LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ გვარდება საქართველოში უმუშევრობის პრობლემა – ინტერვიუ გიორგი პაპავასთან

საქართველოში სამუშაო ძალაში მყოფი 2 მილიონი პირიდან 235 ათასი დაუსაქმებელია – “სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა კვლავაც აქტუალურია. სტატისტიკურად, სამსახურს ყველაზე მეტად 15-დან 19 წლამდე ასაკის მოქალაქეები ეძებენ.

ილიაუნის ლექტორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი პაპავა, „ფორტუნას“ იმ მოთხოვნებზე ესაუბრა, რომლებიც  პოტენციურ დამსაქმებლებს პოტენციურ დასაქმებულებთან აქვთ და ამ მოთხოვნა-მიწოდების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

 

  • როგორია საქართველოში დასაქმების დონე?

გიორგი პაპავა: კერძო სექტორში სამუშაო ადგილები საკმაოდ მწირია, ანუ იმ ადამიანების მეოთხედი, რომლებიც სამსახურს ეძებენ ან მუშაობენ, კერძო სექტორში არიან დასაქმებულები ან დასაქმდებიან. სხვა ქვეყნებში, სადაც დასაქმების ბაზარზე შედარებით კარგი სიტუაციაა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. საქართველოში ძალიან ბევრი ე.წ. „თვითდასაქმებული“ ადამიანია. მათი დიდი ნაწილი სოფლადაა და საკუთარი მეურნეობა აქვს და ასე ირჩენს თავს. სტატისტიკის მიხედვით, გამოდის ისე, რომ უმუშევრობის სტატისტიკა მოსახლეობის 12%-ზე მოდის. სინამდვილეში თვითდასაქმებული ადამიანები არ არიან მატერიალურად უზრუნველყოფილები, ანუ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავისი სამუშაოთი ახერხებდნენ საკუთარი თავის რჩენას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება საკმაოდ დაბალია.  NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული ოჯახების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარი ან ამაზე ცოტა უფრო ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების მიხედვით, ქვეყანაში უთანასწორება ძალიან მაღალია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1070 ლარია, მაგრამ თუ განაწილებას გავითვალისწინებთ, ხელფასის სახით მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს 600 ლარი ან ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ ეს საშუალო მაჩვენებელი მომატყუებელია. არიან ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ და, ამავდროულად, არიან ადამიანები, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკურად დასაქმებულ ადამიანს აქვს კარგი ხელფასი.

 

  • რა არის ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

გიორგი პაპავა: ზოგადად, უმუშევრობის გამომწვევი მიზეზები, ჩემი აზრით, ის არის, რომ თვითონ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა არის ძალიან დაბალი, ანუ ბაზარზე არ ხდება პროდუქტიული სამუშაო ძალის მიწოდება და, შესაბამისად, კომპანიებიც თავს იკავებენ ადამიანების დასაქმებისგან. ბიზნესსექტორის მოთხოვნა აცდენილია იმ უნარებს, რომლებიც დასაქმების მსურველებს აქვთ. ეს კი, საბოლოოდ, უმუშევრობის მაღალ დონეს იწვევს.

  • როგორია დაუსაქმებელი ადამიანების ასაკობრივი წილი?

გიორგი პაპავა: 2016 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, ასაკობრივი სეგმენტის მიხედვით, ასე ნაწილდება: ჩვენს ქვეყანაში 15-დან 19 წლამდე ასაკში უმუშევარი ადამიანები 34%-ს შეადგენენ, 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 30%-ია, შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში პროცენტული გადანაწილება მცირდება 16%-დან 12%-მდე. 55 წლის ასაკის ზემოთ უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ამ მონაცემებში თვითდასაქმებულობაც შედის. ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა უთითებს, რომ თვითდასაქმებულები არიან. მიუხედავად ამისა, მათი დიდი ნაწილი აქტიურად ეძებს სამსახურს, შესაბამისად, პოტენციური დასაქმების თვალსაზრისით, მათი აქტიურობა გაცილებით მაღალია. არიან ადამიანები, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან და ცდილობენ, დაქირავებითი სამსახური იპოვონ. ამ ფაქტორების მიუხედავად, უმუშევრობა 15-დან 19 წლამდე ასაკში მაინც ყველაზე მაღალია.

  • განათლების მიმართულებით მინდა, გკითხოთ, სტუდენტები ხშირად განათლებას პრესტიჟული მიმართულებებით იღებენ, თუმცა, მათი ნაწილი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საკუთარი პროფესიით ვერ საქმდება და სამსახურის ძიება სხვა მიმართულებით უწევთ. რამდენად ხშირია მსგავსი პრეცენდენტები ჩვენს ქვეყანაში?

გიორგი პაპავა: ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ, ზოგადად, ბევრი სტუდენტი სწავლობს, მაგალითად, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებაზე, სინამდვილეში დასაქმების ბაზარზე ხშირად მოთხოვნები არის ძალიან კონკრეტული. დამსაქმებლებს სჭირდებათ გარკვეული რაოდენობის პოტენციური დასაქმებულები და მოთხოვნადი უნარ-ჩვევებიც ძალიან კონკრეტულია: კომპიუტერული პროგრამების, ინგლისური ენის ცოდნა და ა.შ. სტუდენტისთვის იმის ილუზიის შექმნა, რომ პირობითად, როცა ის ბიზნესის ფაკულტეტს დაამთავრებს, ავტომატურად მენეჯერი გახდება, ეს რეალობისგან მოწყვეტილი ამბიციაა. ამ მხრივ, ნაწილობრივ უნივერსიტეტებმაც მეტი უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ სტუდენტებს ადეკვატური მოლოდინები ჰქონდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კერძო სექტორსა და უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტები ახერხებენ, სტუდენტებს ის უნარ-ჩვევები მისცენ, რომლებიც რეალურად ბიზნესსექტორისთვისაა გამოსაყენებელი.

  • რა მდგომარეობაა პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების კუთხით?

გიორგი პაპავა: აღსანიშნავია, რომ ბევრი სამუშაო ადგილი მოითხოვს რაღაც ძალიან კონკრეტული პროფესიის ცოდნას. სამწუხაროდ, ძველი პერიოდიდან გადმოყოლებულია შეხედულება, რომ საქართველოში ყველას უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეს დამთავრებული, ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლება ნაკლებად პრესტიჟულია. ამ დროს კერძო სექტორი პოტენციური დასაქმებულისგან ძალიან კონკრეტულ უნარ-ჩვევებს ითხოვს. საკმაოდ ლიმიტირებულია სამუშაო მოთხოვნაც, ეს ყველაფერი კი უფრო მეტად უშლის ხელს სტუდენტების დასაქმებას სპეციალობით და იმ პოზიციებზე, რომლებზეც თავად აქვთ ამბიცია, რომ დასაქმებული იყვნენ.

  • როგორ ფიქრობთ, დამსაქმებელი რამდენად ანიჭებს უპირატესობას პოტენციური დასაქმებულის განათლების დონეს? ვგულისხმობ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტის ხარისხს. დასაქმების შემთხვევაში, აქვს თუ არა დიპლომს გადამწყვეტი მნიშვნელობა?

გიორგი პაპავა: გადამწყვეტი მნიშვნელობა, ალბათ, არა აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ უნარებს, რომელთა განვითარებაც სტუდენტმა მოახერხა. რეკომენდაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. თვითონ უნივერსიტეტების ფუნქცია არის ის, რომ როცა სტუდენტი სწავლას დაასრულებს, ეს პოტენციურ დამსაქმებელს რაღაც სიგნალს უნდა აძლევდეს, როგორი შეიძლება, სტუდენტი იყოს. ისეთი უნივერსიტეტები, რომლებზეც შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ, თუ ადამიანმა ეს უნივერსიტეტი დაამთავრა, მას რაღაც კონკრეტული უნარები აქვს, საქართველოში ძალიან ცოტაა. მხოლოდ ის, რომ რომელიღაცა უნივერსიტეტი დაამთავრე, საკმარისი არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც თავიანთი უნივერსიტეტების რეიტინგში საკმაოდ მაღლა დგანან, ამ ინფორმაციის დამსაქმებლებამდე მიტანას უფრო ახერხებენ. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომს. მაგისტრატურის შემთხვევაში არის კონკრეტული სამაგისტრო პროგრამები, მაგალითად, ISET-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, რომლის კურსდამთავრებულების უმეტესობა დღეს რეალურად დასაქმებულია, ძირითადად, საჯარო სექტორში. ამ სკოლის დამთავრებულების შესახებ სამუშაო ბაზარზე იციან, კურსდამთღავრებულები გარკვეულ უნარებს ფლობენ, შესაბამისად, იმ დამსაქმებლისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ უნარებს ითხოვს, ასეთი დიპლომი უკვე რაღაცის მთქმელია.

 

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები