LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის განმარტოვდა ბათუმში ნიკოლოზ რაჭველი: „მოვუთხრობ მსმენელს ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეების შესახებ…“

49

ნიკოლოზ რაჭველი წერს იმ ახალი ნაწარმოების შესახებ, რომელსაც 29 ივნისს შეასრულებს კონცერტზე და რომელიც თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს მიუძღვნა. სავარაუდოდ, ის დედის გარდაცვალებას გულისხმობს, რომელიც ხელოვანმა ძალიან რთულად გადაიტანა.

„ჩემო ძვირფასებო, დავასრულე ნაწარმოებზე მუშაობა, რომლისთვისაც ორი კვირის განმავლობაში ბათუმში გახლდით განმარტოვებული. ნაწარმოები დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის ჩავიფიქრე და ფინალურ ეპიზოდში საყვირი უკრავს სოლოს, ნელ მუსიკას, ძალიან სევდიანს…

გამომივიდა ავტობიოგრაფიული, თითქოს მუსიკით მოვუთხრობ მსმენელს ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეებს, რომელიც დეკემბერში გამოვიარე… და ალბათ, ამ მუსიკით ასევე გამოვხატავ გაუსაძლის მონატრებას, რომელიც ვიცი, აღარასდროს გაქრება ჩემი დარჩენილი ცხოვრებიდან… ახლა ორკესტრისათვის სანოტო მასალის მომზადების პროცესი და რეპეტიციები დარჩა, რათა 29 ივნისს თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო…

ცოტა არ იყოს ვღელავ. ყველა კომპოზიტორს უნდა, თავისი მუსიკა ხალხს მოეწონოს, მათ შორის მეც, მაგრამ ვინაიდან ისე გამოვიდა, რომ ნაწარმოები სულიერად დაუკავშირდა დედას, გაათმაგებულად მინდა, რომ სათქმელი პირველ რიგში ორკესტრამდე და შემდეგ უკვე ორკესტრთან ერთად მსმენელამდე მივიტანო… ემოციურად საკმაოდ რთული იქნება ჩემთვის ამ ნაწარმოების დირიჟორობაც, მაგრამ უნდა შევძლო, ისევე, როგორც რაღაცნაირად შევძელი დაკრძალვის საღამოს გია ყანჩელის სიმფონიის დირიჟორობა, არანაკლებ რთული იყო მაშინდელი ამოცანაც…

29 ივნისს მინდა, რომ მოისმინოთ, რუსთაველის თეატრში 8 საათზე. ალბათ, პირველი განყოფილების ბოლოს შევასრულებთ, რათა მერე მეც და თქვენც შევძლოთ მცირედი დასვენება, რომ მეორე განყოფილებაში სახელოვან ვიოლონჩელისტს დავიდ გერინგასს მოვუსმინოთ. ჩემს ნაწარმოებში საყვირის ფინალური მონაკვეთის შესასრულებლად მსოფლიოს კლასიკური საშემსრულებლო სამყაროს ყველაზე წარმატებული მესაყვირე, საოცარი მუსიკოსი სერგეი ნაკარიაკოვი ჩამოდის თბილისში. მომწერა, შევეცდები თითოეულ ნოტში გული და სული ჩავდოო… ძალიან მიხარია… დიდი მადლობა ყველას ყველაფრისათვის, დიდი მადლობა განგებას, ღმერთს, რომ მუსიკის წერის შეძლება მომცა და დიდი მადლობა დედას, რომ არც ერთი წამით არ მიმატოვა ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები