LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიიღებენ ავტომფლობელები ფინანსურ დახმარებას?

53

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ავტომობილები ორ კატეგორიად დაყვეს.

”პირველ კატეგორიაში შედის ავტომობილები, რომლებიც სრულად განადგურდა, ასეთად ჩაითვლება ავტომობილი,  რომლის დაზიანებაც 50 პროცენტს აღემატება. თუ მისი საბაზრო ღირებულება 5 ათას დოლარზე ქვემოთ არის, ზარალი 100%-ით ანაზღაურდება, ხოლო თუ ფასი 5 ათას დოლარს აჭარბებს – 70%-ით” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც ეხება მეორე კატეგორიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, თუ ავტომობილის დაზიანება 50 პროცენტს ქვემოთ ფიქსირდება, მაშინ ფინანსური დახმარება მისი საბაზრო ღირებულების 25 პროცენტს გაუტოლდება.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, უკვე შედგენილია დაახლოებითი სია, ეს გახლავთ დადასტურებული ინფორმაცია, ცნობა, რომელიც განსაზღვრავს, რომ ეს მანქანები ნამდვილად განადგურდა 13-14 ივნისის შედეგად. ამ ეტაპზე, ასეთი 101 ავტომანქანა ფიქსირდება, თუმცა  შესაძლოა  ეს რაოდენობა გაიზარდოს” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, საერთო ჯამში, ფინანსური დახმარებებისთვი 800 ათასი ლარია გამოყოფილი. ფინანსური დახმარებების გაცემა იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები