LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ კლავენ სკოლები შემოქმედებას – კენ რობინსონის რეკომენდაციები

TED-ზე გამომსვლელი, სპიკერი კენ რობინსონი მიიჩნევს, რომ ყველა ბავშვს აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და ნიჭი, რომელსაც უფროსები ფლანგავენ. როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, როგორ მივცეთ ბავშვებს განვითარების საშუალება და არ მოვაქციოთ ჩარჩოებში, – ამ თემებზე მან TED-ზე ისაუბრა.
“ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ 6 წლის გოგოზე. ხატვის გაკვეთილზე მასწავლებელმა ჰკითხა, თუ რას ხატავდა. “მე ღმერთს ვხატავ”, – უპასუხა გოგონამ. ” არავინ იცის, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი”, – უთხრა მასწავლებელმა. “ერთ წუთში ეცოდინებათ”, – ასეთი იყო ბავშვის პასუხი.

ბავშვები რისკებზე მიდიან. თუ არ იციან რამე, მაინც ცდილობენ. მათ შეცდომის არ ეშინიათ. თუ არ ხარ შეცდომის დასაშვებად მზად, ვერასოდეს შექმნი ორიგინალურს. ზრდასრულობის დროს ბავშვების უმრავლესობა კარგავს ამ უნარს და შეცდომის დაშვების შიში უჩნდებათ. უფროსები კომპანიებსაც ასე მართავენ. ჩვენ შეცდომების სტიგმატიზებას ვახდენთ და ვმართავთ განათლების სისტემებს, სადაც შეცდომის დაშვება ყველაზე უარესია. შედეგად ჩვენი განათლება ახალგაზრდებს ართმევს შემოქმედ უნარებს.

როცა ბავშვები იზრდებიან, ჩვენ ვიწყებთ მათ განათლებას წელს ზემოდან და შემდეგ, ვკონცენტრირდებით მათ თავებზე. რისთვისაა, საჯარო განათლება? ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებულია აკადემიური უნარის იდეაზე. თქვენ ალბათ ბავშვობაში სკოლაში უწყინრად გაშორებდნენ ისეთ რამეებს, რაც მოგწონდათ, რადგან მისი კეთებით სამსახურს ვერასდროს იშოვიდით. მაგალითად, “მუსიკოსი ხომ არ გამოხვალ, არ გინდა ხატვა. მხატვარი ხომ არ იქნები”, – თითქოს უწყინარი რჩევა, მაგრამ მცდარი. საჯარო განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში, უნივერსიტეტში მოხვედრის გაწელილი პროცესია. შედეგად ბევრი ძალიან ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანი ფიქრობს, რომ ის არაა ასეთი, რადგან რაშიც ძლიერი იყო არ ფასდება.

ჩემი აზრით, დიპლომებს ერთბაშად ფასი დაეკარგა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში, დიპლომი თუ გქონდა, სამსახურიც გქონდა. მაგრამ დღესდღეობით, ახალგაზრდები დიპლომებით ხშირად სახლში სხდებიან კომპიუტერთან სათამაშოდ, რადგან დღეს ბაკალავრის შემდეგ, მაგისტრის დიპლომი გჭირდება, შემდეგ დოქტორის ხარისხი. ეს არის აკადემიური გაუფასურების პროცესი. ჩვენი წარმოდგენა ინტელექტზე რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

მე ვმუშაობ წიგნზე: “Epiphany”, სადაც თავმოყრილია ინტერვიუები, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ადამიანებმა საკუთარი ნიჭი.  ამ წიგნზე მუშაობა ერთ ქალთან დიალოგმა განაპირობა. მას ჯილიან ლინი ჰქვია. ქორეოგრაფია. დავინტერესდი, როგორ გახდა ქორეოგრაფი. მომიყვა, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში, 30-იან წლებში, სკოლამ მის მშობლებს მისწერა, რომ მას სავარაუდოდ სწავლის აშლილობა ჰქონდა, არ შეეძლო კონცენტრირება და მოუსვენარი ბავშვი იყო. დედამისმა მიმართა სპეციალისტს. მაშინ 8 წლის იყო. ექიმმა მოუსმინა დედას, გაეცნო სკოლის დასკვნას. ბოლოს დედასთან ცალკე საუბარი ისურვა, ოთხიდან გასვლამდე კი რადიო ჩართო. მას შემდეგ რაც ჯილიანი მარტო დარჩა ოთახში, წამოხტა და ცეკვა დაიწყო. ექიმი და დედა მეორე ოთახიდან უყურებდნენ 8 წლის ბავშვს, რომელიც ცეკვისგან სიამოვნებას იღებდა. “ქალბატონო ლინ, ჯილიანი არ არის ავად, ის მოცეკვავეა. წაიყვანეთ საცეკვაო აკადემიაში”, – უთხრა ექიმმა  დედას. ასე დაიწყო ჯილიანის, როგორც მოცეკვავის კარიერა. მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში.

ჩვენი განათლების სისტემა ძირს უთხრის ჩვენ გონებას, ისევე როგორც ჩვენ ვუთხრით ძირს დედამიწას კონკრეტული პროდუქტის ძიებაში. უნდა გავიაზროთ ის პრინციპები, რომლებიც ჩვენს შვილებს დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები