LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხვდებიან ახალ წელს გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში

158

საქართველოში ტურისტების ნომერ პირველი მასპინძელი, ტურიზმის ადინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე თავადაც მოგზაურობის მოყვარულია. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში ბევრს მოგზაურობს და უცხო ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებებს პრაქტიკულ საქმიანობაშიც ხშირად იყენებს. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მოგზაურობის პარალელურად ახალი წელი მისთვის ოჯახურ დღესასწაულად რჩება და ცდილობს ყოველთვის საქართველოში შეხვდეს.

 

გიორგი ჩოგოვაძე

ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ისე დაემთხვა, რომ ჩემი ყველა სამსახური დაკავშირებული იყო მოგზაურობასთან. პირველი სამსახური გახლდათ “შვეიცარიის ავიახაზები”. ავიაკომპანიაში მუშაობამ საშუალება მომცა მსოფლიოს მასშტაბით მემოგზაურა. მოგზაურობა აფართოვებს ადამიანის მსოფლმხედველობას, ეცნობი სიახლეებს, რომლის შემოტანაც შეიძლება შენს ქვეყანაში და ვინაიდან სამყარო მუდმივად ვითარდება, ესეც მუდმივი პროცესია.

დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მოგზაურობის გათვალისწინებით, რამდენად ახერხებთ ახალი წლის ოჯახთან ერთად გატარებას?

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. იმის გათვალისწინებით,  რომ მთელი წლის განმავლობაში, სამსახურიდან გამომდინარე ნაკლები ურთიერთობა მიწევს ოჯახთან, ბავშვებთან, ვცდილობ ახალ წელს მათთან შევხვდე. თუმცა იყო ახალი წელი, როდესაც საქართველოში არ ვყოფილვარ. 2000 წელს ე.წ. „მილენიუმის ღამეს“ ახალ წელს პარიზში შევხვდი.

ბავშვებს ისევ სჯერათ თოვლის ბაბუის თუ აეხადა საიდუმლოს ფარდა თქვენს ოჯახში?

გოგონა 12 წლისაა, ბიჭი 8 წლის და თოვლის ბაბუის უკვე აღარ სჯერათ, თუმცა საჩუქრების ჩამონათვალს თოვლის ბაბუისთვის არა წერილობით, მაგრამ ხუმრობით ისევ აჟღერებენ. წინასწარ ფიქსირდება რა უნდა მოიტანოს თოვლის ბაბუამ.

თოვლის ბაბუა არა, მაგრამ როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სწორად წარმართულმა საქმიანობამ და ტურიზმის განვითარების პროგრამებმა გასულ წელს საქართველოს არც მეტი არც ნაკლები 2,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით 2017 წელი ძალიან წარმატებული იყო. ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მათ მიერ შემოტანილმა შემოსავლებმა 2,8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს თანხა დაიხარჯა კერძო სექტორში, სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და ა.შ.

სად დარჩა ის სუსტი რგოლები, რომლის განვითარების მეშვეობითაც ქვეყნის ტურისტულ გარემოს კიდევ უფრო მომხიბვლელს გავხდით?

ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად აუცილებელია მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონების კიდევ უფრო დაკავშირებას  და როგორც შიდა ტურისტებს, ასევე უცხოელ მოგზაურებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად და კომფორტულად იმოგზაურონ. მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებაც, მაგალითად, საქმიანი ტურიზმის. ჩვენი სურვილია უცხოელებმა კონფერენციები, კონგრესები, კორპორატიული შეხვედრები სწორედ საქართველოში დაგეგმონ. კარგი შედეგი აქვს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროსაც. გარდა იმისა, რომ ბალნეოლოგიურ კურორტებზე (წყალტუბოში, საირმეში) ჩამოსული ტურისტები დიდხანს რჩებიან ქვეყანაში, გამაჯანსაღებელი ეფექტის შემდეგ მომდევნო წელსაც ბრუნდებიან საქართველოში.

ახალი ტურისტული პროდუქტები ახსენეთ, ხომ არ გეგმავთ ერთჯერადი საახალწლო ღონისძიების ან ტრადიციის დანერგვას, რომლიც გამოც სწორედ საქართველოში ჩამოვა და შეხვდება ტურისტი ახალ წელს?

ორი წელია ტარდება პროექტი „ჩეკინ ჯორჯია“. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებით, ფესტივალებით,  გამოფენებით ქვეყანაში იქმნება სხვადასხვა მიზეზი ჩამოვიდეს ტურისტი და მისი მოგზაურობა საქართველოში შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდეს. მეორეს მხრივ, ცნობილი შემსრულებლების და ხელოვნების მოღვაწეების საქართველოში ჩამოსვლით ქვეყანა პოზიციონირდება უსაფრთხო ადგილად, სადაც შესაძლებელია დინამიური გართობა.

 

თამუნა გოგუაძე