LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაითიშება საკაბელო ტელევიზიებში ექვსი ქართული არხი?

215

საკაბელო ტელევიზიები უახლოეს დღეებში, ერთობლივ მემორანდუმს შეიმუშავებენ – ისინი „მედია რაით ჯორჯიას“ ულტიმატუმის შეცვლას მოსთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 6 არხს: იმედს, რუსთავი 2–ს, მაესტროს, ჯი დი ეს–ს, მარაოს და კომედი არხს გათიშავენ.

საქმე ეხება „მედია რაით ჯორჯიას“ მოთხოვნას, რომელსაც 1-ელი ივნისიდან ექვსი ტელეარხის რეტრანსლირების უფლება მიენიჭა. ახალშექმნილი კომპანია MRG საკაბელო ტელევიზიებისგან 6 ქართული არხის ტრანსილირების უფლებისთვის თანხას ითხოვს.

როგორც „ფორტუნას“ საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების წარმომადგენელმა თეონა ბერუაშვილმა განუცხადა, თავად მოთხოვნა და მოთხოვნილი თანხა რეალობას სრულიად აცდენილია.

 

არხები საპროტესტო ვადით გაითიშება

მისი თქმით, მემორანდუმის შემუშავების შემდეგ, თუ „მედია რაით ჯორჯიას“ მოთხოვნები არ შეიცვლება, ეს არხები საკაბელო ტელევიზიებში საპროტესტო ვადით გაითიშება. მომხმარებელს (აბონენტებს) ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიან.

ამ ეტაპზე უნდა შედგეს მემორანდუმი, რომელსაც ყველა ოპერატორი მოაწერს ხელს. ასევე, უნდა განისაზღვროს რომელი ოპერატორი რა ვადით გათიშავს ამ არხებს.

ბერუაშვილის თქმით, ეს იქნება უბრალოდ გაფრთხილება, იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს „მედია რაით ჯორჯიას“ არასწორი მოთხოვნების შესახებ.

 

არხები ითხოვენ 5 ლარზე მეტს თითო მოწყობილობიდან – ეს სააბონენტოს გააძვირებს

თეონა ბერუაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნის შესრულება ყველანაირად გამოიწვევს სააბონენტო ფასის ზრდას.

ის განმარტავს, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნებას და ამ გადასახადის გადახდას, ფინანსურად ვერც ერთი საკაბელო ოპერატორი ვერ გაუძლებს.

„მათი განცხადება, თითქოს საკაბელო ოპერატორებს აქვთ რესურსი, უბრალოდ მოგების შემცირება არ სურთ, არასწორია. ეს ასე არ არის.

ისინი თითო რესივერზე დაახლოებით 5 ლარს ითხოვენ. თუ ჩვენ ამ გადასახადს გადავიხდით, ეს აუცილებლად აისახება მომხმარებელზე და საკაბელო მომსახურება გაძვირდება“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებს, ამჯერად საკაბელო ოპერატორების გაერთიანების მხრიდან გამოთქმულ შეხვედრის სურვილს, „მედია რაით ჯორჯიამ“ არ უპასუხა.

„შევთავაზეთ შეხვედრა „მედია რაით ჯორჯიას“ თუმცა თუმცა მათგან წერილობით კვლავ, მოთხოვნები მივიღეთ და შეხვედრაზე გამოხმაურება არ ყოფილა“, – აღნიშნა თეონა ბერუაშვილმა.

 

„ქართულია და არ გადაგიხდით“ – ასეთი მიდგომა არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს ის პრინციპი, რომ “ქართულია და არ გადაგიხდი”. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათი მხრიდან მოთხოვნა არასწორადაა დაყენებული. ისინი ამბობენ, რომ საკაბელო ოპერატორმა სიგნალის ტრანიტზიტისთვის გადაიხადოს თანხა, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ სიგნალი დაიხუროს (კოდირებული იყოს), რადგან ყველა მომხმარებელს ერთნაირი პირობა ჰქონდეს“, – განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

 

მიზეზები: რატომ თვლიან საკაბელო ტელევიზიები, რომ მოთხოვნა არასწორია

თეონა ბერუაშვილის განცხადებით, საკაბელო ტელევიზიების მოთხოვნა არასწორია რამდენიმე მიზეზით:

  • მომხმარებლები არათანაბარ პირობებში იქნებიან
  • ტელევიზიების მოთხოვნები „მასთ ქერის“ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ისინი, ვინც სეტ ტოპ ბოქსებს მოიხმარს აღნიშნულ სიგნალს სრულიას უფასოდ მიიღებს, ხოლო „მედია რაით ჯორჯიას“ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლები ამაში დამატებით თანხას გადაიხდის.

„აქ უკვე მომხმარებლები არათანაბარ პირობებში ვარდებიან. მისი თქმით, ეს დისკრიმინაციაა. თეონა ბერუაშვილი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს: საკაბელო ოპერატორები ტელევიზიებს რეკლამის გავრცელებაში და შესაბამისად შემოსავლის მიღებაში ეხმარებიან, ბერუაშვილის განცხადებით, ამაში პირიქით თანხის მოთხოვნა გაუგებარია. „დამეხმარე და თანხაც გადამიხადე – ეს მიდგომა რა თქმა უნდა, არასწორია“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“ საუბარში.

ბერუაშვილის თქმით, ეს ექვსი არხი საერთო მაუწყებლები არიან და კანონმდებლობით ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნის უფლება აქვთ, თუმცა ეს მოთხოვნა „მასთ ქერის“ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„მასთ ქერის პრინციპი ხომ ის არის, რომ მაუწყებლობა ყველამ თანაბრად მიიღოს. თუკი ოპერატორებს ტელევიზიები ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ ოპერატორი ვერ გადაიხდის და გათიშავს არხს, ეს ხომ ნიშნავს უკვე ამ უფლების შეზღუდვაა?“, – განაცხადა ბერუაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში მაუწყებელი, რომელიც სარგებლობს „მასთ ქერის“ პრინციპით, ადგილობრივი საკაბელო ოპერატორებისთვის ფასიანი არ არის.

საკაბელო ტელევიზიების კავშირის წარმომადგენლის თქმით, „მედია რაით ჯორჯიას“ მოთხოვნა სამართლიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ არხებს კოდირებული (დახურული) სიგნალი ექნებათ და მისი მიღებისთვის თანხის გადახდა ყველას მოუწევს.

ადგილობრივ მწარმოებლებს სურთ, რომ თავიანთი კონტენტის მონეტარიზაცია მოახდინონ, ანუ ტელევიზიები „მედია რაით ჯორჯიას“ მეშვეობით, საკუთარი პროდუქციისთვის თანხის მიღებას ითხოვენ. GMR-ის ერთ-ერთი დირექტორის ზურაბ ნაყეურის განცხადებით, ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია მთელ მსოფლიოში.

***

ნახეთ ასევე, ჩვენი სტატია ზურაბ ნაყეურთან: “ტელევიზიები გადასახადს საკუთარ პროდუქციაში ითხოვენ”– ინტერვიუ სკანდალის მთავარ გმირთან

როგორ დაიწყო ყველაფერი? – ქართული არხები ფასიანი ხდება?! – მიზეზები და მხარეების პოზიციები

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები