LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის დაიქირავა „იმედმა“ კახაბერ ცისკარიძე – „ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო…“

336

კახაბერი „იმედის“ მუსიკალურ პროექტზე სამუშაოდ მიიწვიეს, როგორც პროდიუსერი. „იმედის მუსიკალური კოლექციის“ ფარგლებში ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებზე უკვე სამი კლიპი გადაიღეს, „კახაბერისა და ხანუმების“, ნინო ქათამაძისა და „სახის“ სიმღერებზე. პროექტის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, თუმცა ის მალე საკუთარ ადგილს სხვადასხვა ცნობილ თუ ახალბედა რეჟისორს დაუთმობს. პროექტის პარტნიორია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომლის რადიოსადგურებში იტრიალებს „იმედის მუსიკალური კოლექციის“ სიმღერები.

კახაბერი პროექტის შესახებ გვესაუბრა.

კახა ცისკარიძე:

„იმედმა“ გარე პროდიუსერად მიმიწვია პროექტისთვის „იმედის მუსიკალური კოლექცია“. საუკეთესო გუნდი შეიკრიბა. არხის მუსიკალური პროექტის ფარგლებში, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, ყოველ პარასკევს, სხვადასხვა ქართველი მუსიკოსის სიმღერაზე გადაღებულ კლიპებს იხილავთ, შემდეგ ისინი ტელეკომპანიის ეთერშიც დატრიალდება, ისევე, როგორც ის სამი ვიდეორგოლი, რომელიც უკვე შეიქმნა. იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებიც. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა სიმღერაა და ვისი, მაგრამ ახალ ვიდეორგოლში ცნობილი ადამიანები იხილავენ საკუთარ თავს ისე, რომ არც კი იციან, ეს კადრები რომ კლიპში მოხვდება (იღიმის).

ყოველ პარასკევს გვაქვს პრემიერა. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ამ პროექტის პარტნიორია. აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია, ჰოლდინგთან ვთანამშრომლობ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის. ყველა სიმღერა „იმედის მუსიკალური კოლექციიდან“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურების ეთერში მოხვდება.

კლიპებს უკვე საკმაო რაოდენობით ნახვა აქვს…

„სახის“ კლიპმა სამ დღეში ინტერნეტში 150 000 ნახვა დააგროვა. სხვა ვიდეორგოლებიც პოპულარულია, რაც ძალიან მახარებს. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, შემოდგომიდან რა ფორმით გაგრძელდება ეს პროექტი და ვფიქრობ, რომ ინტერესი გამოხატულია. მგონია, რომ ხალხი ძალიან მოწყურებულია ქართულ მუსიკასა და ვიდეოკლიპებს. ჩვენ დიდი პრეტენზია არა გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.

ახლა მასზე რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი მუშაობს, შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორები და ასევე გამოცდილებიც ჩაერთვებიან მასში. ლაშა ასე ვთქვათ, კარნახობს, როგორი უნდა იყოს კლიპებიდა შემდეგ სხვებიც ჩაერთვებიან.

ვფიქრობ, „იმედის“ მხრიდან ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. მუსიკოსების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და მეილზე უკვე მოგვდის სხვადასხვა ნამუშევარი. ძალიან მახარებს ეს გამოძახილი, რომელიც პროექტს დღემდე მაქვს და ვფიქრობ, უფრო დიდი რეზონანსიც ექნება. საზოგადოება და ხალხი გადაწყვეტს მისი არსებობის გაგრძელებას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები