LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჩივის “ფორტუნა” მარეგულირებელ კომისიას – რას გადაწყვეტს სასამართლო (ვიდეორეპორტაჟი)

მაუწყებლობის 20 წელი, რეიტინგების სათავეში მყოფი 4 რადიოსადგური, გამჭვირვალე მმართველობა  და ბიუჯეტში შეტანილი ათასობით ლარი – ყველა ეს მიზეზი საკმარისი არ აღმოჩნდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კიდევ ერთი რადიოსადგურის ფუნქციონირებისთვის საჭირო სიხშირე არ მიანიჭეს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის არასაკმარისია ბოლო დროს ჩატარებული რადიობაზრის მასშტაბური კვლევაც, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არჩევანს სწორედ რადიოჰოლდინგ ”ფორტუნას” რადიოსადგურებზე აკეთებს.

„ფორტუნა“ არის ლიდერი სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ქმნის  ახალ სტანდარტს რადიო მაუწყებლობის ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს ფორმატულად განსხვავებულ მაღალრეიტინგულ რადიოსადგურებს, რომლებსაც ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს ქვეყნის მასშტაბით. ჰოლდინგის ბაზაზეა მსოფლიო სტანდარტის ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურა, ხმისჩამწერი სტუდია და საერთაშორისო საკონსკულტაციო ჯგუფის მიერ დატრენინგებული მაღალკვალიფიციური პერსონალი. ჰოლდინგი გამოირჩევა მაუწყებლობის ყველაზე ფართო არეალით, რაც ქმნის მის მრავალფეროვან აუდიტორიას. ჰოლდინგის საინფორმაციო სამსახური წლების განმავლობაში ინარჩუნებს სანდოობის მაღალ მაჩვენებელს საინფორმაციო სივრცეში. სწორედ ამიტომ, რადიო ”ფორტუნა” ესაა სახელი, რომელიც 20 წელია, ქმნის სანდოობის, მაღალი რეიტინგის, ლოიალობისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს FM-ზე. ეს გახლავთ ყველასთვის საინტერესო, შემეცნებითი, გასართობი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების ყველაზე ფართო სპექტრი წარმოდგენილი ერთ ტალღაზე.

”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს ის სლოგანია, რომელიც რადიო ”ფორტუნას” და კონკურენტულ გარემოში მრავალწლიანი, დაუღალავი და აქტიური მუშაობის შედეგად მიენიჭა.

ამასთან, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გახდა პირველი მუსიკალურ სივრცეში, რომელმაც შექმნა და ბრენდად აქცია ქვეყნის მთავარი მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელს მეხუთედ ტარდება. ამ მასშტაბურმა პროექტმა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობით, მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

სიხშირის მისაღებად კონკურსზე რადიოჰოლდინგ”ფორტუნას”  ახალი რადიოსადგურის კონცეფცია 20  გადაცემით ჰქონდა წარდგენილი მაშინ,  როცა კონკურენტმა MS გრუპმა ვიწრო პროფილის 7 გადაცემა წარადგინა საკონკურსოდ.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კონკურსზე უპირატესობა “MS გრუპს” მიანიჭა. კომპანიას,  რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩინეთის მოქალაქე ჯია ჰუალინია,  საკონკურსოდ სამედიცინო რადიოს+პოპ მუსიკის კონცეფცია ჰქონდა წარდგენილი. რადიოჰოლდინგის იურისტის განმარტებით, მარეგულირებელმა კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია ჩინეთის მოქალაქის ვინაობა.

„ფორტუნას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომისიამ  არ გაითვალისწინა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მრავალფეროვანი კონცეფცია,  რომელიც, როგორც სამედიცინო თემატიკაზე,  ასევე ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებზე აკეთებდა აქცენტს, რომლითაც ბაზარი არ არის გაჯერებული.

რადიოჰოლდინგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მსმენელის ინტერესს, მოუსმინოს მრავალფეროვან რადიოს ხარისხიანი მუსიკით, მოსამართლე ნათია ბუსკაძე გაითვალისწინებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.