LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი გარანტია მიიღო ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ მფლობელისგან – „დღეს ძალიან ხალისიანი ვარ…“

116

ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ გენერალური პროდიუსერი გახდა. იანვრიდან ახალ საინტერესო გადაცემებს გვპირდება, მათ შორის იქნება მისი ახალი თოქ-შოუც, რომლის ფორმატი და სახელიც ჯერჯერობით მოფიქრებული არ აქვს.

ინგა გრიგოლია ახალ სამსახურში დღეს მივიდა და fortuna.ge-ს შეკითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა.

ინგა გრიგოლია:

როდესაც „იმედზე“ გადაცემები დაიხურა, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. რამდენიმე წინადადება მაშინვე მივიღე, თუმცა ვთქვი, რომ ცოტა ხანს პაუზა მჭირდებოდა. მათ შორის ერთ-ერთი შემოთავაზება უკავშირდებოდა „ტვ პირველს“.

ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ყველაფრის ნულიდან დაწყება. ასე მოხდა თავის დროზე, როდესაც ტელეკომპანია „მზეში“ მივედი სამუშაოდ, მერე კი „ტვ 3“-ზე, სამი წლის წინ და ძალიან საინტერესო გადაცემაც გამოვიდა.

„ტვ პირველს“ აქამდე სპორტული მიმართულება ჰქონდა. ეს თემა საქართველოში ბევრს ძალიან აინტერესებს და დარჩება არხზე, თუმცა იანვრიდან შემოვა პოლიტიკური და სოციალური თემებიც. იანვრიდან ვაპირებ ასევე პოლიტიკური თოქშოუს დაწყებას, თუმცა ტელევიზიაში პირველად დღეს, ორი საათის წინ მოვედი და ჩემი ახალი გადაცემის ფორმატზე ფიქრსა და მუშაობას ხვალიდან დავიწყებ. ჩაფიქრებული მაქვს, როგორც მწვავე პოლიტიკური გადაცემა…

„ტვ პირველზე“ უკვე გადის საინტერესო გადაცემა, რომელსაც ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია უძღვებიან და მას ყოველდღე ვუყურებ. ვფიქრობ, ეს პატარა არხი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგმას მედიასფეროში.  საქართველოში ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა. ეს არის ფანჯარა, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა ამ ბოლო დროს. ვფიქრობ, არხი ახალი ბადით ამ ფანჯრის გაფართოვებას ხელს შეუწყობს.

ძალიან სასაცილოა, 21-ე საუკუნეში, 2015 წელს, იხურება გადაცემები მაშინ, როდესაც არსებობს ინტერნეტი, სოციალური მედია და ციფრული მაუწყებლობა. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ სოციალურმა მედიამ წაართვა პირველი პოზიცია იქაურ არხებს.

ინგა, გახსოვს, მერამდენედ იწყებ თავიდან ყველაფერს?

თუ არ ვცდები, გადაცემა მეშვიდედ დამიხურეს (იღიმის).

ახსენე სხვა შემოთავაზებებიც. მათ შორის იყო წინადადება „რუსთავი 2“-დან, როგორც ამაზე საუბრობდნენ?

არ მინდა იმაზე ლაპარაკი, ვისგან რა შემოთავაზება მივიღე, უხერხულია, რადგან არ დავთანხმდი, ამიტომ ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ. „ტვ პირველი“ ძალიან პატარა არხია, მაგრამ აქ დიდი შემართებით მოვედი და ამ საქმეს ოპტიმისტურად რომ არ ვუყურებდე, აქ არ ვიქნებოდი. ვფიქრობ, არხს დიდი პერსპექტივა აქვს. აქ არიან, როგორც გითხარით, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია და ასევე ლევან ჯავახიშვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ სპორტული ამბების საინფორმაციო გამოშვებას უძღვებოდა, მალე კი ახალი ფორმატის საინფორმაციოს წაიყვანს. გენერალური პროდიუსერობა ჩემთვის კიდევ ახალი გამოწვევაა და ძალიან მომხიბვლელი საქმეა. ახალი ბადე, ახალი იდეები… დღეს ძალიან ხალისიანი ვარ.

წარმატებებს გისურვებ…

(იცინის) მინიმუმ ის უნდა მისურვო, რომ გადაცემის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ტელევიზიის მფლობელმა არ დამიძახოს და არ მითხრას, შენი გადაცემა დაიხურაო. თუმცა იმასაც გეტყვი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ არხის მფლობელს თანხმობა ვუთხარი, მანამდე ვკითხე, რამდენი ხანი შეიძლება მქონდეს იმის გარანტია, რომ ეთერში ვიქნები-მეთქი და მიპასუხა, რომ ეთერში ყოფნის გარანტია მაქვს (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები