LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია – არჩილ თალაკვაძე სირიის გადაწყვეტილებაზე

67

„რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია. ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ  სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის. ჩვენს გულებში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გულებში ერთი სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თანამედროვე სამყაროში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

„ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და დემოკრატული მმართველობა, შეიძლება იყოს მიდგომა, რომელიც ყველა საერთაშორისო პრინციპს, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ დოგმატურ მიდგომებს არღვევს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

“ჩვენ, ასადის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსად სამხედრო მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებთ, ამიტომ, არა მგონია, სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საქართველოს დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში სირიის არმონაწილეობა არის მოცემულობა საგარეო პოლიტიკაში, როცა რუსეთი და სირია არის მოკავშირე და სირიას რუსეთის მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს.

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა.

„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები