LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია

54

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება.

აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, განახლებული აეროპორტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის დინამიკა გვაქვს. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდეს.

ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  • სამიმოსვლო ბილიკზე „ალფა“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა;
  • სამიმოსვლო ბილიკებზე „ბრავო” და „ჩარლი“ ხორციელდება არსებული საფარის მოფრეზვის, გაგანიერების და ასფალტის გადაგებისთვის საჭირო სამუშაოები.
  • ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოხდა საჰაერო ხომალდის დაჯდომის შედეგად არსებული რეზინის ნარჩენების პირველადი მოცილება;
  • ასაფრენ ზოლზე ხორციელდება ბზარების შეკეთების სამუშაოები;
  • ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების მობრუნებისთვის საჭირო ადგილების მოწყობა;
  • ასაფრენი ზოლის 13R კურსიდან მიმდინარეობს არსებული სანავიგაციო შუქტენიკის დემონტაჟის სამუშაოები.

ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  • სამგზავრო ტერმინალში დაემატა მგზავრების 6 სარეგისტრაციო დახლი;
  • დაგრძელდა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის მისაღები 3 ლენტი;
  • გაფრენის დარბაზში განთავსდა მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზირებული სისტემა;
  • საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზებული სისტემის განთავსების შემდგომ, აეროპორტი გადავიდა ღია გასასვლელების (გეითების) პრინციპზე;
  • იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთნაკადმა 2015 წელს მიაღწია 1 800 000 მგზავრს, კომპანია „ტავ საქართველომ“ უკვე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2017 წელს;
  • ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობის პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები.

2015 წლის 28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის  ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.

2005 წლის ხელშეკრულებით შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე. თუმცა იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც.

თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „ტავ ჰოლდინგს“ და მის შვილობილ კომპანია შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარების საკითხებთან და ხელშეკრულების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან.

ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის – IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხეტაპიანი გეგმა უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.

2015 წლის 28 მაისს, 2 წლიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა, 2005 წელს გაფორმებული, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას და ასევე მთლიანად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. ვინაიდან 2005 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა. აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ განახლებული ხელშეკრულების თანახმად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე იქნა შემუშავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები