე ხშირად ფიქრობ ხოლმე?

საერთოდ არ ვფიქრობ. ეს აღელვებთ უიღბლო ადამიანებს. მე წარსულით არ ვცხოვრობ, პრიორიტეტი მომავალია. სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ამოძრავდა თვითგადარჩენის ინსტინქტი. ვიცი, თაკოს წინააღმდეგ როგორ ცუდად გამოიყენებდნენ იმ ფაქტს, რომ მელოდია ჩემი დაწერილია. დასცემდნენ ფსიქოლოგიურად. თაკოს არ ექნებოდა ისეთი კარგი განწყობა და ასე კარგად ვერ იმღერებდა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ადამიანების განადგურება ე.წ. კეთილისმსურველ პატრიოტ ქართველებს კარგად გამოსდით, ჩართავდნენ ჩა…ხურ მანქანას… კბილები მიკაწაკებდა, სანამ ვიტყოდით, რომ მთელი ეს ამბავი ჩემთან სახლში დაიგეგმა და მეც ვარ ამ ყველაფრის მონაწილე. ვფიქრობ, საქართველო წელს კარგი შედეგით დაბრუნდება.

ბოლო 2-3 წელია, ამ კონკურსზე გადამწყვეტი ხმები ეკუთვნის ჟიურის. ვითომ ხალხმა რომ დაამესიჯა, ეს მეორეხარისხოვანია. მივიჩნევ, რომ ჩვენი სიმღერა პროფესიონალ ჟიურის მოეწონება და კეთილად განაწყობს. ჩვენნაირი მოცუცქნული ქვეყნისთვის ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჟიურის სიმპათია დავიმსახუროთ…

შოუს მოფიქრებაში დაეხმარები თაკოს და თუ გაჰყვები კიევში?

რა თქმა უნდა, წავყვები. ჩვენი მეგობრული ტანდემი არ უნდა გაწყდეს, მას ვჭირდები ისევე, როგორც მე მჭირდება ის. შოუში მე არ ჩავერევი, დარწმუნებული ვარ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და პროდიუსერები მოაგვარებენ ამ საქმეს. თუ კარგი იდეა გამიჩნდება, არ დავმალავ და ღმერთმა შეარგოთ. არც არანჟირებაში მივიღებ მონაწილეობას, რადგან სიმღერის ფორმა უკვე ჩამოყალიბებულია. ვიცი, რომ შვედეთში გაკეთდება არანჟირება და იქნება ევროპული საუნდი, რაც ამ სიმღერას სჭირდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები