LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიკლოთ წონაში დღესასწაულების შემდეგ – რჩევები ენდოკრინოლოგისგან

244

როგორ დავიბრუნოთ ძველი წონა დღესასწაულების შემდეგ; რა სახის განტვირთვის დღეებსა თუ მონოდიეტებს გვირჩევენ სპეციალისტები; ნიშნავს თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესი სამუდამოდ უარის თქმას საყვარელ კერძებზე და რატომ ბრუნდება ძველი წონა ხანგრძლივი დიეტების შემდეგ –ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან” კლინიკა „ველესის“ ენდოკრინოლოგმა, თამარ ჩადუნელმა ისაუბრა.

 დღესასწაული და თანმხლები პრობლემები, როგორ მოვერიოთ ჭარბ წონას ახალი წლების შემდეგ?

დღესასწაულების შემდეგ საკმაოდ რთულია ფორმაში ჩადგომა, რადგან ადამიანები ახალი წლის დღეებში დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს მიირთმევენ. თუ ადამიანს ჭარბი წონა ისედაც აქვს, კიდევ უფრო სწრაფად აისახება მატება და რამდენიმე დღეში 5-7 კილოგრამის მომატებაც კი ხდება. ჩემი რჩევაა, ადამიანმა პირველ რიგში მიმართოს სპეციალისტს, ჩაიტაროს გამოკვლევები და ამის მიხედვით მოხდეს ცვლილებების მოწესრიგება, ხშირად არის შაქრის დონე მომატებული, ან ქოლესტერინი იმატებს…

რა სახის განტვირთვის დღეებსა და მონოდიეტებს გვირჩევთ მომატებული კილოგრამების დასაკლებად?

რაც შეეხება განტვირთვის დღეებს, მისი გაკეთება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია გამართლებული. მონოდიეტებს კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სწრაფად სურთ წონაში კლება. მონოდიეტის ხანგრძლივად დაცვა არ შეიძლება, რადგან ის იმუნიტეტს აქვეითებს. მონოდიეტა სპეციალსიტმა უნდა დანიშნოს, ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით. მე პირადად არ ვარ მონოდიეტების მომხრე, მირჩევნია პაციენტმა კვება მოაწესრიგოს. მონოდიეტა გულისხმობს ერთი სახეობის პროდუქტის მიღებას, შესაძლოა იყოს ორი პროდუქტიც. რაც შეეხება განტვირთვის დღეებს მხოლოდ წყლით, წყალი სასარგებლოა, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით მიიღებს ადამიანი წყალს, თუმცა, ჩემი აზრით, წყალათან ერთად დაბალ პროცენტიანი კეფირის მიღება წონაში კლებას გააუმჯობესებს.

რა არის ყველაზე კალორიული საახალწლო სუფრაზე?

იმ ადამიანებს, ვინც წინა საახალწლო პერიოდში მოგვმართეს, აინტერესებდათ, როგორ მიეღოთ საახაწლო სუფრაზე კერძები და თან წონაში არ მოემატებინათ. გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ხაჭაპური, რა თქმა უნდა იწვევს წონაში მატებას, ასევე ორგანიზმის გადატვირთვას.

გულისხმობს თუ არა, ჯანსაღი ცხოვრების წესი სამუდამოდ უარის თქმას „გემრიელ საკვებზე“?

ჯანსაღი ცხოვრების წესი რა თქმა უნდა უნდა გულისხმობს სწორ კვებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა გემრიელ კერძებზე სამუდამოდ უარი უნდა თქვას. ჩვენ პაციენტებს მრავალფეროვანი კვების საშუალებას ვაძლევთ, ვასწავლით, როგორ უნდა მოამზადონ სახლის პირობებში გემრიელი საკვები და თან წონაში დაიკლონ. სადღესასწაულო დღეებში ჩვენ არ ვზღუდავთ გემრიელი საკვების მიღებას. ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს სწორ კვებას, მნიშვნელოვანია საუზმე და მრავაფეროვანი საკვები. ხილი შეიცავს შაქარსა და ფრუქტოზას და მისი მიღება დღის პირველ ნახევარში უმჯობესია. ხილი მიირთვით არა დესერტად, არამედ დამოუკიდებელი კვების სახით. ტკბილეულიც უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, მაგალითად შავი შოკოლადი. რაც შეეხება ბოსტნეულს, ის შეიცავს ცოცხალ უჯრედიის, ვიტამინებსა და მინერალებს, ის უხვად უნდა მიიღოთ. მნიშვნელოვანია ორგანიზმმა მიიღოს ცილოვანი პროდუქტი, რომლის მირთმევაც რეკომენდებულია როგორც დილას, ისე საღამოს.

უნდა იყოს თუ არა რაციონში პური თუ მასზე უარის თქმა სჯობს?

პური უმჯობესია იყოს დიეტური, საფუარის გარეშე, სასურველია იყოს შავი. არ არის რეკომენდებული ცხელი პურის მიღება, უმჯობესია იყოს მეორე დღის. პურეულის ჯგუფს მიეკუთვნება ასევე ბურღულეული, მაგალითად წიწიბურა, ჰერკულესი და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

რას ნიშნავს ტერმინი ჰორმონალური დისბალანსი და რატომ იწვევს ის წონის ცვალებადობას?

ჭარბი წონის, ან სიმსუქნის მიზეზი მხოლოდ ჰორმონალური დისბალანსი არ არის. ხშირად ამბობენ და უკვირთ, რომ დღეში ერთხელ იკვებებიან და მაინც ვერ იკლებენ. კვება აუცილებელია 4-5-ჯერ 3 საათიანი ინტერვალით. დღეში ერთხელ, ან ღამით საკვების მიღება ხდება ჭარბი წონის მიზეზი. ხშირად ხვდებით კვებითი ქცევის ფსიქო-ნერვოლოგიურ დარღვევებს, სტრესის ფონზე გაუცნობიერებლად ჭარბი რაოდენობით იღებენ საკვებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება, რომ ადამიანმა მართოს საკუთარი თავი. ჩვენს კლინიკაში კომპლექსურად ხდება როგორც ფსიქოლოგის, ისე ენდოკრინოლოგის ჩართულება სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად. პაციენტებს არ უწევთ სხვადასხვა ადგილზე სიარული სხვადასხვა სპეციალისტთან, ჩვენ ერთობლივი მუშაობით ვიღებთ კარგ შედეგს. დაახლოებით 6 თვეა საჭირო შედეგის მისაღებად. არ არის რთული აკრძალვები, მორგებულია ჯანსაღი კვების პრინციპებზე, მთავარია სურვილი, რომ ადამიანი შეიცვალოს.

შესაძლოა თუ არა ბავშვის წონის თავისებურებით განვსაზღვროთ, ექნება თუ არა მას მიდრეკილება სიმსუქნისკენ?

სამწუხაროდ, სიმსუქნის პრობლემას დღითი დღე უფრო ხშირად ვხვდებით, ხშირია ჭარბი წონა ბავშვებში, ის მთელი ცხოვრება იქნება მიდრეკილი ამისკენ. სიმსუქნე ეს არის დაავადება და დიდი შეცდომაა, როდესაც ჯამრთელად მიიჩნევა ბავშვი, ან მოზრდილი მაშინ, როდესაც მისი წონა ნორმაზე მეტია. ნუ დააძალებთ ბავშვებს საკვებს, ნუ გაასუქებთ ბავშვებს, ნუ გაზრდით იმ დაავადებების გამოვლენის რისკს, რაც ახლავს ზედმეტ წონას, მოუწესრიგეთ პატარებს კვების რეჟიმი.

რა ძირითადი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი ჰორმონალური დისბალანსის გამოსარიცხად?

სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არის ხოლმე ჰიპოთირეოზი, რაც ხშირია საქართველოში, ასევე გასათვალისწინებელია შაქრის დონე სისხლში, თუ ძალიან დიდია წონა, უნდა შეფასდეს სხვადასხვა ქოლესტერინის დონე.

როგორც წესი, კონკრეტული, თუნდაც ხანგრძლივი დიეტების და სასურველი შედეგის დადგომის შემდეგ, ადამიანები მაინც იბრუნებენ ძველ კილოგრამებს, რატომ?

თუ მკაცრი დიეტა შეარჩია ადამიანმა, რასაც ხშირად თვითნებურად მიმართავენ, გარკვეულ ეტაპზე წყვეტენ და სასურველი შედეგიც ნაკლებად დგება, ხშირია ისიც, რომ წონა უკან ბრუნდება, მნიშვნელოვანია ის, რა მეთოდი აირჩია ადამიანმა წონაში დაკლებისთვის. ამიტომ არის დიეტის დროს ფსიქოლოგის ჩართულობა და ეს ჩვენი პრიორიტეტია. ხდება ფსიქოემოციური ფონისა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგება, კვების რეჟიმის დარეგულირება, დამოკიდებულებების დაძლევა. ჩვენთან მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 თვე, ამ დროს პაციენტი მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შედეგის მიღებას. მოწესრიგებული კვების რეჟიმი 6 თვის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს. ჩემი აზრით, 6 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა მოიწესრიგოს კვების რეჟიმი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხანგრძლივი პროცესი და არა სამ დღიანი მონოდიეტა. უნდა გავიაზროთ, რომ სიმსუქნე ეს არის დაავადება, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, შესაძლოა სიმსუქნიდან გამომდინარე განვითარდეს დაავადება, მაგალითად შაქრიანი დაბეტი ტიპი ორი, იზრდება გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი, იმატებს ძვალ–სახსროვანი პრობლემების გაჩენის რისკი და სხვა. ასევე, არის დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ჭარბი წონა, მაგალითად ჰიპოთირეოზი.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ენდოკრინოლოგს?

თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, კვების რეჟიმი უნდა მოაწესრიგოს, თუ ვერ მიიღო შედეგი, უნდა მიმართოს სპეციალისტს. თუმცა, სუმსუქნის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები