LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იბანავა თიკა ბალანჩინმა რძეში

451

„New One“-ის ვოკალისტი, თიკა ბალანჩინი fortuna.ge-ს ახალი კლიპის „Reality“ შესახებ ესაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ასევე ვკითხეთ, როგორია ბიჭების კოლექტივთან ერთად მუშაობა და ჯგუფის წარმატების საიდუმლოზეც დავუსვით კითხვა.

თიკა,  ახალი კლიპისთვის მართლა რძით სავსე აბაზანაში ჩაწექი?

ასე გამოვიდა (იცინის). რეჟისორმა მთხოვა და დავთანხმდი. ვიცოდი, რომ კარგი გამოვიდოდა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. უბრალოდ, ძალიან რთული გადაღება იყო, ძალიან დავიღალე და გავიყინე. მართლა რძეში ვიბანავე. ორი საათი გავუძელი და მერე აღარ იყო კარგი. თუმცა კლიპი ძალიან კარგი გამოვიდა და მადლობა კიდევ ერთხელ იუგო მორისს ამისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც იმუშავა ახალ ვიდეორგოლზე. მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც სიმღერას უხდებოდა.

შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?

არავინ. ვინ უნდა ზრუნავდეს? ერთადერთი თმის ვარცხნილობას ვიცვლი ხშირად. მაკიაჟს იშვიათად ვიყენებ და თუკი მაქვს, ძალიან უკვირთ ხოლმე. ლუქებს არ ვარჩევ, თმაც ჩემია, ვერც ვიტყვი, რომ განსხვავებულია, თუმცა ნაწნავების ფონზე ალბათ, მაინც სხვაა. სამოსსაც თავად ვარჩევ. კლიპისთვის მე ავარჩიე და ასევე დათუნა ბარნაბიშვილიც დამეხმარა ძალიან.

როგორი იყო შენთვის 2017 წელი?

კარგი, საუკეთესოს ვერ ვიტყვი. მგონია, რომ 2018 წელი ბევრად კარგი იქნება, მგონია კი არა, ვიცი. 2018-ში იქნება სიახლეები ჩვენგან.

31 დეკემბერს სადმე გამოდიხართ?

ცენტრალურ საახალწლო კონცერტზე გამოვდივართ, ასევე „ანდერვილშიც“ ვმონაწილეობთ კონცერტში.

პირადზეც გვითხარი რამდენიმე სიტყვა…

ყველა მეკითხება და არავის ვპასუხობ. ჩემში საინტერესო, მგონია, ის საქმეა, რომელსაც ვემსახურები. ამ თემაზე ყველა კითხვას ვუპასუხებ. ჩემი პირადი ცხოვრება კი ხალხისთვის უინტერესო უნდა იყოს, ჩემთვის – საინტერესო (იცინის).

კარგი, ახალ კომპოზიციაზე მუშაობთ?

ჩვენი კომპოზიცია გვაქვს ბევრი, ერთ-ერთი ლაშა აბაშმაძეს ეკუთვნის, რომელსაც მალე ჩავწერთ.

თიკა, ჯგუფის წევრობა უფრო ადვილია თუ სოლოარტისტობა?

ჯგუფის წევრობა უფრო რთულია, როცა მხოლოდ შენს თავზე ხარ პასუხისმგებელი, უფრო ადვილია, შეგიძლია, ის აკეთო, რაც გინდა. როცა შენ უკან კიდევ ხალხია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ისე კი, ბევრად საინტერესოა და ბევრად გახსნილი ვარ, ადამიანებთანაც უფრო უკეთ ვურთიერთობ, როცა ბიჭები ჩემ გვერდით არიან.

ბიჭების კოლექტივში მუშაობა არ არის რთული?

ბიჭებს ძალიან კარგად ვუგებ. გოგონებთანაც მიმუშავია და მათაც კარგად ვუგებდი, მაგრამ ჯგუფის ბიჭებთან უფრო გახსნილი ურთიერთობა მაქვს. სულ ერთად ვართ, ოჯახივით. ჩვენს მუსიკასაც ეტყობა, რომ ყველა ინსტრუმენტი ერთმანეთთან ახლოს არის.

როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება და რას აკეთებთ, რომ პოპულარობა არ დაკარგოთ?

დაკარგვა ძალიან მარტივია, როცა ვალდებულებებს არ იღებ საკუთარ თავზე, როცა ასე ვთქვათ, ახალტურებ… პოპულარობაც არ მოსულა, ჩემი აზრით, მარტივად. ჩვენი წარმატება, პირველ რიგში, იმან განაპირობა, რომ ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობთ, საერთო მუხტია რ დავაგდოთ. თუკი რომელიმე ვერ „მოიხოდა“, ვცდილობთ მის „მოხოდვას“.

სიახლეებისკენაც მიდიხართ სულ…

ასეა. თუ ჩვენს ლაივებზე ყოფილხართ, ნახავდით, რომ ყოველთვის გვაქვს სიახლეები, არ ვიყოთ ერთნაირები.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები