LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზერვის შექმნის მორიგი მცდელობა – რისთვის იქმნება ახალი რეზერვი და რამდენად შესრულებადია

თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარეზერვო სისტემის შემოღების პირველი მცდელობა არ არის და წინა ხელისუფლების პერიოდში მასშტაბური რეფორმაც გატარდა, აღმოჩნდა, რომ სისტემა სრულიად გადახალისებას საჭიროებს. ძველი სისტემის სრულად თუ ნაწილობრივ შეცვლას რამდენიმე წელი დასჭირდა. თუმცა, ახალ სისტემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც არსებობს, თუ რამდენად არის გათვლილი და მორგებული ქვეყნისთვის საჭირო რეალობასთან და რაც მთავარია, რამდენად მოხდება მისი იმპლიმენტაცია.

 

რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

კონცეფციის მიხედვით, რეზერვში ყოფნის პარალელურად, მოქალაქეები სამოქალაქო საქმიანობას არ მოწყდებიან. ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი – აქტიური და სამობილიზაციო.

კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, კონტრაქტი 5 წლამდე ვადით გაფორმდება, ხოლო 5-წლიანი პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაითვლება. გაწვევის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. 

რეზერვის მეორე ტიპი – სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას შეიარაღებული ძალების საჭიროებები განსაზღვრავს.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განმარტებით, აქტიური რეზერვი, ძირითადად,  იმ სამხედრო მომსახურეებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც კონტრაქტით სამხედრო სამსახური შეიარაღებულ ძალებში ამოწურეს. ასევე, აქტიური რეზერვის წყარო სხვა დაწესებულებების, კერძოდ, შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებული სტრუქტურის მოსამსახურეები იქნებიან, რომლებმაც ასევე, ამოწურეს თავიანთი საქმიანობა.

„ის, ვინც კონტრაქტით სამსახურს ამოწურავს ან პენსიაზე გავა, შესაძლებლობა ექნება,  აქტიურ რეზერვში გააგრძელოს ქვეყნისთვის სამსახური, მიიღოს ამისთვის ანაზღაურება.  ეს იქნება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვე და იმ პერიოდში, როცა ის იქნება გამოძახებული, წელიწადში 45  დღე, სარგოს 100%-ს მიიღებს. ბუნებრივია, ამ დაფინანსებით დიდი მოტივაცია ექნება, ასევე, შესაძლებლობა – პარალელურად განახორციელოს სხვა საქმიანობაც. ასე რომ, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც აკმაყოფილებს გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია, თავის ქვეყანას კვლავ ემსახუროს და ამისთვის გასამრჯელო მიიღოს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ. 

მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ოპტიმალურად განხორციელება იქნება. მისივე თქმით, ის, ძირითადად,  კონკრეტულ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებით დაკომპლექტდება.

სამობილიზაციო რეზერვისთვის მოქალაქეების შესარჩევად, ასევე გათვალისწინებული იქნება გარკვეული კრიტერიუმები. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სპეციალურად ამისთვის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება.

 

„თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს”

ახალი სისტემის სრული კონცეფცია  წერილობითი სახით მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტი პარლამენტში შევა. თუმცა, მანამდე დეტალებზე განმარტებები თავად მინისტრმა გააკეთა, რაზეც ზემოთ უკვე  ვსაუბრობდით. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები და სპეციალისტები უკვე რამდენიმე პრობლემაზე  საუბრობენ. მათ შორის მთავარი აქცენტი საჭირო ფინანსებსა და ადამიანურ რესურსებზე კეთდება.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ პრეზიდენტი, ექსპერტი თავდაცვის საკითხებში, დავით სიხარულიძე, კონცეფციის შეფასებისას ამბობს, რომ ახალი ნამდვილად არ არის და ამ მიდგომას დადებითად აფასებს. თუმცა, სიხარულიძეს კითხვები იმ რესურსზეც აქვს, რაც თავდაცვის სამინისტროს არსებული კონცეფციის იმპლემენტაციისთვის დასჭირდება. საუბარია, როგორც ფინანსურ, ასევე საგანმანათლებლო რესურსზე. 

„იმედი მაქვს, რომ ეს კონცეფცია ძალიან დეტალებშია გათვლილი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობდეს ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერა. ის დაფინანსება, რომელიც დღეს საქართველოს თავდაცვას აქვს  მოქმედი პროფესიული რესურსისთვის, მე ვფიქრობ, რომ ახალი კონცეფციისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, რა დაჯდება ასეთი რეზერვის შექმნა და მისი შენახვა. ასევე, იქნება თუ არა გამოყოფილი დამატებით თანხა და სხვა საჭირო რესურსი. გარდა ფინანსური რესურსისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ფაქტორიც. სამხედრო განათლება მაქვს მხედველობაში, რომელიც, შესაბამისად ამ კადრებს მოამზადებს. ასევე, საგულისხმოა მუდმივი ოპერატიული კადრები იმისათვის, რომ მათი დონე შენარჩუნდეს. ამ ყველაფერს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დასჭირდება,“  – განუცხადა „ფორტუნას“ დავით სიხარულიძემ.

თავდაცვის საკითხებში კიდევ ერთ ექსპერტის, ზურა აგლაძის, თქმით, საქართველოში დოკუმენტები საკმაოდ კარგად იწერება, თუმცა მისი იმპლემენტაციის პრობლემა გვაქვს.

აგლაძეც ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია, როგორ გამოიძებნება ფინანსები.

„მნიშვნელობა არ აქვს, 100 000-იან კონცეფციაზე ვისაუბრებთ თუ რაზე, მთავარია, თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს ფინანსური და ადამიანური რესურსი და ამის განხორციელება პატარა მასშტაბებიდან დაიწყოს და გაიზარდოს, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ექნება დაფინანსება. ამ ეტაპზე, ჩემთვის არ არის ცნობილი, რამდენი იქნება რეზერვის დაფინანსება 2018 წელს. თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს,” – განაცხადა ზურა აგლაძემ.

 

რისთვის კეთდება ახალი რეზერვი  

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კი, რომელიც ახალი კონცეფციის შექმნის საჭიროებას ეხება, თუ რისთვის იქმნება ახალი რეზერვი, ოპოზიცია საუბრობს.  მათი თქმით, პირველ რიგში  ძველი  სისტემის გაანალიზება, ხარვეზების და დადებითი ასპექტების გამოყოფა უნდა მომხდარიყო და რაც მთავარია, განსაზღვრულიყო  საჭიროება.  ასევე მიუთითებენ  საერთაშორისო გამოცდილების და  სპეციალისტების აზრის გათვალისწინების  აუცილებლობას.     

ახალ კონცეფციას ოპოზიციის ნაწილი კრიტიკულად უყურებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სპეციალისტი, კოტე იოსელიანი, ხაზგასმით ამბობს, რომ მთავარია, კონცეფცია ქართულ რეალობაზე იყოს მორგებული და ის რეალური საფრთხეები და გამოწვევები ასახოს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე დგას.

იოსელიანის თქმით, სარეზერვო სამსახურის როლი სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს გადაწყვეტილებას იღებს, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს მისი თანამდებობის წინაშე მდგარ მოთხოვნებს. დილეტანტიზმი, არცოდნა და ზედაპირულობა, ზოგადად, „ქართული ოცნების“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია. ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ეს ნიშან-თვისება შეიარაღებული ძალების ისეთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში გადაიზრდება, რაც სარეზერვო სამსახურია. კარგი იქნება, თუ მოიწვევენ ისეთი გამოცდილების მქონე ქვეყნების სარეზერვო სამსახურში ჩართულ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად, ისრაელი, შვეიცარია, ფინეთი. მათი გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს რეალობაზე ადაპტირების შემდეგ, მოხდება ახალი კონცეფციის დანერგვაც, განვითარებაც და შემდგომში, თუ საჭირო იქნება, ცვლილებების შეტანაც,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

 

თათია კაკიაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები