LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითქვა უარი საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობაზე?

56

თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს. თუმცა, დედაქალაქის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს პროექტი წელს საერთოდ აღარ განხორციელდეს.

როგორც ”ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, იმის მიუხედევად, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, პრიორიტეტები შეიცვალა და ამ პროექტისთვის თანხის გამოყოფაზე უარი ითქვა. სამაგიეროდ, უკვე ჩატარდა საზოგადოებრივი ტუალეტების პროექტირების ტენდერი.

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, სავარაუდოდ, წლის განმავლობაში ტენდერი მშენებლობაზეც გამოცხადდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კი კერძო ინვესტორს ოპერირებისთვის გადაეცემა.

”ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით არაფერს ვაპირებთ. თუმცა, შესაძლოა წლის განმავლობაში პროექტის განხორციელება დავიწყოთ. ერთი მხრივ, ეს ძვირი ჯდებოდა და მეორე მხრივ, ოპერირებაში უნდა გადასცემოდა ვინმეს. ვინაიდან, პროექტი უკვე არსებობს, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით მოხდება მისი მშენებლობა და ოპერირება,” – განუცხადეს ”ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებისთვის 4.5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 100 ათასი ლარი თბილისის მასშტაბით ორი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას უნდა მოხმარებოდა. სველი წერტილების მოწყობის გარდა, ბიუჯეტში დამატებითი თანხა – 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობისთვისაც. როგორც საქალქო სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული თანხა საკმაოდ მაღალი იყო და პროექტიც ამიტომ დაკონსერვდა. ამასთან, მათივე განმარტებით, საზოგადოებრივი ტუალეტების ოპერირება კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.

ჯერჯერობით უცნობია, თბილისის რომელ ნაწილშია გათვალისწინებული ტუალეტების მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები