LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იყო სალომე ჭაჭუა ლაშა ჯოხაძისთვის ყველაზე სექსუალური

502

ლაშა ჯოხაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მთავარი დიზაინერია. მისი ბრენდის სახე გარკვეული პერიოდის წინ სალომე ჭაჭუა გახდა. ცნობილი მოცეკვავით, როგორც ყველა ჩვენგანი, ლაშაც აღფრთოვანებულია. ლაშა და სალომე დიზაინერის მაღაზიაში ერთად ჩავწერეთ.

ლაშა, როგორ გაგიჩნდა იდეა, რომ სალომე ყოფილიყო შენი ბრენდის სახე?

სალომე რომ ძალიან მაგარი გოგოა და ყველა რომ გაგიჟებულია მასზე გამოჩენის პირველი დღიდან, ახალი ამბავი არ არის და მათ რიცხვებში ვარ მეც. გამიხარდა, რომ დამთანხმდა და მოირგო კოსტიუმი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, არ იყო საკუთარ ამპლუაში და მისი მხრიდან რთული იყო. ორმაგად დიდ მადლობას ვუხდი, რომ ჩაატარა ეს ექსპერიმენტი და დამთანხმდა. ეს მოხდა წინა წელს, მოდის კვირეულისთვის. მოირგო კოსტიუმი, უტრირებული თეძოებით, რომელიც მისთვის შევქმენით და ჩენი ლუქბუქისთვის გადავიღეთ.

სალომე:

როცა მოვდიოდი მოზომებაზე ჩენი პროექტისთვის, სულ რაღაც მომწონდა და სულ რომელიღაც კოსტიუმში ვყოფდი ხელს (იცინის). ზაფხულში ლაშამ დამირეკა და მთხოვა, გამოვსულიყავი მის ჩვენებაზე. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამევლო… ჩვენების დღეს სულ ვეკითხებოდი, ლაშა, როგორ გამოვიდე-მეთქი. არ მინდოდა, ზომბივით მევლო პოდიუმზე. იქ გამოსვლა ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო, სხვათა შორის. სხვანაირი ნერვიულობაა, როცა ჩვენებაზე გამოდიხარ.

ლაშა, სალომემ გაამართლა შენი იმედები?

რა თქმა უნდა, გაამართლა. ყველა წერდა, ლაშა ჯოხაძის ჩვენება სალომე ჭაჭუამ გახსნაო (იღიმის). ეს იყო ძალიან მაგარი…

ლაშას ნამუშევრებში რა გხიბლავს?

სალომე:

ძალიან ბევრი რამ მომწონს, ჩემს გემოვნებაში ჯდება. რაც კი ლაშას კოსტიუმები მაქვს ნანახი, ყველა მომწონს. მისი შექმნილი ბევრი ზედა მაქვს. ახლაც მოვინიშნე ერთი კაბა, რომელიც უნდა წავიღო.

აღმოვაჩინეთ, რომ თითქმის ყველა კაბა სალომეს ტანზეა შეკერილი…

ლაშა:

ყველაფერი უხდება საოცრად, ორი აზრი არ არის, არაფერს ახალს არ ვამბობ, სალომე ძალიან მომწონს. მისი გადაღებაც ამიტომ გადავწყვიტე. ამ ჯერზე აღარ დავაკისრე ვალდებულებები და აღარ დავტვირთე, შემდეგში ვნახოთ, ალბათ, თანამშრომლობას ისევ გავიმეორებთ (იღიმის).

თქვენი ურთიერთობა, ალბათ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დაიწყო?

სალომე:

ამ პროექტში გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და ოჯახად მოვდივართ ამდენი ხანია.

ლაშა, რთულია არა ამ პროექტზე მუშაობა?

რა თქმა უნდა. სულ იმის განცდა მაქვს, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. უბრალოდ, დროა ძალიან ცოტა და არ გეძლევა დიდი საშუალება. ვინც კარგად ერკვევა ამ საკითხში, გვეხმარებიან. ლაივრეჟიმში მუშაობა რთულია. ბევრი კოსტიუმია შესაკერი. არასდროს ვიმეორებთ კოსტიუმებს, არ გვინდა, ფერები დაემთხვეს, მოკლედ, უამრავი ნიუანსია. ამ მხრივ სალომეს უამრავი რჩევა გვაქვს გათვალისწინებული.

სალომე:

ლაშა თავადაც ძალიან დაინტერესდა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების კოსტიუმებით, მოეწონა კოსტიუმების შექმნის პროცესი. ეს დიდი პლუსია, რადგან სულ სხვანაირად უდგება ამ საქმეს, თავისი ხედვა აქვს.

როგორია შენთვის კარგი სამეჯლისო კოსტიუმი?

პირველ რიგში, უნდა იყოს კომფორტული, ჩვენს ცეკვებში ისეთი ილეთებია, რომ კოსტიუმი კარგად უნდა იჯდეს ტანზე. აზიდვების, სხვადასხვა მოძრაობის დროს ელვა არ უნდა გაიხსნას, კოსტიუმი ზედმეტად არ უნდა აიწიოს, ამიტომაც სჭირდება  სპეციფიკური შეკერვა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება.

ლაშა, რა ურჩევია შენთვის სალომეს?

ბევრი ნიუანსი ყოფილა, შეკერვის პროცესში, თუნდაც როგორ მიგვეკერებინა ლიფის ბრეტელი. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ყოველთვის მომწონდა, დავდიოდი პირველი სეზონიდან მოყოლებული ლაივებზე. არც ერთ პროექტს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული და ნომერი პირველია, მრავალფეროვნებით, სიბრჭყვიალით, მუსიკითა და კოსტიუმებით, ამიტომაც ძალიან მინდოდა აქ მუშაობა.

მგონი, ქართველი დიზაინერი პირველად კერავს სამეჯლისო ცეკვების კოსტიუმებს ასე მასობრივად…

ასე გამოვიდა, მაგრამ ტურნირების კოსტიუმები შოუსთვის შექმნილი სამოსისგან მაინც განსხვავდება. ტურნირებზე გარკვეული შეზღუდვები გვაქვს. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მაინც შოუა, მთავარ ნიუანსებს ვითვალისწინებთ, კოსტიუმი უნდა იყოს მოხერხებული და კომფორტული, მაგრამ შოუს ვარგებთ, ფანტაზიას ცოტა სხვანაირად ვშლით, რაც ტურნირებზე დაშვებული არ არის.

სალომე:

თითოეული ჩვენი დადგმა გარკვეულ თემაზეა აგებული, ლაშა კოსტიუმებსაც შესაბამისად არჩევს.

შენ თუ გქონია პრეტენზია კოსტიუმის ზედმეტ სითამამეზე?

არასდროს მაქვს პრეტენზია, თუკი კოსტიუმი ლამაზია და არ არის ვულგარული. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ – არა მხოლოდ მე, ლაშასაც არ გაუკეთებია ისეთი კოსტიუმი, რომელიც ვულგარული იქნებოდა. დიდი განსხვავებაა ვულგარულსა და სექსუალურ კოსტიუმს შორის. ეს ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ლაშა ყველაზე კარგად ავლებს ამ ხაზს. ზოგადად ვამბობ.

ლაშა:

რაც უნდა ეცადო, სალომეს ვერ გაავულგარულებ. ჩემთვის სალომე დახურულ კოსტიუმში უფრო სექსუალურია. მაგალითად, ფინალზე, დახურულ, მთლიან ხავერდის კომბენიზონში სალომე ჩემთვის ყველაზე სექსუალური იყო… ყველას ჰგონია, რომ გახსნილ, შიშველ და ტიტველ სამოსში სექსუალურობა უფრო მეტია. მე ასე არ მივიჩნევ.

ლაშა, ახლახან გქონდა ფერადი ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე…

ყველა ასეთი წამოწყება ყოველთვის რთულია და საპასუხისმგებლო, როცა ხალხის სამსჯავროზე გამოგაქვს შენი ნამუშევრები. ამას საკუთარ თავზე მუშაობაც სჭირდება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ არ მოექცე საზოგადოების დიდი გავლენის ქვეშ. როცა კოლექციას ვქმნი, მუდამ ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც მე მომწონს და არ გავითვალისწინო სხვისი აზრი. კრიტიკას არ ვუშინდები. პირიქით, როცა ჩვენება სრულდება, ის უფრო მეტად მაინტერესებს, რა არ მოეწონათ. რა მოეწონათ, ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. პირველი კოლექციისგან ბოლო ბევრად განსხვვაებული იყო. ეს კოლექცია, 27 კოსტიუმი, ორთვენახევრის განმავლობაში შეიქმნა. რამდენად მოეწონათ, ეს სხვა ადამიანებმა გადაწყვიტონ. ჩემთვის თბილისის მოდის კვირეულის დახურვა საპასუხისმგებლო იყო და ძალიან გამიხარდა.

სალომე:

ახალი კოლექცია ძალიან მომწონა, განსხვავებული იყო წინა ჩვენებისგან. ხელით ნამუშევარი ყვავილები და ზღვის ვარსკვლავები ძალიან ლამაზია. ლაშას ძალიან კომფორტული კოსტიუმები აქვს. თუნდაც გრძელ კაბაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრ ადამიანს მოსწონს ლაშას ნამუშევრები.

ლაშა, ვიცი, რომ შენს კლიენტებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანია…

დიახ, ასეა. როცა შენთან მოდიან, ეს დიდი ნდობაა, როცა საკონცერტო ან ყოველდღიურ ჩაცმულობას განდობენ. ეს დიდი პატივისცემის გამოვლინებაა, მით უმეტეს, ცნობილი ადამიანებისგან, რომლებისთვისაც იმიჯი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები