LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი, Maroon 5, ფროდიჯი – ვარსკვლავცვენა საქართველოში 2016 წელს

207

2016 წელი  საქართველოში მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებით გამოირჩეოდა. პროექტმა  „check in Georgia”, იმავე  „საქართველო მსოფლიოს კალენდარზე“ თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა და მისივე  ფარგლებში, საქართველოს არაერთი ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ესტუმრა. ჩვენი ქვეყანა წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკულტო მომღერლების კონცერტებზე დასწრება თაყვანისმცემლებს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ.  

პროექტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წევრებმა მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის თვალსაზრისით, აუცილებელია.
პირველი მომღერალი, რომლითაც საზაფხულო გასართობი ღონისძიებების ციკლის ათვლა დაიწყო,  ეროს რამაზოტი გახლდათ.  იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარსდგა. რამაზოტიმ კონცერტზე სხვდასხვა ალბომებიდან ცნობილი ჰიტები შეასრულა. შოუ 3D ანიმაციით გაიხსნა და სცენა უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით მოეწყო. რამაზოტიმ  კონცერტი გარდაცვლილ მომღერალს, პრინცს მიუძღვნა.
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც  ქართველი მსმენელებისთვის იმღერა, რობი უილიამსი იყო. მისი კონცერტს თაყვანისცმემლები მოუთმენლად ელოდებოდნენ. მსოფლიო ვარსკვლავმა მსმენელები დინამო არენაზე შემოიკრიბა და რამდენიმესაათიანი პროგრამით წარსდგა.

 

უილიამსის კონცერტს მოჰყვა Maroon 5,  რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. საოცრებათა მოედანზე ამერიკული ჯგუფი თავისი ცნობილი ჰიტებით Sugar, PayPhone, Moves like Jagger, She Will Be Loved და სხვა სიმღერებით წარსდგა. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად,  სცენასთან ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი, თუმცა კონცერტის დასრულების შემდგომ, გაირკვა, რომ მსმენელთა ნაწილი მომღერლის გამოსვლით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა.

 

 

Maroon5-ის კონცერტი შემდეგ, ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი გაიმართა. მასში, ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილმა უცხოელმა შემსრულებლებმა მიიღო მონაწილეობა. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და სხვა ლოკაციაზე სრულდებოდა.  ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სთარსი ,  (Quincy Jones & The Global Jumbo All Stars), ჯეიმი კალუმი   (Jamie Cullum),   (The Prodigy) ფროდიჯი – ეს იმ მომღერლების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ქართველი და უცხოელი მსმენელების განწყობაზე იზრუნეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასარობი ღონისძიება, რომელმაც ახალგაზდების ქება და დადებითი შთაბეჭდილებები დაიმსახურა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ანუ  Gem fest იყო, რომელმაც სტუმრებს ანაკლიაში, 11-14 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლა. ფესტივალში 100-მდე დიჯეიმ, მათ შორის ქართველმა შემსრულებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მუსიკოსები ერთმანეთის მონაცვლეობით 24 საათიან რეჟიმში უკრავდნენ.

„თბილისი ოუფენ ეარი“  (Tbilisi Open Air) სლოგანით, „მუსიკა ათავისუფლებს“ (Music Breaks Free”)  2016 წლის მერვე სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. მასშტაბურმა ფესტივალმა მსმენელებს თავი ზაფხულის ღია ცის ქვეშ მოუყარა და მათი გახალისებისთვის 40-მდე მუსიკოსი გააერთიანა. უცხოელ არტისტებთან ერთად 3 დღის განმავლობაში ქართველი მუსიკოსებიც უკრავდნენ.

წლის ბოლოს, საბავშვო ევროვიზია იყო – პროექტი, რომელმაც საქართველოს გამარჯვება მოუტანა. ევროვიზიის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა დააგროვა და ჟიურის სიმპათიაც მოიპოვა. საკონკურსო სიმღერაზე „მზეო“ მარიამ მამადაშვილმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა. გამარჯვებული სიმღერა 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.

ასეთი იყო 2016 წლის ღონისძიებები, რომლებმაც საზოგადოებას ნათელი და ფერადი დღეები აჩუქა.

ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები