LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეტროს სტილში გადაღებული 15 საუკეთესო ფილმი

„ცხრა“ (Nine, 2009) – ამერიკული მიუზიკლი ცნობილი რეჟისორის გვიდო კონტინის შემოქმედებით კრიზისზე, 1963 წელს გადაღებული ფედერიკო ფელინის „რვანახევრის“ რემეიქია დენიელ დეი-ლუისის და ბრწყინვალე ქალბატონების მარიონ კოტიარის, პენელოპა კრუსის, ნიკოლ კიდმანისა და სოფი ლორენის მონაწილეობით.

„უსახელო ნაბიჭვრები“ (Inglourious Basterds, 2009) – კვენტინ ტარანტინოს სათავგადასავლო დრამას ამერიკული და ევროპული კინოს ვარსკვლავების მონაწილეობით, მაყურებელი მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ევროპაში გადაჰყავს. ფილმმა, რომელმაც 322 მლნ. დოლარი მოაგროვა გაქირავებაში და ოსკარის რვაგზის ნომინანტი გახდა, ტარანტინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

„ცვლილებების გზა“ (Revolutionary Road, 2008) – ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის რომანტიკული წყვილი მეორედ სწორედ სემ მენდესის ფილმის გადაღებებზე შეხვდა ერთმაეთს. დრამა, რომელიც მაყურებელს 1950-იან წლებში ნიუ-იორკის გარეუბანში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოუთხრობს, რიჩარდ იეიტსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა.

„აკრძალული სიყვარული“ (The Edge of Love, 2008) – ბიოგრაფიულ დრამაში მთავარი როლები კირა ნაიტლიმ, სიენა მილერმა, კილიან მერფიმ და მეტიუ  რისმა შეასრულეს, სცენარი კი, ნაიტლის დედამ შერმან მაკდონალდმა დაწერა. ცნობილი ბრიტანელი პოეტის დილან ტომასის სიყვარულის ისტორია, რთული ურთიერთობა მეუღლესა და მეგობრებთან, რეჟისორმა ჯონ მეიბერიმ 1940-იანი წლების ინგლისის ფონზე ასახა.

„გრძნობების აღზრდა“ (An Education, 2009) – ლონე შერფინგის მელოდრამას ბრიტანელი ჟურნალისტის ლინ ბარბერის ავტობიოგრაფიული მემუარები დაედო საფუძვლად. „ოსკარის“ სამგზის ნომინანტ ფილმში მთავარი როლები კერი მალიგანმა და პიტერ სარსგაარდმა შეასრულეს, რომლებიც ბრწყინვალედ მოერგნენ 1960-იანი წლების ინგლისის ატმოსფეროს.

„სტეპფორდის მეუღლეები“ (The Stepford Wives, 2004) – ფრენკ ოზის შავი კომედია ერთდროულად აირა ლევინის წიგნის ეკრანიზაცია და 1975 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რემეიქია, რომელიც მაყურებელს პატარა ქალაქის სტეპფორდის ბინადრებსა და მათ საიდუმლოებებზე მოუთხრობს.

„რვა ქალი“ (8 femmes, 2001) – ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვის“ მფლობელი კომედია კატრინ დენევის, იზაბელ იუპერის, ფანი არდანისა და ფრანგული კინოს სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით, რობერ ტომასის ამავე სახელწოდების პიესის თავისუფალი ეკრანიზაციაა, რომელიც ფრანსუა ოზონმა 1950-იანი წლების საფრანგეთის პატარა ქალაქში გადაიტანა.

„ჩვენ. გვჯერა სიყვარულის“ (W.E., 2011) – ბრიტანეთის მონარქის ედუარდ მერვესა და ამერიკელი უოლის სიმპსონის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის დროზე მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მადონას მეორე რეჟისორული ნამუშევარია, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

„წყალი სპილოებს!“ (Water for Elephants, 2011) – სარა გრუენის ბესტსელერის მიხედვით შექმნილი ფრენსის ლოურენსის მელოდრამა, „დიდი დეპრესიის“ წლებში პოპულარულ  საცირკო შოუზე Benzini Brothers, ახალგაზრდა ვეტერინარის ჯეიკობისა და ცირკის მსახიობის მარლენის აკრძალულ სიყვარულზეა.

„მოსამსახურე ქალი“ (The Help, 2011) – ტეიტ ტეილორის დრამა კეტრინ სტოკეტის რომანის ეკრანიზაციაა, რომლის მოქმედება 1960-იანი წლების მისისიპიში, შავკანიანთა უფლებებისთვის აქტიური ბრძოლის პერიოდში ვითარდება.

„თავი ღრუბლებში“ (Head in the Clouds, 2003) – ჯონ დაიგანის მელოდრამაში შარლიზ ტერონისა და პენელოპა კრუსის მონაწილეობით, სასიყვარულო სამკუთხედი 1930-იანი წლების ევროპაში ვითარდება.

„ოცნების გოგონა“ (Dreamgirls, 2006) – მუსიკალური დრამა ბილ კონდონმა ამავე სახელწოდების მიუზიკლის მოტივებზე გადაიღო და 1960-1970-იან წლებში პოპულარულ ტრიოს The Supremes მიუძღვნა. ფილმი, რომელშიც ჯენიფერ ჰადსონის დებიუტი შედგა, აფროამერიკელი მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ ყველაზე ძვირადღირებულ ამერიკულ ფილმად ითვლება.

„ჰიჩკოკი“ (Hitchcock, 2012) – სტივენ რებელოს წიგნის მიხედვით გადაღებული ბაიოპიკი ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით, ცნობილი რეჟისორისა და მისი მეუღლის ალმა რევილის ურთიერთობაზეა, რომელიც განსაკუთრებით ტრილერის „ფსიქო“ გადაღებების დროს დაიძაბა.

 

„სორაია“ (Soraya, 2003) – ლოდოვიკო გასპარინის დრამა ირანის შახის მოჰამედ პეხლევის ისტორიაა, რომელსაც ფოტოზე ერთი ნახვით შეუყვარდა ულამაზესი სორაია ბახტიარი, თუმცა 1950-იან წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

„დიდი გეტსბი“ (The Great Gatsby, 2013) – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის მიხედვით, 3D-ფორმატში გადაღებული ფილმში მთავარი როლები ლეონარდო დი კაპრიომ, კერი მალიგანმა და ტობი მაგუაირმა შეასრულეს მართალია ბაზ ლურმანის დრამა არაერთგვაროვნად შეაფასა ამერიკულმა კინოპრესამ, თუმცა ფილმმა უამრავი პრიზი, მათ შორის „ოსკარის“ ორი პრემია დაიმსახურა საუკეთესო კოსტიუმებისა და დეკორაციების ნომინაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები