LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ექნება ბათუმს ხორუმის კონცეფციაზეა აგებული საფეხბურთო სტადიონი

40

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტადიონზე, სპორტული ღონისძიებების გარდა, სხვა მასშტაბური ღონისძიებებიც ჩატარდება.

”პროექტი ქალაქისთვის და არამარტო უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტადიონი სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, რაც რა თქმა უნდა, ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სპორტული მოედნის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის,” – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ბათუმს ახალი სტადიონი აუცილებლად ექნება. “ამ პროექტს ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ძალიან პრინციპული დატვირთვა აქვს და მე ყველაფერს გავაკეთებ მისი განხორციელებისთვის. ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან”, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ, ამ კუთხით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

”პროექტი მოწონებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ტექნიკური და სამშენებლო ნებართვების სააგენტოს მიერ. შემდგომი ეტაპი საზედამხედველო კომპანიის შერჩევის მიზნით ელექტრონულ ტენდერს მოიცავს, რის შემდეგაც უკვე სტადიონის მშენებლობის ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება”, – განმარტა ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი უნდა აშენდეს, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ.

სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები