LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავგეგმოთ საახალწლო ტური იაფად? – რჩევები ტურისტული სააგენტოსგან

579

როგორ დავგეგმოთ საახალწლო ტური იაფად და შევხვდეთ ახალ წელს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ?– ამ კითხით ”ფორტუნამ” ტურისტულ სააგენტო Travel Business Service-ს (თი.ბი.ეს) მიმართა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნატო კიკნაველიძე ამბობს, საახალწლო ტურის საყიდლად საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის თვეა.

”რაც უფრო ახლოსაა გამგზავრების თარიღი, ბუნებრივია, ავიაბილეთების ფასი მატულობს, ძვირდება ასევე სასტუმროებიც. ამიტომ, ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე, საახალწლოდ მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ. ოქტომბერი ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, რომ საახალწლოდ ტურისტული პაკეტი ნორმალურ ფასად შეიძინოთ. ნოემბერი უკვე დაგვიანებულია, დეკემბერზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითისთვის, ოქტომბერში ევროპის რომელიმე ქვეყნისკენ ტურისტულ პაკეტს თუ 500-დან 700 ევრომდე შეიძენთ, ახლა ეს ფასები გაორმაგებულია”, – აცხადებს ნატო კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, ქართველ მომხმარებელში ტურის წინასწარ დაგეგმვის და ყიდვის ტრადიცია ჯერ კიდევ არ არსებობს. ”ნელნელა ეჩვევა ქართველი მომხმარებელი, რომ წინასწარ დაიწყოს ფინანსების მობილიზება და ფიქრი მოგზაურობისთვის, რათა გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე არ შეიძინოს ტური… თუმცა, პროცენტულად მათი რიცხვი, ვინც ჩვენთან მოდის და გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გაძვირებულ ტურებს ყიდულობს, მაინც ძალიან მაღალია. მაგალითად, ბოლო ერთ კვირაში უამრავმა ადამიანმა მოგვმართა საახალწლო ტურის ყიდვის სურვილით. მიუხედავად ტურების გაორმაგებული ფასებისა, საახალწლო პაკეტების გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია”, – აღნიშნა Travel Business Service–ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ტოპ-3 ევროპული ქვეყანა, რომელსაც ქართველი დამსვენებელი საახალწლოდ ირჩევს, შემდეგია: უნგრეთი, იტალია, ჩეხეთი. ”ევროპა ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით კი საახალწლოდ – ულამაზესია, ამიტომ, რაც უვიზო მიმოსლის რეჟიმი ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეები უკვე აქტიურად მიდიან ევროპაში სამოგზაუროდ. საახალწლო პერიოდში ასევე აქტუალურია თბილი ქვეყნები – არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე, სადაც ასევე პირდაპირი ავიამიმოსვლაა და ტურებიც საკმაოდ მისაღები ფასი ღირს”, – განუმარტა ”ფორტუნას” ნატო კიკნაველიძემ.

როგორც ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი ამბობს, არანაკლებ პოპულარულია დამსვენებლებს შორის შიდა ტურებიც, მაგალითად ლოპოტას და ბორჯომის მიმართულებები.

”გვყავს როგორც უცხოელი ვიზიტორები, ასევე ადგილობრივი მომხმარებელი, რომლებმაც საახალწლოდ უკვე დაჯავშნეს სასტუმროები. რეალურად, საქართველოში დასვენება და ახალი წლის 2 ღამის გატარება, ფაქტობრივად, იგივე ჯდება რაც ერთ კაციანი ტური ევროპაში ერთი კვირით. მიუხედავად ამისა, სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობს”, – ამბობს Travel Business Service-ის დამფუძნებელი.

ნატო კიკნაველიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ თუ სურთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა, მითუმეტეს ახალი წლის სხვა ქვეყანაში შეხვედრა და გატარება, ამისთვის მზადება 2-3 თვით ადრე დაიწყონ. ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ავიაბილეთების რაოდენობა მცირდება, დარჩენილ ბილეთებზე ფასი კი ყოველთვის მაღალია. ასევე მცირდება ადგილები სასტუმროებში და დარჩენილი ნომრების ღირებულებაც ორმაგდება, ან სამმაგდება.

ამიტომ, ”ფორტუნაც” გირჩევთ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა რამდენიმე თვით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები