LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს რეპეტიტორები: მასწავლებლები ამას სპეციალურად ცდილობენ

564

რეპეტიტორების ინსტიტუტი მშობლებისთვის იყო და რჩება ზოგ შემთხვევაში საჭიროდ, ზოგ შემთხვევაში კი პოპულარულად. გასულ წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით ყოველი მეოთხე მოსწავლე სარგებლობს ამ სერვისით. რეპეტიტორებთან დადიან არა მარტო დამამათავრებელი, არამედ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც. დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 57% ემზადება დამატებით. საშუალო საფეხურზე 42,6%, საბაზოზე 37,2%, დაწყებითზე კი 15%.

„სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე თვის წინ გააკეთა. მას შემდეგ მას კონკრეტულ გეგმაზე არ უსაბრია.
მასწავლებლების კვალიფიკაცია არაა საკმარისი

თამუნა ლაგაზიძე შვილს სამ საგანში დამატებით ამზადებს და ეს მას თვეში 180 ლარი უჯდება. მისი თქმით, მასწავლებლის კვალიფიკაცია აკმაყოფილებს, მაგრამ მიაჩნია, რომ 45 წუთი ბავშვისთვის ცოდნის მისაცემად საკმარისი დრო არაა, სწორედ ამ მიზეზით დაჰყავს შვილი დამატებით სკოლის იმავე პედაგოგთან.

რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს მარიკა გიორგაძე. მისი თქმით, სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაცია არასაკმარისია, სასწავლო პროგრამა  მოსწავლეზე ორიენტირებული არაა, წიგნები კი ბავშვისთვის არაა აღქმადი.

„ჩემი შვილი მე-7 კლასელია. 160 ლარი მიჯდება რუსული და ინგლისური. მათემატიკაზეც დამყავს, თუმცა უფასოდ. სკოლა გარკვეულ ბაზას იძლევა, თუმცა მიმაჩნია, რომ მაინც სჭირდება დახმარება. ჩემს შვილს ისტორიაში ისეთი პედაგოგი ჰყავს, ახლაც რომ გაუშვა ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებს. მასწავლებლების კვალიფიკაცია დიდი პრობლემაა. მეც მასწავლებელი ვარ, ბიოლოგიაში ვამზადებ ბავშვებს. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩემთან ბავშვებს აბსოლუტურად არაფერი მოაქვთ. 80% არაფრის აზრზე არაა. წიგნები უფრო მასწავლებლისაა, ვიდრე მოსწავლის,“ – აღნიშნა მარიკა გიორგაძემ. და აქვე დასძინა, რომ შესაძლოა, მასწავლებლებიც სპეციალურად ცდილობდნენ, რომ, როგორც რეპეტიტორები, საჭიროები გახდნენ.

ლეილა ასანიძეს, კერძო სკოლაში საფასურის გადახდის მიუხედავად,  დამატებით, ფულის გადახდა რეპეტიტორებში მაინც უწევს.

“ნიკო კერძო სკოლაში სწავლობს. მე-7 კლასშია. თვეში 350 ლარს ვიხდი, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე 2 წელია უცხო ენაში კერძო მასწავლებელთან მაინც ვამეცადინებ. ეს დამატებით თვეში 170 ლარი მიჯდება. ის სკოლა, სადაც დადის, მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ არ ასწავლიან, მაგრამ მომდევნო წლიდან ვაპირებ მათემატიკაშიც მოვამზადო,” – ამბობს ლეილა ასანიძე.

სასკოლო განათლების სტრუქტურა არსწორია

სპეციალისტები ამბობენ, რომ რეპეტიტორების ბუმი განათლების სისტემის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. მათი აზრით, მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემა ნომერ პირველ ადგილზეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სასკოლო განათლების სტრუქტურა არასწორია. იხარჯება ცოტა დრო ბევრ საგანზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებულად ისწავლებოდეს სასკოლო დისციპლინები.


„თითოეულ საგანს ეთმობა ერთი ან ორი საათი და ეს შესწავლის შესაძლებლობას ამცირებს. ასევე, დადასტურებულია, რომ უცხო ენებს სკოლებში ვერ ასწავლიან. სოციალური მხარეცაა და მარკეტინგის მხარეც. რეპეტიტორები დაინტერესებულები არიან იმით, რომ სკოლას ძირი გამოუთხარონ. მაგალითად: მასწავლებლები თავად ეუბნებიან საკუთრ მოსწავლეებს, რომ სკოლაში შეუძლებელია რამის სწავლა, უმჯობესია კერძოდ მოემზადნონ. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ დაბალი ხელფასები აქვთ, არამედ რეგულაციებია ძალიან სუსტი. ეთიკის სტანდარტების დარღვევად არ მიიჩნევა, როცა საკუთარ მოსწავლეებს დამატებით ამზადებ,“ – ამბობს ჯანაშია.

მისივე თქმით, ამ საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დამატებით იმ სერვისების გაჩენა, რასაც სკოლის გარეთ იძენენ მშობლები (სპორტი, დამატებითი გაკვეთილები, სახელოვნებო წრეები, გახანგრძლივებული და ა.შ.).

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები