LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ირჩევენ ტურისტები აჭარას გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად

აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად მიიჩნევა და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა. სწორედ ამის გამო, რეგიონი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერებს იზიდავს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი აღირიცხება. 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები – სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს მიგრანტი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ინფორმაციას უზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისთვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. 

ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, უკვე წლებია, აჭარის რეგიონს არაერთი უცხოელი სტუმრობს. დანიელი სტინ სოფგაარდი ერთ-ერთია იმ ტურისტებს შორის, რომელიც სახალვაშოს პლატფორმაზე უკვე მეხუთედ ამოვიდა და იშვიათი სახეობის გარეულ ფრინველს აკვირდება.

„უკვე 3 კვირაა, შუამთის პლატფორმაზე ვარ ამოსული და გადამფრენ ფრინველებს ვაკვირდები. მე პროფესიით ბიოლოგი ვარ და ჩემთვის აქ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვება  ძალიან საინტერესოა.  ფაქტობრივად, ეს ჩემი ჰობია. აქ სახალვაშოს საოჯახო სასტუმროში ვარ დაბინავებული,“ – გვითხრა სტინმა.

მისი დაკვირვების დროს 30 სახეობის მტაცებელი ფრინველი გადაფრინდა, განსაკუთრებული ყურადღება კი ევროპულმა კრაზანაჭამიამ მიიქცია. 

ამ სახეობის ფრინველი საინტერესოა თავისი მახასიათებლებით, – კრაზანაჭამიას მეორე სახელი ირაოა. ეს სახელი მარტივი მიზეზის გამო ეწოდა – ფრინველი ერთ დღეში 1700-მდე კრაზანას ჭამს.  

აჭარის რეგიონს ფრინველებზე დასაკვირვებლად მხოლოდ ჰობის დონეზე არ სტუმრობენ. ფინელი აკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას რამდენიმე ადამიანთან ერთად სპეციალურად არასამთავრობო ორგანიზაცია Batumi Raptor Count აქვს შექმნილი და, მისი თქმით, შუამთის პლატფორმის ხაზიდან უკეთ აკვირდება აფრიკისკენ გადამფრენ იშვიათ მტაცებელ ფრინველებს.

„მე აქ ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ვარ. ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ აჭარის რეგიონში და, ცხადია, ვაკვირდებით ფრინველებს. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც დაკვირვება ყველაზე მეტად კომფორტულია. აჭარის რეგიონიდან დაკვირვებისას უკვე წლებია, გარკვეულ გამოცდილებას ვაგროვებთ. 17 აგვისტოდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ვითვლით გადამფრენ ფრინველებს. ამ ფრინველებიდან ყველას სახასიათო დეტალები აქვს, ყველა სხვადასხვა დროს მიფრინავს. ჯერჯერობით რთულია, შევადაროთ გასული წლის მონაცემები წლევანდელს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ფრინველების გადაფრენის სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ჯერჯერობით 1 მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გვყავს აღრიცხული,“ – თქვა აკიმ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი, წლევანდელ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს წარმატებულად აფასებს.

მისი თქმით, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს კომფორტული საცხოვრებელი და დასაკვირვებელი პირობები ჰქონდეთ.

„ფრინველებზე დასაკვირვებლად აჭარის რეგიონში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 2016 წელს 1500-ზე მეტი იყო. ეს ტურისტები ჩვენი პლატფორმების ირგვლივ  ცხოვრობენ. პლატფორმები განთავსებულია სახალვაშოში. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან კონკრეტული შემოსავალი. ადგილობრივი მოსახლეობა, თავის მხრივ, ცდილობს, აჭარიდან ტურისტები კმაყოფილები წავიდნენ. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეთა გადამზადებას. სემინარების, ტრენინგების ჩატარებას იმისთვის, რომ ისინი ტურისტებს კარგად დახვდნენ, რასაც ტურისტების მხრიდან მომავალში დაბრუნება მოჰყვება. ამ კუთხით ამ ფესტივალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა,“ –  გვითხრა სულხან ღლონტმა.

სულხან ღლონტის თქმით, ამ ფესტივალის პერიოდში ჩატარდება კვლევა იმის თაობაზე, თუ რითი არიან დაინტერესებული კონკრეტული მეცნიერები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევის შედეგებს 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ პლატფორმა კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ ტურისტებისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალურად თანამედროვე გახდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა. ერთი სიტყვით, გვინდა, ფეხი ავუწყოთ ტურისტების მოთხოვნებს,“ – დასძინა ღლონტმა.

2012 წლიდან Batumi Bird Festival აჭარაში ყოველ წელს სექტემბერში ტარდება. ფესტივალი ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ რეგიონს ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაცია Batumi Raptor Count-ს ეკუთვნის.

 

 

თათია კაკიაშვილი 

 

 

პოპულალურები