LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რითი ჯობია რუსეთი ბრაზილიას: რეკორდული პენალტები და აქეთ-იქით გოლები

66

მუნდიალის მასპინძელმა და ტურნირის მოულოდნელად კარგად დამწყებმა რუსეთმა ჯგუფის ბოლო, მესამე მატჩი ულაპარაკოდ წააგო ურუგვაისთან – 0:3.
მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლებს შორის რუსეთზე დიდი ანგარიშით მხოლოდ ბრაზილიას წაუგია.
აქამდე ჩავარდნა საკუთარ მოედანზე გამოუცდია შვედეთს (2:5 ბრაზილიასთან, 1958 წ); მექსიკას (1:4 იტალიასთან, 1970 წ); სამხრეთ აფრიკას (0:3 ურუგვაისთან, 2010 წ) და ბრაზილიას (0:3 ჰოლანდიასთან, 2014).
21 მუნდიალის განმავლობაში მასპინძელი მხოლოდ ერთხელ დამრცხდა სამ ბურთზე დიდი სხვაობით. ბუნებრივია საუბარია იმ ლეგენდარულ და დაუვიწყარ მატჩზე, როდესაც ოთხი წლის წინ ბრაზილია საშინაო ნახევარფინალში გერმანიასთან განადგურდა – 1:7.

 

რუსი დენის ჩერიშევი გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე თავის კარშიც გაიტანა და მეტოქის კარშიც.
რუსების საუკეთესო ბომბარდირმა ურუგვაისთან 23-ე წუთზე „გამოიჩინა თავი“.
აი ის ხუთი ფეხბურთელი, ვისაც აქამდე აქეთ-იქით გაუტანია გოლები: მანულ როსასი (მექსიკა, 1930); რუდ კროლი (ჰოლანდია, 1974); ერნი ბრანდტსი (ჰოლანდია, 1978); სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია, 1998); ჩუენ პაკი (სამხრეთ კორეა, 2010).

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პენალტების რაოდენობით სარეკორდოა.
ვიდეოგამეორებებმა თავისი საქმე გააკეთეს.
თითქმის ნახევარი ჩემპიონატი ჯერ წინაა, ტურნირმა კი უკვე გადაწერა პენალტების რეკორდები.
ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა საუდის არაბეთი-ეგვიპტის შეხვედრაში. ამით რუსეთის მუნდიალმა რეკორდი გაიმეორა – 18.
ხოლო ირანი-პორტუგალიის მატჩში რეკორდი გაუმჯობესდა. სიმბოლურია, რომ სარეკორდო პენალტი ვიდეოგამეორების შედეგად დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გააფუჭა.
ვიდეოასისტენტის დახმარებით ამავე შეხვედრაში კიდევ ერთი პენალტი დაიდო, რომელიც ირანმა გაიტანა.
ამ მუნდიალზე დანიშნული 20 პენალტიდან 15 გაიტანეს.
წინ კიდევ ჯგუფური ეტაპის 12 და პლეი-ოფის 16 მატჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები