LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ გავხდე გეი: იღებ ყავას…”

1846

მწერალი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სათაურით: “როგორ გავხდე გეი.”

რამდენიმე რჩევის შემდეგ ის განმარტავს, რომ ეს ხუმრობაა და რეცეფტი იმისა, თუ როგორ გახდე გეი, არ არსებობს.

“იღებ, ერთ ჭიქა ყავას, არ ყრი არცერთ კოვზ შაქარს და წრუპავ მცირე ყლუპებით, სვენებ-სვენებით, ნეკათითგაბზეკილი.
ყიდულობ ჟოლოსფერ, ვიწრო შარვალს, თეძოებზე კარგად მომდგარს, მიგაქვს სახლში, არ კიდებ კარადაში, არამედ კიდებ სკამზე, რომ ხვალ დილით ჩაიცვა.
საღამოობით, იწყებ გეი მუსიკოსების მოსმენას. მაგალითად, როგორებიც არიან, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაიკლი. ფრედი მერკურიც შეიძლება. ნუ, ეს უკანასკნელი ცოტა მამაკაცურია, მაგრამ მაინც.
მუსიკის სმენის პარალელურად ინტერნეტში ათვალიერებ ბიჭების ფოტოებს, რომლებიც გამომწვევად გიმზერენ თვალებში.
წყვეტ მამრობითი სქესის მეგობრებთან ურთიერთობას და უმეგობრდები ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ გეებთან მეგობრობა ტრენდია.
მათთან ერთად დადიხარ კაფეებში, საყიდლებზე და შენი ლექსიკა შემოიფარგლება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: გოგოო, აუ, ძააან, კაი რააა, ნუ გამაფსიხეე, არ არსებოობს და ა.შ. ანუ, ძირითადად გაოცებული ხარ.
როდესაც საბოლოოდ შედიხარ გეის როლში, ანუ თითქმის უკვე გეი ხარ,
უკაკუნებ კარის მეზობელს, რომელიც საღამოობით
შემჩნეულია როხროხში და თვეში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, ცოლის ბარტყუნში.
მოკლედ, უკაკუნებ მას და ეუბნები:
ნუგზარ, მე გეი ვარ!
ნუგზარს თვალები ეკარკლება, ყელის ძარღვები ებერება,
გკიდებს ხელს ქეჩოში, და შუბლს გარტყმევინებს სადარბაზოს იმ მწვანე კედელზე, რომელიც ბოლოს 70-იანი წლების მიწურულს შეღებეს.
შუბლთან ერთად გემტვრევა წინა კბილები და სადარბაზოს ასევე ჩამომტვრეულ კიბეებზე მათ გადმოფურთხებას ცდილობ.
მაგრამ ნუგზარი არ გაცლის და რამდენიმე კბილს ყლაპავ.
მერე ნუგზარი გაგდებს ძირს და წიხლებს გიშენს ფერდებში. კიდევ კარგი, რომ სახლის “ზმანზეა”, ჩუსტები აცვია, თორემ ტრავმა გაცილებით მძიმე იქნებოდა.
შენ ცდილობ თავის დაძვრენას, მიხოხავ სახლისკენ, მაგრამ ნუგზარი ისეა გაცოფებული, შენი მეტრ*** დედამო***, მოგკლავ შე, ყ**, მეორედ რომ სადმე გადამაწყდეო, რომ მისგან თავის დაღწევა არ გამოგდის.
ბოლოს, ამ ხმაურზე გამოდიან სხვა მეზობლები, ლეილა,
ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და ისინი იწყებენ სიარულს შენზე, ზოგი ჩუსტებით, ზოგი, ქუსლებით, ზოგი ჩექმებით და ზოგი კედებით.
და შენ ხავი:
იარონ, იარონ, იარონ, ამინ!!!

და მორჩა:
შენ უკვე სრულფასოვანი გეი ხარ!

პ.ს. არა, მეგობრებო, ეს ხუმრობა იყო. არ არსებობს რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გახდე გეი. არ არსებობს არცა რეკლამა, არცა წიგნი, არცა მუსიკა, არცა სამოსი იმისა, რაც შეგიცვლის სექსუალურ იდენტობას.
და მითუმეტეს, არ არსებობს ცისარტყელა, რომელსაც გადაახტები და ჰოპ, შენ უკვე გეი ხარ”, – წერს ნინო თარხნიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები