LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იქნება რთული საქართველოსთვის 2016 წლის პირველი ნახევარი – ასტროლოგის შეფასებები

27

ასტროლოგი რამაზ გიგაური აფასებს, როგორი იქნება 2016 წელი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის. მისი თქმით, მომდევნო წელიწადისთვის დამახასიათებელი იქნება ცვალებადობა და არამდგრადობა.

როგორი იქნება მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის 2016 წელი მთლიანობაში?

რამაზ გიგაური:

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, მაიმუნის წელი არასტაბილურია, ამიტომ 2016 წლის დამახასიათებელი იქნება ურთიერთწინააღმდეგობრიობა, მერყეობა, ცვალებადობა და არამდგრადობა.

საერთოდ, მაიმუნის წელში მოვლენები ერთი შეხედვით ღიად და გახსნილად ვითარდება, თუმცა ეს მოჩვენებითია, რადგან ამ წელს ახასიათებს ეშმაკობა და ცბიერება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრების “აყირავების” საფუძველი ხდება.

ეს ტენდენცია 2016 წელს აქტიური იქნება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზეც, ამიტომ ამ წელს რეკომენდებული არ იქნება “სიტყვაზე ნდობა” და დაუფიქრებლად რისკზე წასვლა.

პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2016 წლის პირველი ნახევარი გაცილებით არასტაბილური იქნება, ვიდრე მეორე ნახევარი. ამ რთული პერიოდებიდან შეიძლება გამოვყოთ გაზაფხული და ასევე წლის ბოლო (ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში).

2016 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება მარტი (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება), ამიტომ ამ დროს განვითარებული მოვლენები იქნება იმის ერთგვარი მაჩვენებელი თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.

2016 წლის მარტიდან  მაისამდე პერიოდში და ასევე წლის ბოლოს მსოფლიოს ბევრ რეგიონში მოსალოდნელია დაიძაბოს პოლიტიკური პროცესები, გააქტიურდეს ბუნებრივი კატაკლიზმები, მოხდეს გარკვეული პოლიტიკური გადანაცვლებები, რევოლუციები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი.

2016 წლის მეორე ნახევარში მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება, თუმცა ყურადღებას ითხოვს ნოემბრის მესამე დეკადა და დეკემბერი, ამიტომ წლის ბოლოსაც საჭირო იქნება ყურადღების, სიფრთხილისა და წინდახედულების გამოვლენა.

რა თქმა უნდა, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2016 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება. 2015 წლის, ანუ „თხის“ მერყეობასა და ჭირვეულობას – 2016 წლის, ანუ „მაიმუნის“ მერყეობა, ეშმაკობა და გამჭრიახობა შეცვლის. მოსახლეობა არ იქნება კმაყოფილი, რადგან დაბალ რგოლებში როგორც წესი, სუსტად ვლინდება ის ტენდენციები, რომელიც მაიმუნის წელში წარმატების მიღწევისთვის არის საჭირო, ამიტომ ის ადამიანები, ვინც „არ დაელოდება ბედს“ და პირიქით, აქტიურად და რაც მთავარია, გონივრულად იმოქმედებს, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.

2016 წელს საქართველოს ხელისუფლება იგრძნობს ხალხში უკმაყოფილების მატებას და შეეცდება, გადადგას მისთვის მომგებიანი ნაბიჯები, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ხალხის გულის მოსაგებად. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხელისუფლების გარკვეული მოქმედებებისა და ძალისხმევისა, საერთო მდგომარეობა ნაკლებად დასტაბილურდება და უფრო ხშირად მერყევი იქნება.

თუ როგორ სწორად წარმართავს პოლიტიკურ პროცესებს ხელისუფლება საქართველოში, ამის ნიშნები უკვე 2016 წლის მარტსა და აპრილში გამოჩნდება. არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დადგეს, ეს შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური კრიზისი და საპროტესტო გამოსვლები, ისე ამ პერიოდში გააქტიურებული ბუნებრივი კატაკლიზმები, ამიტომ ამ მიმართულებითაც ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო.  ასე რომ, საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება წლის პირველი ნახევარი (განსაკუთრებით გაზაფხული) და დეკემბერი. სწორედ მარტში, აპრილში, მაისში და დეკემბერში მართებს საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი წინდახედულობის გამოჩენა, რათა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში განვითარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები