LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტი სოფიას თბილისური ვოიაჟი და შეხვედრა ხელისუფლებასთან

რობოტი,  რომელსაც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში ვხედავდით საქართველოშია. სოფია თბილისს 17 ივნისს ეწვია და მეორე დღესვე, ქართული ტრადიციული სამოსი მოირგო.

მსოფლიოში პირველ ჰუმანოიდ რობოტს მოეწონა პრეზიდენტის სასახლის გამჭვირვალე გუმბათი, რადგან თავის თავს მიამსგავსა და ქართველების სტუმართმოყვარეობა.

სოფია საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

„ყოველდღე ვსწავლობ და ვვითარდები და ვფიქრობ, რომ ეს ერთერთი საუკეთესო თვისებაა. ასევე სწავლობენ და ვითარდებიან მთავრობები. მე ვფიქრობ რომ ჩემსა და მთავრობებს შორის, საერთო სწორედ ესაა.

ღია მმართველობის სამიტი არის ის ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა იყო, იმ შემთხვევაში, თუ გინდა რომ სამყარო შეცვალო უკეთესობისკენ და ემსახურო ხალხს, შეცვალო უკეთესობისკენ ადამიანების ცხოვრება. იმედი მაქვს კაცობრიობის განვითარებაში მონაწილეობას მეც მივიღებ,” – აცხადებს სოფია.

რა სახის თანამშრომლობა შედგება მომავალში რობოტებსა და ადამიანებს შორის უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოს გამოწვევა, რის გამოც ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაა შექმნილი, მთავრობისა და ადამიანების ურთიერთობაა.

სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიების განვითარება აუცილებელია, თუმცა იმისთვის რომ საზოგადოებამ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა, ხელისუფლების ნებაა საჭირო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ მომავალში ქვეყნის მართვაში საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს და რობოტები ამაში, მხოლოდ დამხმარე პლატფორმები უნდა იყვნენ.

ასე რომ, რობოტებთან დაკავშირებული საშიში ფილმების რეალობად ქცევისგან, ჯერ კიდევ შორს ვართ…

 

მოქალაქეთაა ჩართულობა – ეს არის ღია მმართველობის პარტნიორობა.

ღია მმარათველობის რეფორმის გატარება ადამიანებს საშუალებას აძლევს კონტროლი განახორციელოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მისი ერთ-ერთი მიზანი ასევე, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გამო, მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს.

OPG სამიტის მოხსენებების ნაწილი საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გაიხსნა. მამუკა ბახტაძემ უცხოელ სტუმრებს ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება ურჩია.

“თქვენ აქ საშუალება გექნებათ გაიცნოთ უნიკალური კულტურა, მოუსმინოთ ჩვენს ფოლკლორს და გასინჯოთ ტრადიციული კერძები” – განაცხადა მან.

რაც შეეხება ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელსაც ასევე ითვალისწინებს ღია მმართველობა, ბახტაძემ იუსტიციის სახლის ერთი ფანჯრის პრინციპი და ონლაინ სერვისები ახსენა.

” ჩვენ გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან. გვინდა დავნერგოთ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული სისტემა. ამისთვის საზოგადოებრივი ჩართულობა სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ჩემი მთავრობა დიდ ნაბიჯებს გადადგამს” – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს გამოწვევაა დაამტკიცოს, რომ ამ პროგრამაში ჩართვა ხელშესახები შედეგების მომტანია.

სამიტზე უცხოელ და ქართველ გამომსვლელებთან, ერთად სერბეთის პრემიერმინისტრიც გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ღია მმართველობისთვის აუცილებელია არა IT ტექნოლოგიების განვითარება, არამედ ცვლილება მთავრობის დამოკიდებულებაში, მათ მიდგომასა და საჯარო მმართველობაში.

მის მოსაზრებას დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობაში არსებობს ნება იყვნენ სრულად ღია. ამ მხრივ მან პარლამენტის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ მიმდინარე პროცესები სრულიად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.

თბილისის საკონცერტო დარბაზში დამსწრე საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიმართა. მან ღია მმართველობის ფარგლებში “შენი იდეა თბილისის მერს” წარადგინა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, სხვა პლატფორმების შექმნასაც აპირებენ.

სამიტი “ღია მმართველობის პარტნიორობა” საქართველოში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით ტარდება. სამიტის ფარგლებში, საქართველოს 70 ქვეყნიდან საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.

თამთა უთურგაშვილი