LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დარჩა

82

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევნდელი სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას გააცნო.

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

2017 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტია. თუმცა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის.

ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. საგარეო მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღება, ასევე კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ყოველივე ეს აისახება საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები