LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გახდება ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიანი?

57

24 დიზაინერი, მასმედიის 40-მდე წარმომადგენელი, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები და ახალი კონტაქტები, – ამ შედეგით დასრულდა ”თბილისის მოდის კვირეული 2016”.

ორგანიზატორების განმარტებით, კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართული მოდის ინდუსტრია ნელ-ნელა აღმავლობის გზას ადგას, თუმცა, ახალი კონტრაქტების გაფორმების და კოლექციების გაყიდვის საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოიკოჭლებს.

როგორც ”ფორტუნას” მოდის კვირეულის ორგანიზატორმა მარიამ ყუბუსიძემ განუცხადა, კონტრაქტების გაფორმების კუთხით დიზაინერებთან ”პირველადი შეხვედრები” უკვე გაიმართა და ამ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

”როგორც ვიცი, არის კიდეც რამდენიმე შემდგარი კონტრაქტი,” – აღნიშნა ყუბუსიძემ.

ბრიტანელ ე.წ. ბაიერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი. როგორც მან ”ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა, მისი ნამუშევრებით ბრიტანული ”ვოგი” და იტალიური ”ვოგი” დაინტერესდნენ. კითხვაზე არის თუ არა შედეგის და ეფექტის მომტანი მოდის კვირეულები, დიზაინერმა აღნიშნა, რომ ”რაღაც დონეზე, პოლულარიზაციის თვალსაზრისით”, შედეგის მომტანი არის. თუმცა, ნინო ჩუბინიშვილი ფიქრობს, რომ ქართული მოდის ცნობადობის ამაღლების პარალელურად, შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელი.

”უნდა მიხედონ წარმოებებს, განვითარდეს ამ სფეროს ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ცოდნა და ბიზნეს მენეჯმეტი. შეიქმნას მინი წარმოებები, სადაც ჩამოიყვანენ კვალიფიციურ პროფესიონალებს, ის, ვინც მაგალითად, თარგს აკეთებს და ა.შ. ეს სფერო მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ნიჭსა და პოტენციალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ, არსებობდეს სტანდარტი. ჩვენი კერვის სტანდარტი კი, არ არის მაღალი,” – აღნიშნა ჩუბინიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სამკერვალო მიმართულებით, ძალიან ცოტა სპეციალისტია, სამუშაო კი არაპრესტიჟულად ითვლება – იმის მიუხედავად, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ მკერავების ანაზღაურება მაღალია.

”საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგად უხდიან მკერავებს. მთელი მსოფლიო აკერინებს ტაილანდში და ინდოეთში 2 დოლარად და ყიდიან ძვირად. საქართველოში კი საშუალო ფასი 15 დოლარია,” – ამბობს დიზაინერი.

მოდის კვირეულში მონაწილეობდა დიზაინერი გიორგი შაღაშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული მოდის ინდუსტრია ნელ-ნელა ვითარდება, ცნობადობა და ახალ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა იზრდება; უფრო მეტიც, – ქართველი დიზაინერების გარკვეული ჯგუფი კონკურენციას უწევს ევროპელ დიზაინერებს. მთავარი ფაქტორი – ფასია.

”ევროპული დიზაინერების ფასები საკმაოდ მაღალია, ქართველების კი შედარებით დაბალი, თუმცა, ხარისხით და იდეით არაფრით ჩამოუვარდება. შესაბამისად, ორიენტირება მოახდინეს ქართულ მოდაზე. ეს ძალიან დიდი პროგრესია ამ პატარა ქვეყნისთვის. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დევიდ კომა, დემნა გვასალია,” – აღნიშნა დიზაინერმა.

რაც შეეხება კოლექციის გაყიდვებს, გიორგი შაღაშვილის თქმით, საქართველოში მასშტაბები ძალიან მიზერულია, რადგან გადახდისუნარიანი მოსახლეობა ძალიან მცირეა.

”ამ პირობებში რთულია ბიზნესი შეინარჩუნო. ძალიან ხშირად ხდება საკუთარი სახსრებით გადაფრავა. ეს სფერო მომგებიანი არის, მაგრამ მიზერულად. ამიტომაც გვიწევს კოლექცია რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში გავიტანოთ, რომ შემოსავლები გაიზარდოს და თავი გადავირჩინოთ, ” – განუცხადა დიზაინერმა ”ფორტუნას”.

თბილისის მოდის კვირეულში არ მონაწილეობდა დიზაინერი ანუკა ქებურია. ამის მიზეზად დიზაინერი დროს და ფინანსურ ხარჯებს ასახელებს, რაც ახალი კოლექციის შექმნას უკავშირდება. ქებურია მაისში, ”მერსედესის მოდის კვირეულში” გეგმავს მონაწილეობას და როგორც მან აღნიშნა, ორი კვირეულისთვის ორი ახალი კოლექციის შექმნას დიდი ენერგია სჭირდება.

”მესამე სეზონია, ”მერსედეს ბენცის მოდის კვირეულით” ძალიან კმაყოფილი ვარ. მინიმუმზეა ყველა ხარჯი დაყვანილი და დიდი თანხა არ გვეხარჯება ხოლმე,” – აღნიშნა ქებურიამ.

მოდის კვირეულებში მონაწილეობის ხარჯები, ორგანიზატორების განმარტებით, საშუალოდ, 1000 ლარს შეადგენს, რაც ძირითადად, მოდელების დაქირავებას უკავშირდება. საქართველოში ამ ღონისძიებებს სპონსორები აფინანსებენ. მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლებმაც ”თბილისის მოდის კვირეულს” მხარდამჭერა უკვე მეხუთედ გაუწიეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ქართველ დიზაინერებს დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ საერთაშორისო მასშტაბზე გავიდნენ და ექსპორტი განახორციელონ. სამინისტრო კი მათ ორი მიმართულებით ეხმარება.

”ეს არის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება, ანუ ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია, რისთვისაც მოდის კვირეულზე 20-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ბლოგერი გვყავდა ჩამოყვანილი, რომლებმაც აქტიურად გააშუქეს საქართველოს მოდის ინდუსტრია და დაწერეს ქართველი დიზაინერების შესახებ. ასევე, ჩამოვიყვანეთ კონკრეტული მყიდველები, ე.წ. ბაიერები. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა – ცნობადობის ამაღლება და მყიდველებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული მოდის ინდუსტრია უკვე ბიზნესად გადაიქცეს და ქართველმა დიზაინერებმა შემოსავლები მიიღონ”, – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

”თბილსის მოდის კვირეულის” რიგით მე-13 სეზონი 31 მარტს გაიხსნა და 4 აპრილს დაიხურა. ღონისძიება წელიწადში ორჯერ ტარდება და მასში როგორც ქართველი, ასევე მოწვეული უცხოელი დიზაინერები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები