LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ შორდებოდნენ ფშავში ქმრები ცოლებს ღალატის გამო

317

ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს ქართველი ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას ნაშრომიდან „ფშავური წაწლობა და ხევსურული-სწორფორბა“, რომელიც 1925 წელს დაწერა. როგორც ლევან ღამბაშიძე აღნიშნავს, კითხვაზე, რომელიც დღეს ხშირად ისმის – რატომ ეპატიება კაცს ის, რაც ქალს არ ეპატიება, პასუხი არც ისე მარტივი გასაცემია.

გთავაზობთ ლევან ღამბაშიძის პოსტს:

„ხშირად ისმის ხოლმე დღეს შეკითხვა, თუ რატომ ეპატიება კაცს ის, რაც ქალს არ ეპატიება. პასუხად მარტივად „სიბნელს“ და „გრუზინობას“ ასახელებენ. ასე მარტივადაც არ არის საქმე.

მაკალათია აღწერს ფშავში და ხევსურეთში გავრცელებულ წაწლობის და სწორფრობის ტრადიციას, სადაც სურათი დღევანდელის ამოტრიალებული ვერსიაა, რაც ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას გვაძლევს. ქალია „ოჯახის მარჩენალი“ და ამიტომ მას აქვს მეტი სექსუალური (და ალბათ სხვა ტიპის) თავისუფლება. ქალისგან მიტოვებული კაცია “ნამუსახდილი” , ქალს ჰყავს საყვარლები და ა.შ.

საინტერესოა, ამ კულტურას რომ გაემარჯვა ჩვენს ტერიტორიაზე, დღეს რა ყოფა გვექნებოდა:

„რადგანაც ფშავში მრავალწაწლობაა გავრცელებული, მაგალითად, ზოგს ხუთი ჰყავს, ზოგს ათი და ზოგი ოცობით ითვლის, ამიტომ მათ შორის ქიშპობა და შეცილება ხშირი მოვლენაა, მაგრამ ნადობები ამ გვარ შემთხვევებს თავიდან ადვილად იცილებენ, რადგანაც ისინი სახლში ერთის მეტს არ უშვებენ…

ფშაველი ქალი წაწლობას ისეა მიჩვეული და მასში გაწაფული, რომ გათხოვების შემდეგაც მას ვერ იშლის, რაც ქმრის ოჯახში დიდ უსიამოვნებას იწვევს, რადგანაც ზოგი ქმარი თავის ცოლს წაწლობის ნებას არ აძლევს და თუ ვინმესთან მოასწრო, ცოლის სასჯელს საზღვარი არ ექნება.

ამიტომ ფშავში ამ ნიადაგზე ცოლ-ქმრის გაყრა მეტად ხშირია, მაგრამ რადგანაც ფშაველის ოჯახის ეკონომიური კეთილდღეობა მხოლოდ ქალზეა დამყარებული და ცოლის გაქცევით, ან გაყრით ოჯახი ქვეითდება და იშლება – ქმრები უმეტეს შემთხვევაში იძულებულნი არიან, შეურიგდნენ თავიანთ ცოლების ამგვარ მოთხოვნილებებს და ორივე მხარე წაწლობენ.

ხშირად არის ხოლმე, რომ ცოლი თავის ქმარს სხვა ქალთან აწაწლებს, თვითონ კი სხვასთან წვება. ამ შემთხვევაში ქმრებს ის გარემოებაც აკავებს, რომ ფშავში ცოლის გაქცევა დიდი სირცხვილია ვაჟკაცისთვის და ცოლგაყრილ მამაკაცზე იშვიათად თუ ვინმე გათხოვდება“.

სერგი მაკალათია, „ფშავური წაწლობა და ხევსურული-სწორფორბა”, 1925 წ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები