LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე გაგრძელდება „წითელას“ ეპიდემია

წლის დასაწყისიდან დღემდე „წითელას“ვირუსით დაინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან  უმეტესობა – 200-ზე მეტი, კვლავ აჭარის რეგიონშია. ასევე, დაინფიცირების მაჩვენებელი თბილისსა და სამეგრელოში მატულობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, განმარტებით, ეპიდემიის საფრთხე კვლავ არსებობს და ამისგან დასაცავად, პრევენციისთვის აცრების დროული ჩატარებაა აუცილებელი.

როგორც პაატა იმნაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, „წითელას“ ინფექციის აცრების ოდენობამ იმატა, თუმცა მას უჭირს კონკრეტულ ციფრებზე საუბარი.

„ჯერჯერობით არ დაგვიჯამებია მაჩვენებლები. ალბათ, ეს გვეცოდინება, სადღაც, ორი კვირის შემდეგ. ეპიდემიის საფრთხე ძალაშია, ძალიან ბევრია ქვეყანაში აუცრელი მოქალაქე. ეს მარტო ბავშვებს არ ეხებათ, დიდებსაც ეხებათ. რა თქმა უნდა, მინისტრის ბრძანების შემდეგ, მომართვიანობამ იმატა, თუმცა ისეთი აქტიური, ჩვენ რომ გვინდა, მაინც არაა. ბაგა-ბაღებში ნამდვილად ასრულებენ რეკომენდაციას და ითხოვენ კალენდარს. რაც შეეხება ვაქცინებს, გვაქვს შესაბამისი მარაგი. „წითელათი“ დაინფიცირების რისკპერიოდი კიდევ 3 თვეს, ზაფხულამდე გასტანს. შემდეგ 3 თვე მოიკლებს და შემოდგომიდან კვლავ დაიწყება ახალი შემთხვევები,“ – აცხადებს პაატა იმნაძემ „ფორტუნასთან“.

დროული აცრების ჩატარებისკენ კი მედიკოსები დაინფიცირებულთა ზრდასთან ერთად მოქალაქეებს  წლის დასაწყისიდან მოუწოდებენ. ჯანდაცვის მინისტრის 1-ლი თებერვლის ბრძანებით კი, აუცილებელია, ყველა ბავშვს ჰქონდეს სავალდებულო ვაქცინაცია ჩატარებული. ბავშვებს წითელაზე გეგმიური ვაქცინაცია, აცრების სახელმწიფო კალენდრის მიხედვით, 1 წლის და 5 წლის ასაკში უტარდებათ. იმისთვის, რომ მინისტრის ბრძანება აღესრულებინათ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის ყველა ბაღს მიმართა რეკომენდაციით, აღსაზრდელებში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოეწესრიგებინათ, არ არსებობის შემთხვევაში კი – მოეთხოვათ.

2.5 წლის ლილეს დედა „ფორტუნას“ უყვება, რომ მან ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ თავად მიმართა ბაღის ადმინისტრაციას, სადაც უპასუხეს, რომ მსგავსი დოკუმენტის მიტანა არ იყო საჭირო, რადგან სასწავლო წლის დასაწყისში მიტანილ „ფორმა 100-ში“ აცრების შესახებ ინფორმაცია სრულად იყო ასახული.

„ლილეს ჯგუფში არ აღმოჩნდა არავინ ისეთი, ვისაც არ ჰქონდა აცრა დროულად გაკეთებული. ეს დამატებითი დოკუმენტაციის მიტანა მხოლოდ იმ ბავშვების მშობლებს მოუწიათ, ვისი „ფორმა -100-იც“ კითხვის ნიშნებს აჩენდა,“ – აღნიშნა ქეთი დვალმა.

ქეთისგან განსხვავებით წითელას აცრასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვეს მცხეთის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელს. როგორც თაკო კორძაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, ბაღის ადმინისტრაციამ ორი კვირის წინ სთხოვა, დაეზუსტებინა ანას, ჰქონდა თუ არა წითელას აცრა ჩატარებული.

„როცა ანა ბაღში მივიყვანე, სექტემბერში, მაშინ მივიტანე „ფორმა 100“, სადაც წერია, რომ ყველა გეგმიური აცრა მას აქვს ჩატარებული. შესაბამისად, დამატებითი დოკუმენტის მიტანა არ დამჭირდა,“ – აცხადებს ის.

ცნობისთვის, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები