LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა შალვა რამიშვილმა „აკრედიტაციის გარეშეს“ აღდგენა

102

შალვა რამიშვილი, როგორც სჩვევია, ეთერში სკანდალით დაბრუნდა. „აკრედიტაციის გარეშე“, პროექტი, რომელიც 4 წლის წინ „მაესტროზე“ გადიოდა, ისევ ამ არხს დაუბრუნდა ძველი ავტორითა და წამყვანით. როგორც შალვამ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ტელეარხის ხელმძღვანელობას თავად შესთავაზა პროექტის აღდგენის იდეა და მათაც გამოთქვეს იგივე სურვილი.

პირველივე გადაცემამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. შალვა რამიშვილის გადამღებ ჯგუფს შალვა ნათელაშვილის ოჯახმა უჩივლა. როგორც ბელა ალანია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ბაზალეთში მათ სახლთან მისულმა „აკრედიტაციის გარეშე“-ს ოპერატორმა ხელი უნებლიედ გაიქნია, რომელიც ნიკაპზე მოხვდა და ის ადგილი დაულურჯდა… თავად შალვა სოციალურ ქსელში წერდა, რომ ბელა ალანია აცხადებდა, თითქოს შალვა რამიშვილმა სცემა…

შალვა რამიშვილი:

ქალბატონი ბელა არის მატყუარა. რეალური შოუს პრინციპი, ვისაც ტელევიზიასთან ჩაუვლია, ყველამ იცის. კამერა უწყვეტად არის ჩართული და იღებს ამავე რეჟიმში. არც მე და არც ჩემს ოპერატორს შალვა ნათელაშვილის მეუღლესთან არანაირი შეხება არ გვქონია. ყველაფერი გადაღებულია.

ნათელაშვილი ეწევა ტყუილის ტირაჟირებას და არის ბრიყვი, როცა თავის გარემოცვას ამართლებს ამ სიტუაციაში. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ თემაზე. მატყუარა ცოლ-ქმარია. მათ შეიტანეს სარჩელი პოლიციაში, უკანონო შეჭრასა და ცემის ფაქტზე. ეს ფაქტები, რასაკვირველია, არ დადასტურდება.

შალვა, რატომ დადგა „აკრედიტაციის გარეშეს“ აღდგენის აუცილებლობა წინასაარჩევნოდ?

„მაესტროს“ დირექტორს მე შევთავაზე ეს იდეა და თავადაც გამოთქვა სურვილი. „აკრედიტაციის გარეშე“ 4 წლის წინ ამავე არხზე გადიოდა. წინასაარჩევნოდ საინტერესო პროცესები ვითარდება და ჩავთვალეთ, რომ გადაცემაც საინტერესო გამოვიდოდა. შემდეგი რამდენიმე ეპიზოდი სწორედ ამ თემას მიეძღვნება. თუკი გადაცემა აქტუალური იქნება და გამოხმაურებებს გამოიწვევს, ვიფიქრებთ არჩევნების შემდეგ მის გაგრძელებაზეც. ვიმსჯელებთ, როგორი ტიპის შეიძლება იყოს. თუმცა, უკვე არსებული გამოხმაურებებიდან ცხადია, რომ მაყურებელს აინტერესებს ამ ფორმატის გადაცემა.

ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფორმატია შენთვის ყველაზე წარმატებული…

ძალიან მიხარია, თუკი ასეთი მოსაზრებები გამოითქვა და ასე მაფასებენ. თუმცა თავად მე მიმაჩნია, რომ ამის გარდა არის კიდევ ერთი-ორი პროექტი, რომლებიც კარგად გამომივიდა.

შალვა, „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ ცნობილი ინციდენტი ამოწურულია?

ეს ინციდენტი იმ წუთასვე ამოიწურება, როგორც კი გასაჯაროვდება ჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩემ მიერ სექსუალურად შევიწროვებული (თათია სამხარაძე – ავტ.) ამბობს, ჩემს დანაშაულს ამტკიცებს.

მინდა აუცილებლად აღნიშნოთ, რომ პროკურატურაში საქმე დახურულია, სისხლის სამართლის ნიშნების არარსებობის გამო. მაგრამ ჩემ მიერ სექსუალურად შევიწროებული და მისი დამცველები მაინც მიჩივიან და ითხოვენ მორალური ზიანის ანაზღაურებას, 5000 ლარს. ასე დააფასა საკუთარი სექსუალური შევიწროვება. ვფიქრობ, ის ამ სასამართლოს წააგებს.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები