LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს 2 დღეში – სპეციალისტის რეკომენდაციები

2882

რა ასაკში უნდა დავიწყოთ ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ფიქრი, რა  რეკომენდაციების გათვალისწინებაა ამ დროს საჭირო, მეტყველებს თუ არა, ტუალეტის ჩვევის ჩამოუყალიბებლობა განვითარების ეტაპების შეფერხებაზე, არის თუ არა სხვაობა ამ მხრივ გოგონებსა და ბიჭებს შორის, როგორ შევარჩიოთ ბავშვი ქოთანს და რა დროსაა საჭირო სპეციალისტთან კონსულტაცია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვის განვითარების ტრენინგ ცენტრის ტრენერმა, ია იაშვილმა ისაუბრა.

ია, პირველ რიგში, რა ასაკში უნდა დავიწყოთ ტულეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ფიქრი?

პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ საერთაშორისო კვლევებზე, რის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს კვლევები ამბობს, რომ როგორც კი ბავშვს შეუძლია ორსაათიანი შუალედით დაიცვას სიმშრალე, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ბავშვთან ამ მიმართულებით მუშაობა. ძირითადად ეს ხდება 7, 8 თვიდან, შესაძლოა იყოს უფრო პატარა ასაკი, თუმცა წლინახევრისთვის ბავშვის კოგნიტური პროცესები და ფიზიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, ის დავსვათ ქოთანზე.

როგორ უნდა მივაჩვიოთ პატარა ქოთანს ეტაპობრივად და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მშობლებმა გავითვალისწონოთ, რამდენად ვართ თავად ამ პროცესისთვის  მზად. ერთის მხრივ, ეს გარკვეულ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიაზრებთ იმას, რომ ბავშვს პატარა ასაკიდანვე ვაჩვევთ დამოუკიდებლობას. მე როგორც მშობელი თანმიმდევრულად უნდა ვიწყებდე მოქმედებას. ამაში იგულისხმება შემდეგი, ბავშვს ვხდით საფენს და ვიწყებთ მასთან ერთად მუშაობას. ძირითადად, როცა ბავშვი საფენს ატარებს, აქ სისველე-სიმშრალის განცდა არ არის ჩამოყალიბებული. საფენი არის კომფორტული, მეტნაკლებად იწოვს სითხეს და დისკომფორტიც ნაკლებია. თუ ცხადია არ მოხდება გარკვეული საათების გადაჭარბება და არ წავიდა სხვა პროცესები, კანის დაზიანება, დამწვრობა და ა.შ. ძირითად შემთხვევაში ბავშვები ვერ იაზრებენ, როდის არიან სველები და როდის, მშრალები. ამიტომ ამის გააზრება მშობლისთვის ნომერი პირველი ამოცანაა. ბავშვმა თუ არ იგრძნო, რომ ის დასველდა, თუ არ იგრძნო დისკომფორტი, ძალიან ძნელია გაიაზროს, რა პროცესთან აქვს საქმე. პირველ რიგში, რასაც აკეთებს მშობელი, ხდის ბავშვს საფენს. მეორე ეტაპი კი არის უნიტაზის, ან ქოთნის გამოყენება. აქ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რომელი იქნება ბავშვისთვის უფრო კომფორტული. ქალების უმრავლესობა დღის მანძილზე გასულია სამსახურში და პატარებთან მუშაობა ძიძებს უწევთ. მშობელს კი შაბათ-კვირას უწევს ამ ყველაფრის ერთად შეკვრა. იმის გათვალისწინებით, რა ასაკის ბავშვზეა საუბარი, შესაძლოა უნიტაზის გამოყენებითაც დავიწყოთ. შეიძლება ის გადავაყენოთ ან პირდაპირ დავსვათ. არსებობენ მშობლები, რომლებიც ირჩევენ, რომ დაბადების პირველივე დღეებიდან დაიწყონ ტუალეტის უნარის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ძალიან ბევრი მშობელი ამას წარმატებით ახერხებს.

რაც უფრო პატარა ასაკში იწყება ტუალეტის უნარის ჩვევა, მით უფრო მარტივია ბავშვისთვის ამ უნარის ჩამოყალიბება. ასეთ პატარებს ადრეულ ასაკში უყალიბდებათ სიგნალი, როგორც კი შეივსება შარდის ბუშტი, ბავშვი იწყებს ტირილს, რადგან ეს მისი პირველი კომუნიკაციის ფორმაა და მშობელი ამით ხვდება, რომ ბავშვს უდნა მოშარდვა. რაც უფრო დიდ ასაკში მიმდინარეობს ამ უნარზე მუშაობა, მით უფრო მტკივნეულია ის, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის.

 მეტყველებს თუ არა, ტუალეტის ჩვევის ჩამოუყალიბებლობა განვითარების ეტაპების შეფერხებაზე?

ცალკეულად მარტო ტუალეტის უნარის ქცევით ვერ ვიტყვით, რომ ბავშვის განვითარება შეფერხებულია. მაგრამ რადგან ეს პროცესი იწყება გვიან ასაკში, სავარაუდოდ, მშობელი სხვა რაღაცეებსაც აგვიანებს. როცა მშობელმა იცის, რომ ამ ასაკისთვის, ეს არის ნორმა, ცდილობს მეტნაკლებად ამ ჩარჩოში ჩაჯდეს. თუ ამ კომპონენტს, რაც თვითმომსახურებას გულისხმობს, მშობელი ამოაგდებს, შესაძლოა დააგვიანოს სხვა ისეთ თვისებებზე მუშაობა, როგორიცაა ხელების დაბანა, კბილების გამოხეხვა, თმის დავარცხნა და ა.შ. თუ ეს ელემენტები ეტაპობრივად მშობელს არ შემოაქვს, ეს ნიშნავს, რომ ის არ მიყვება ბავშვის განვითარების ხაზსს. ტუალეტის უნარი არ ნიშნავს, რომ ეს მის განვითარებაში შეფერხებას გამოიწვევს, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოში აცდენა ნამდვილად არის. დამოუკიდებლობის ხარისხი იზომება იმით, რამდენად შემიძლია მე საკუთარი თავის მომსახურება. რამდენად შემიძლია, დამოუკიდებლად ვიფუნქციონირო, თუნდაც ზრდასრულ ასაკში.

რა არის ყველაზე პრაქტიკლული რეკომენდაცია, რომელიც მშობელს ყოფით ცხოვრებაში დაეხმარება, პატარა მარტივად შეაჩვიოს ქოთანს?

აქ არის ორი მიდგომა. ერთი, რომელიც შედარებით ხანგრძლივია და ის ძირითადად სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვების შემთხვევაში გამოიყენება. არის ასევე მეორე მიდგომა, რომელიც სულ 2 დღეს მოიცავს. ეს მიდგომა ორიენტირებულია შაბათ-კვირაზე, რადგან მშობელს ძირითადად ამ დროს სცალია და ამ პერიოდში შესაძლებელია ბავშვისთვის ტაულეტის ქცევის დასწავლა.

ამისთვის ბავშვს ვხდით საფენს და ვაკვირდებით ბავშვის მოშარდვის გრაფიკს. მშობელი არის ორიენტირებული მხოლოდ ტუალეტის უნარის ჩამოყალიბებაზე და მას სხვა საფიქრალი არ აქვს. როცა ბავშვს განვითარების მხრივ არანაირი შეფერხება არ აქვს, ის ძალიან მალე სწავლობს. ვცდილობთ, ამ დროს რაც შეიძლება მეტი სითხე შევთავაზოთ პატარას, რომ მოშარდვის ალბათობა იყოს ხშირი. აქ ცხადია არ იგულისხმება ტკბილი და გაზიანი სასმელები. როგორც კი მშობელი ხედავს, რომ მოშარდვის პროცესი იწყება, მივრბივართ ამ დროს ან ქოთანზე ან უნიტაზზე და ვასრულებთ პროცესს. აქ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამ პროცესის პოზიტიური შეფუთვა. თუ ბავშვისთვის ეს იქნება სახალისო, მას უფრო მეტად უჩნდება სურვილი, ეს პროცესი გაიმეოროს. აქ ძალიან კარგად მუშაობს ოვაციები, ან რაიმე მისთვის საურველი ჯილდო. ესაა ცოტა თამაში და მეტი პასუხისმგებლობა მშობლის მხრიდან. მერწმუნეთ, ასეთი თამაშით ბავშვისთვის ძალიან მარტივია ამ ქცევის გამომუშავება და ის იმახსოვრებს, რომ ადგილი, სადაც უნდა მოშარდოს, არის ქოთანი ან უნიტაზი.

ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქოთნის ან უნიტაზის შერჩევაც და ის, რამდენად არიან ბაშვები ამაში ჩართულები. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკიც. თუ ამ უნარის ჩამოყალიბებაზე ფიქრს 3 ან 4 თვის ასაკიდან ვიწყებთ, შესაბამისად  ვერ გავიგებთ, რა შეიძლება უნდოდეს თვითონ ბავშვს. ამ დროს შეგვიძლია ხმოვანი ქოთნის შეთავაზება, საბედნიეროდ, დღეს ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ დიდია. არის ქოთნები, სადაც გამოსახულნი არიან საყვარელი გმირები, არის ხმოვანი ქოთნები, ციმიმა ფერებით და ა.შ. თუ ეს ის ასაკია, სადაც შესაძლებელია ბავშვი ჩავრთოთ, მნიშვნელოვანია ბავშვმა თავად შეარჩიოს ის.

ამბობენ, რომ ქოთანზე ჯდომა საათობრივად უნდა შევაჩვიოთ პატარას, ამ დროს ხშირად მშობლები ბავშვს მობილურ ტელეფონსაც აძლევე, იმისთვის, რომ მან ჩვევა ჩამოაყალიბოს. რამდენად მიესალმებით ამ მეთოდ

ცხადია ამ მეთოდს არ მივესალმები. წარმოიდგინეთ, რომ დედამ გადაწყვიტა ბავშვი დასვას ქოთანზე, ამ დროს კი ბავშვს ამის მოთხოვნილება არ აქვს. ბავშვი ზის ქოთანზე დაახლოებით 15-20 წუთი და ამ დროს მისი ნებელობა, რომ იჯდეს და არაფერი აკეთოს ამ საკში, არის ძალიან ადრე. მშობელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელი მონაკვეთია ბავშვისთვის სავარაუდო შარდვის პერიოდი. ამისთვის კარგია გავაკეთოთ ჩანაწერი, რა სიხშირით შარდავს პატარა, ესაა საათნახევარი თუ ერთი საათი. აქ გააჩნია ასაკსაც, ასევე იმას, რამდენი სითხე აქვს მას მიღებული. მაგალითად თუ წინასწარ მივაღებინებთ სითხეს, ალბათობა, რომ მოშარდოს, არის 15-20 წუთი. მშობელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა პერიოდში დასვას შვილი ქოთანსა თუ უნიტაზზე. წარმატებული ქცევის განხორციელება ამ დროს არის მაღალი. მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას, იღებენ სპონტანურ გადაწვეტილებას, რომ ბავშვმა ახლა უნდა მოშარდოს, ამ დროს კი ბავშვს ამის მოთხოვნილება არ აქვსსდა მიდის ჭიდაობა.

ანუ მობილური ტელეფონი ამ მხრივ არ გამოგვადგება…

გამოგვადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად ვიცით, რომ ესაა ჯილდო მოშარდვის შემდეგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის მხოლოდ ტუალეტისთვის განკუთვნილი პერიოდი და ამ ჯილდოს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს. ცხადია ეს არ უნდა იყოს უნიტაზზე ჯდომის საათნახევრიანი პროცესი.

ყოფით ცხოვრებაში ხშირად გვსმენია, რომ ბავშვმა გვიან საკში, მაგრამ მაინც თავად გადააგდო საფენი, რამდენად სწორია ეს მეთოდი?

რა თქმა უნდა ინდივიდუალურობა გასათვალისწინებელი ფაქტორია. ყველა ბავშვი სხვადასხვა პერიოდში ხვდება და იაზრებს, რისთვის არის მზად და რისთვის არა. იგივე ლოგიკით, ჩვენ რომ დაველოდოთ როდის დაიწყებს ბავშვი მეტყველებას, როდის დაიწყებს დამოუკიდებლად კვებას, ჩვენ ძალიან ავწევთ განვითარების ასაკს. ამ დროს ჩვენი, როგორც მშობლის როლი იკარგება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, როდის მწიფდება ბავშვის უნარები, რათა მან განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის  უნარები აითვისოს. ამას ჩვენ ტრანზიციას ვუწოდებთ. გამოდის, რომ ბავშვი რაღაც პერიოდში პატარპატარა ტრანზიციებს გადის და ამისთვის ის რაღაც უნარს უნდა ფლობდეს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ეს უნარები, როგორც საშენი მასალა ისე გამოადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლები მივყვეთ ბავშვის განვითარებას და მეტნაკლებად ჩავეტიოთ ჩარჩოში. როგორ წარმოგიდგენიათ, 4 ან 5 წლის ბავშვი, რომელიც ატარებს საფენს, ამ დროს ხდება დეფეკაცია და ის ეძახის დედას, რომ გამოუცვალოს საფენი. ბავშვი აცნობიერებს, რომ მისი ასაკის ბავშვები მსგავს ქცევას არ ანხორციელებენ და შესაძლოა ამან მთელი რიგი პრობლემები გამოწვიოს პიროვნული განვითარების კუთხით.

წლინახევრის, მაქსიმუმ ორი წლის ბავშვებთან ქოთნის ჩვევა უკვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, როცა ბავშვი ემზადება ბაღში წასასვლელად, მას დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ჰქონდეს. მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად კოვზით გამოკვება, უნდა იცოდეს, როგორ მოითხოვოს ან ვის უთხრას, რომ ტუალეტში სურს და როგორ დაიბანოს დამოუკიდებლად ხელები.

არის თუ არა სხვაობა ამ მხრივ გოგონებსა და ბიჭბს შორის, მაგალითად იგივე მეტყველებაზე ამბობენომ ბიჭები უფრო აგვიანებენ მეტყვებას, ხომ არ აისახება ეს ტუალეტის ჩვევაზეც

რაც შეეხება მეტყველებას, აქ წამყვანია ტესტოსტერონი, რომელიც რამდენიმე კვირით დაგვიანებას გულისხმობს და არა თვეებით. ერთადერთი განსხვავება არის ის, როგორ ვასწავლოთ გოგონებსა და ბიჭებს, რა პროცედურები უნდა ჩავატაროთ მოშარდვის შემდეგ. სქესობრივი განსხვავება ტუალეტის უნარის ჩამოყალიბების მხრივ არ არის.

 რატომ ჩნდება პრობლემები ტუალეტის ჩვევის განვითარების შემდეგ, უნებლიე შარდვა ძილის დროს და დღის მანძილზე და რა ასაკამდეა ეს ნორმა?

დიახ, ესეც სამედიცინო ნაწილია, თუმცა შემიძლია გიპასუხოთ. ძირითადად კუჭ -ნაწლავის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 4 წლამდე, შარდ-სასქესო სისტემის, 5 წლამდე. ის, რომ ბავშვს შეიძლება გაეპაროს, საგანგაშო ამაში არაფერია. დასაწყისში ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მშობელი იყოს მხარდამჭერი. მან უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ეს არის ნორმა. სამწუხაროდ მშობლებს აქვთ ხოლმე ნეგატიური დამოკიდებულება, მას უნდა კარგად ესმოდეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. ბავშვს შეიძლება გაეპაროს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს ის რაღაცას უყურებდა, თამაშობდა და რადგან ნებელობა ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, შეიძლება ის გადაერთოს და ვერ მოახერხოს კონცენტრირება.

რა როლს ამშობს  ბაღი ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაში 

საჯარო და კერძო ბაღებში ბავშვების რაოდენობა განსხვავებულია. ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ბაღის აღმზრდელმა მოახდინოს 50 ბავშვის კონტროლი. აღმზრდელები უდნა იყვნენ ის ადამიანები, ვინც მისცემენ ბავშვს ამ უნარების განვითარების შესაძლებლობას. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს სამწუხაროდ ძალიან ძნელია. იქნება ძალიან კარგი თუ მშობელი და აღმზრდელი ერთად იმუშავებენ და ეს იქნება თანმიმდევრული პროცესი.

 რა დროსაა საჭირო სპეციალისტთ კონსულტაცია და როგორ ხდება ბავშვან უშაობა?

აქ საჭიროა ორი ტიპის  სპეციალისტის ჩართვა. ერთი ესაა ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება მშობელს და ასწავლის, როგორ შეიძლება მისი შვილის უნარების ჩამოყალიბება. და მეორე, ნეფროლოგი ან პედიატრი, რომელიც სამედიცინო ნაწილზე გადადის. პირველი სასიგნალო ნიშანი არის ასაკი. როცა ბავშვი წლინახევარზე ან ორ წელზე დიდი ასაკისაა და მეორე, როცა საფენის გადაჩვევა 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ბავშვები ხშირად ეჩვევიან ქმედებათა რიგს, მშობელს კი ძალიან ურთულდება ამ მხრივ მანიპულირება. როცა მშობელი ხვდება, რომ ორკვირიანი მცდლეობის მიუხედავად, პროცესი წინ არ წავიდა, ჯობია უკვე მოხდეს სპეციალისტის ჩართვა. რაც ეხება ნეფროლოგსა და პედიატრს, თუკი ბავშვი 5 წელზე მეტი  ასაკისაა და ადგილი აქვს უნებლიე შარდვას, ეს ენურეზის ნიშნებია და ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ასევე როცა ბავშვი 4 წლის ზევითაა და არის უნებლიე კუჭის მოქმედება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები