LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიტუალური მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა მოსამართლემ სხდომა დახურა

155

ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო.

საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაკავებული ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატიც დაეთანხმა.

პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე კი, პროკურორის თქმით, შესაძლებელია დაირღვეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

ამასთან, პროკურორმა სხდომის დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ინტერესი დაასახელა.

პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი. უფლებადამცველის თქმით, პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდა.

რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატის პოზიციას, ის აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, საქმეზე საზოგადოების დიდი ინტერესია და პროცესების განხილვა საჯარო უნდა იყოს.

სხდომის დახურვამდე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ რეპლიკა წარმოთქვა.

„ბრალდების მხარემ რაც გაასაჯაროვა, იმაზე მეტს აქ მაინც ვერ გაასაჯაროებენ“,- აღნიშნა ბრალდებულმა.

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ  პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლო  დამამძიმებელ გარემოებებში ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს განიხილავს. საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 6 ნოემბერს შეუფარდა.

წყარო პირველი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები