LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობა აგიტაციაში – სადავო ჩანაწერი “საარჩევნო კოდექსში” 

„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, პასიური საარჩევნო უფლება აქვს,“ –  ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, პოზიცია ხულოში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად მოქმედი იმამის წარდგენასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია იმამის, ავთანდილ გაბაიძის, წარდგენის შესახებ “რუსთავი2”-მა გაავრცელა. ტელეკომპანიასთან  ავთანდილ გაბაიძე ამბობს, რომ მრევლის მხარდაჭერის იმედი აქვს და არც იმას მალავს, რომ ადგილობრივებში ავტორიტეტით სარგებლობს.

მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლობაც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი კანდიდატის ავტორიტეტი და გავლენაა.  

თამარ ჟვანიას განცხადება, რელიგიური მრწამსის მიუხედავად პასიურ საარჩევნო უფლებაზე, არსებითად სწორია, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ის გარემოებაა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი სასულიერო პირია.

ხომ არ იქმნება, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსის დარღვევის რისკები და ხომ არ არღვევს ამ ნაბიჯით მმართველი პარტია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს,  „ფორტუნამ“ ამ კითხვებით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართა, რაზეც, ზემოთ აღნიშნული პასუხი მივიღეთ. თამარ ჟვანიამ ასევე დასძინა, რომ “ეს არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობას და ადამიანების საარჩევნო უფლებას”.

ცესკო-ს მსგავსად არ ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასულიერო პირის  არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების გამიჯვნასთან დაკავშირებით ქმნის რისკებს და კანდიდატი, რომელიც სასულიერო პირია და წარდგენილია არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამ რისკის მატარებელია.

საარჩევნო კოდექსის თანახმად,  რელიგიური ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო აგიტაციაში აკრძალულია. (საარჩევნო კოდექსი, მე-6 თავი, 45-ე მუხლი, მე-4 პუნქტის ზ ქვეპუნქტი).  

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტის, ნინო რიჟამაძის, თქმით, სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკაა, რომ, თუ უშუალოდ რელიგიური ორგანიზაციის, ეკლესიის სახელით საუბრის მქონე უფლებამოსილი პირი არ ახორციელებს აგიტაციას, ცესკო მას დარღვევად არ მიიჩნევს.

 „მაგალითად, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი მონაწილეობს წინასაარჩევნო აგიტაციაში, ცესკო-ს შეფასებით, ეს დარღვევა არაა. ისინი განმარტავენ, რომ დარღვევა იქნებოდა, თუ რომელიმე ქორეპისკოპოსი ან თავად პატრიარქი იქნებოდა ჩართული აგიტაციაში,“ – განმარტავს ნინო რიჟამაძე.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის არჩევნებში მონაწილეობით, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ირღვევა და მის მიერ რელიგიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების რისკი ჩნდება.

„უშუალოდ სასულიერო პირის არჩევნებში მოანაწილეობა კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ მას არ აქვს უფლება, რომ რომელიმე კანდიდატს ან პარტიას დაუჭიროს მხარი. ეს ჩანაწერი, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს ეკრძალებათ კამპანიაში მონაწილეობა, გამოდის რომ ფორმალურია და ვერასოდეს სასულიერო პირების მიერ ამ დარღვევას ვერ დავაფიქსირებთ,“ – აცხადებს ნინო რიჟამაძე.

ნინო რიჟამაძე ამ კუთხით წინა არჩევნებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ იყო ფაქტები, როცა სასულიერო პირები ეწეოდნენ აგიტაციას, თუმცა, ცესკო-მ ეს დარღვევად არ ჩათვალა. 

 „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ არსებული ჩანაწერი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევებში დარღვევა დადგინდეს, თუმცა, ცესკო კოდექსის ამ მუხლს სხვაგვარად განმარტავს.

„ გვახსოვს ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგება, რომელიც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა 2014 წელს. კანონის მიხედვით, ეს ცალსახად დარღვევაა. თუმცა, ცესკო-ში დაადგინეს, რომ ეს არ იყო დარღვევა იაკობის მხრიდან, რადგან მისი ქადაგება არ ჩაითვალა მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით საუბრად, ვინაიდან ამის უფლებამოსილება მხოლოდ პატრიარქს აქვს (ასეთი იყო ცესკოს პოზიცია). ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებამ წაახალისა სასულიერო პირების ჩართვა ამ კამპანიაში,“ -ამბობს ნინო რიჟამაძე.

ნინო რიჟამაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ამ ჩანაწერთან დაკავშირებით  რამდენჯერმე ჰქონდათ რეკომენდაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავაც მუშაობემ. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნება დაზუსტდეს იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

 

თაკო ივანიაძე