LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რიქსოს თბილისის” საპრეზიდენტო ნომერი 5 000 დოლარი ეღირება

69

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ”რიქსოს თბილისის” ცენტრალური ნაწილი თბილისში მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე იციკ მოშეს ინფორმაციით, წლის ბოლოს სასტუმროს ე.წ. Soft offer-ი ექნება, რის შემდეგაც, დაახლოებით სამ თვეში, დანარჩენი ნაწილიც გაიხსნება.

მისი თქმით, სასტუმროში ყველაზე ძვირადღირებული, 500 კვადრატული მეტრის ფართობის საპრეზიდენტო ნომერი 5 000 დოლარი ეღირება, ქვედა ზღვარი კი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

იციკ მოშეს თქმით, შიდა დიზაინთან და ელექტრო მექანიკასთან დაკავშირებული ტენდერი, რომელშიც 30 კომპანია მონაწილეობდა უკვე დასრულებულია, გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ამ სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

მისი თქმით, ეს ურთულესი პროექტია, რადგან ამ დონის ფასადი, ხშირ შემთხვევაში, ევროპაშიც კი არ კეთდება.

”რიქსოსის სახით, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასტუმრო შეემატება. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ახალი სტანდარტი შემოვიტანოთ. მშენებლობისას ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება. ყველა მასალა უცხოეთიდან ჩამოდის და მუშაობაში უცხოელი დიზაინერები და არქიტექტორები არიან ჩართულები”, – განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე თქმით, 1 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ფოიეს ცენტრში მხოლოდ როიალი დაიდგმება, მის ზემოთ კი 22 მეტრიანი ჭაღი იქნება განთავსებული, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.

გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე „რიქსოს თბილისში“, 150 ნომერი იქნება. მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება საცურაო აუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“ და 5 საკონფერენციო დარბაზი.

პრექტის ღირებულება 45 მილიონი დოლარია და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქ 200 ადამიანი დასაქმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები