LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უწოდებს გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე საკუთარ წარმოდგენას “სასტიკ თეატრს”

149

მსახიობი ბექა ელბაქიძე ახალი პროექტის ავტორია. 21-22-23 სექტემბერს “ფაბრიკაში” (ნინოშვილის 8) სპექტაკლები გაიმართება. დარბაზი 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

თეატრის მოყვარულები სცენაზე ია სუხიტაშვილს, ეკა ჩხეიძეს, ირაკლი გოგოლაძეს, კახა ჯოხაძეს, ბაჩო ჩაჩიბაიას, კოკო როინიშვილსა და ნინო ბურდულს იხილავენ. სპექტაკლში სპეციალური მოწვევით რუსი მსახიობი ნატალია სიმონოვა მიიღებს მონაწილეობას. მხატვარი ლიზა ჭიჭინაძეა, ხოლო მუსიკა – ნიკა მაჩაიძესა და ტუსია ბერიძეს ეკუთვნით.
ბექა თავადაც ითამაშებს სპექტაკლში და იმედოვნებს, რომ როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათით თავიდან ბოლომდე დაანგრევს ძველ იმიჯს.

“ფაბრიკა არის მულტიკულტურული სივრცე. შეგნებულად გადავწყვიტეთ თეატრის სივრციდან გამოსვლა და ამ ალტერნატიულ სივრცეში პრემიერის გამართვა”, – აღნიშნა ბექამ რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას.

სპექტაკლი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ტერორიზმი, ადამიანის უფლებები, ჰომოფობია, ქალებზე ძალადობა, შიზოფრენია და სუიციდი. სპექტაკლში თავმოყრილია რეალური ისტორიები და ინტერვიუები.

პროექტის თანაავტორია არგენტინელი დრამატურგი და პროდიუსერი ვერონიკა დონელი. ბექას თქმით, ამ ფსიქოსოციალურ კვლევას რვა ქვეყანა უმასპინძლებს, თუმცა საქართველო პირველი იქნება.

ელბაქიძე ნამდვილ აღმოჩენად მიიჩნევს რეჟისორს, გურამ მაცხონაშვილს, რომლის ორიგინალურად გადაწყვეტილი ვერსიის შედეგს მაყურებელი პრემიერის დღეს ნახავს.

პროექტზე მზადება 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა სისრულეში მხოლოდ ახლა მოვიდა.

“სპექტაკლი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ნატურალური და თან პროვოკაციულია. ეს არის სასტიკი თეატრი! მთავარი ისაა რომ, ფსიქოსოციალური კვლევის გარდა ჩვენი მიზანია სოლიდარობისკენ მოწოდება და სიძულვილის ენის ჩახშობა”, – განაცხადა გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძემ.

პროექტი ხორციელდება მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით. სპექტაკლზე დასაწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge-ზე, ბილეთის ფასი 10 ლარია.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები