LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

76

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 21-30 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები.

ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: სამი ირანული დასი – „დიმაკ თეატრალური ჯგუფი“, „ხმა სიჩუმე, მოძრაობა“, „კრეატიული თეატრალური კომპანია“, პოლონეთის ქალაქ შცეცინის თეატრალური კომპანია „ნიემა“, ხარკოვის თეატრალური დასი, უკრაინის დასი – „პუბლიცისტი“ და თეატრი „ესკიზები სივრცეში“ რუსეთიდან. ფესტივალს ასევე, დაესწრება სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორატი (მოლდოვა, ბელორუსია, სომხეთი, ესპანეთი, ირლანდია, პოლონეთი, ისრაელი, იტალია, სერბეთი).

დაგეგმილია რეგიონული თეატრების შოუ-ქეისის ჩატარება, რომლის მიზანია ქართული თეატრების წარმომადგენლებმა შეიძინონ საერთაშორისო კონტაქტები და მიეცეთ შანსი, მოხვდნენ ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე. რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ასევე, გაიმართება ვორქ-შოპები და მასტერკლასები. ერთ-ერთ მასტერკლასს ირანელ ახალგაზრდა მსახიობებს ჩაუტარებს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე; დაგეგმილია საერთაშორისო თეატრალური სემინარი „თეატრის მართვა და თანამედროვეობა“, რომლის ორგანიზატორები არიან კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი, მოძრაობა ევროპის სულისთვის და ფონდი კავკასია.

ფესტივალი 30 ივლისს, სპეციალური პერფორმანსით დაიხურება, რომელსაც იტალიიდან მოწვეული მსახიობი და რეჟისორი კლაუდიო დი მალიო დადგამს. დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული რეგიონული თეატრების მსახიობები.

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები