LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეტრო საქართველომ ბარბაროსებს სძლია და წყნარი ოკეანისკენ იღებს გეზს (ვიდეო)

71

წყნარი ოკეანის კუნძულებზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ „ფრანგი ბარბაროსები“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 16:15 დაამარცხეს.

ეს იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი და საქართველომ სპეციალური, რეტროს სტილში შესრულებული მაისურებით ითამაშა.

„დინამო არენაზე“ 30 ათასი ქომაგი შეიკრიბა, რომლებმაც დაძაბული, ლამაზი ეპიზოდებით დახუნძლული შეხვედრა იხილა.

სასიამოვნოა, რომ ტრიბუნაზე მრავლად მისულმა გულშემატკივარმა, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ბორჯღალოსნებთან ერთად შეასრულა, რაც ბოლო დროს ერთგვარ ტრადიციად ყალიბდება.

სტუმრებმა თამაში მაღალ ტემპში, „ბარბაროსულად“ დაიწყეს და საწყის 15 წუთში დაცვაში თამაში გვაიძულეს. მეტოქე ხელდახელ ცდილობდა ჩვენი დაცვის ზღუდის გარღვევას, თუმცა ბორჯღალოსნებმა მათ ტემპს ალღო აუღეს და საიმედო დაცვით ფრანგები ჩვენს ლელოს არ გააკარეს.

რადგან თამაში არაოფიციალური იყო, მილტონ ჰეიგმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა და მეტოქესთან შეთანხმებით, განაცხადში 25 მოთამაშე შეიყვანა.

 

https://www.youtube.com/watch?v=4v7psGxDra0

 

ახლა ბორჯღალოსნები „წყნარი ოკეანის თასზე“ ტონგასა (9 ივნისი) და ფიჯისთან (16 ივნისი), ასევე იაპონიასთან (23 ივნისი) ტესტ-მატჩის გასამართად მიემგზავრებიან და მილტონ ჰეიგი მიიჩნევს, რომ ეს თამაში ოფიციალური შეხვედრების წინ დიდ დახმარებას გაუწევს:

„ამ შეხვედრაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ჩავრთეთ და მივეცით იმის საშუალება, რომ თავი გამოეჩინათ. ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი იყო. გახარებული ვართ, რომ მოვიგეთ. „ფრანგი ბარბაროსები“ ძლიერი გუნდია და მათ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჩამოიყვანეს. დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა, თუმცა, საერთო ჯამში, ნამდვილად კარგი მოსამზადებელი შეხვედრა გამოვიდა.

ახალგაზრდებით კმაყოფილი ვარ და მათი უმეტესობა წყნარი ოკეანის ტურნეზე მიგვყავს. ახლა ექიმთა შტაბი ამოწმებს, ვინმეს ტრავმა ხომ არ აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ისე კი, ცუცქირიძემ, თეთრაშვილმა, მელიქიძემა და გიორგაძემ დამაჯერებლად ითამაშეს.

ისეთი მატჩი არ გამოვიდა, სადაც ნაკრების ღერძს თავის სრულად წარმოჩენის შანსი ექნებოდა. 9 და 10 ნომრებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და იგივე ჯინჭველაშვილს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა.

მჭედლიძის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. მას ნაკრებში დაახლოებით 1 წელია არ უთამაშია და ჩვენს ახალ სქემებთან ადაპტაცია მოახერხა. მჯერა, რომ თაზო სამომავლოდ თავისი ენერგიით და კარგი ფიზიკური მომზადებით შუამარბის პოზიციაზე სარგებელს მოგვიტანს“.

31 მაისი. თბილისი. დინამო არენა. 30 000

საქართველო – ფრანგი ბარბაროსები 16:15

ბექები: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. სოსო მათიაშვილი, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ანზორ სიჭინავა, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. გიორგი ნემსაძე (კაპ.), 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. გურამ შენგელია, 8. მიხეილ გაჩეჩილაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20 შალვა სუთიაშვილი, 24. საბა შუბითიძე; 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. სანდრო თოდუა, 25. ბექა წიკლაური.

2 ლელო: მათიაშვილი, თოდუა

2 ჯარიმა: მათიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები