LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება?

52

ავტომობილების ტექდათვალიერების თემა, სამწუხაროდ, საუბარს ვერ გასცდა და ნაბიჯები ამ მიმართულებით არ იდგმება, ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ოგბაიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით,

“დღეს ჩვენს ქალაქში კატასტროფა დააბიჯებს. რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა ფოქსმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ბოლო ადგილს იკავებს ავტომობილის გამონაბოლქვისაგან ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე დაღუპულთა რაოდენობით. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში გამონაბოლქვისაგან 100 ათას ადამიანზე 300 ადამიანი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, საქართველოში მავნე გამონაბოლქვის გამო, 4-5 ათასი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის ინფორმაციით, ყოველწლიურად, ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის შედეგად დაავადებული  9-10 ათასი ადამიანი მიმართავს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. აქ იგულისხმება ახალი მიმართვიანობა და არა უკვე რეგისტრირებული პაციენტები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა ტექდათვალიერებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს არ შეეხოთ ჩვენს შვილებს” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, 4 წელი საკმარისი დროს იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას, ამ მიმართულებით, შეემუშავებინა გარდამავალი ევროპული სტანდარტების მოდელი.

“რა ედგა წინ, შემოგვეღო საწვავის ხარისხის კონტროლი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა საწვავს ვასხამთ? ცნობილია, რომ საწვავი შეიცავს გოგირდს, ტყვიას და სხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებიც უვერაგეს დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, ამ საკითხში ერთვება პოლიტიკური მდგენელი, რომ ვინც გადადებს ტექდათვალიერებას,  ის არის კარგი მთავრობა, ვინც შემოიღებს – ცუდი მთავრობა” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგმა მძღოლმა ავტომობილი არ უნდა მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ ის შავ გამონაბოლქვს უშვებდეს.

“ტექდათვალიერება აშინებთ ისეთ მძღოლებს, როგორც ისეთ მოსწავლეებს, რომლებმაც არ იციან გაკვეთილი და, მოულოდნელად, საკონტროლოს დანიშნავს მასწავლებელი. ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნებს, ეს არის რომ ნათურები არ აბრმავებდეს შემხვედრს, სიარულის დროს არ ძვრებოდეს ბორბალი და ისეთი გამონაბოლქვი არ ჰქონდეს, რომელსაც დავარქმევთ ნამუსიც კარგი საქონელია. ნორმალური ადამიანი, მძღოლი, არ მიუშვებს იქამდე ავტომობილს, რომ გასდიოდეს შავი ბოლი” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტექდათვალიერების ღირებულება 50-დან 100 ლარამდე განისაზღვრება. კორუფციასთან დაკავშირებულ შიშს რაც ეხება, როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამის რისკი არ იქნება, ვინაიდან სახელმწიფომ, მაგალითად, საპატრულო პოლიციისა და საჯარო რეესტრის შემთხვევაში, აჩვენა, რომ კორუფციის შემთხვევები აღარ არის.

“ტექდათვალიერებაზე სამზადისი უკვე უნდა დაწყებულიყო, რათა 2018 წლისათვის მეტნაკლებად გამართული, ევროპული სტანდარტის სისტემა გვქონოდა. ამ პარლამენტმა ეს შანსი გაუშვა და თავი ვერ დაგვამახსოვრა. მომავალ მთავრობას უნდა მივცეთ ასეთი დავალება: კიდევ მოიწამლებიან თუ არა ჩვენი შვილები და შეძლებს თუ არა ამ პრობლემის გადაჭრას” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები