LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეფასდა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასავლურ მედიაში

საქართველოში გამართული თვითმმართველობის არჩევნები უცხოურ მედიაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით გაშუქდა. ეს საკითხი რამდენიმე უცხოურ გამოცემას ყურადღების გარეშე არ დარჩენია. დასავლური მედია საშუალებიდან არჩევნებს ერთ-ერთი პირველი BBC შეეხო. გამოცემა თბილისის საკრებულოში ბრიტანელი იოსეფ სმიტის კენჭის ყრის შესახებ წერდა და ხაზს უსვამდა, რომ სმიტი პირველი ბრიტანელია, რომელიც ასეთ ცვლილებებში იღებდა მონაწილეობას.

ბრიტანელი იოსეფ ალექსანდერ სმიტი 5 წელია, საქართველოში ცხოვრობს. წინასაარჩევნო პერიოდში ის საბურთალოზე საკუთარი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და კარდაკარის პრინციპით თბილისის მოსახლეობას ხვდებოდა. მას შემდეგ, რაც 82 წლის ნანა ყავლაშვილს შეხვდა, ქართველი ქალი სმიტის ქართულის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ქართულით საუბრობთ, ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა,“ –  უთხრა ნანა ყავლაშვილმა სმიტს.

თავად სმიტი ხაზს უსვამდა, რომ თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა, რასაც მოსახლეობაც მასთან საუბრისას განსაკუთრებით გამოყოფდა. ბრიტანელი აღნიშნავს, რომ კარგად იცნობს თბილისის პრობლემებს და, ასევე, თვალყურს ადევნებს პოლიტიკის სიახლეებსაც.

იტალიური მედია საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და თბილისში   „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, გამარჯვებაზე წერდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგალითად, იტალიური  La Repubblica მასალას, სახელწოდებით: „თამაში, რომელშიც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა“ აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელს არ დასჭირდა მეორე ტური, რათა თბილისის მერი გამხდარიყო და რომ „ქართულ ოცნებას“, სხვა პარტიებთან შედარებით, ძლიერი ადამიანური და ფინანსური რესურსები ჰქონდა.

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს. კერძოდ, ფრანგული Liberation აღნიშნავს, რომ „მილანის“ ყოფილი ვარსკლავი, კახა კალაძე, თბილისის მერად აირჩიეს. გამოცემა წერს, რომ 2001 წელს კახა კალაძემ პირადი ტრაგედია განიცადა, როდესდაც მისი ძმა გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს.

არც ბრიტანული „როიტერსისთვის“ დარჩენია ჩვენი ქვეყნის თვითმმართველობის არჩევნები ყურადღების მიღმა. „როიტერსი“ წერს, რომ იტალიური საფეხბურთო კლუბის, მილანის, ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქის მერად აირჩა, რამდენადაც ქვეყანაში მმართველმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში ძირითადი მანდატები მოიპოვა.

„როიტერსი“ კალაძის პოლიტიკური კარიერის დასაწყისს იხსენებს.

„კახა კალაძე „ქართული ოცნების“ დამაარსებლის, საქართველოში უმდიდრესი პირის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი აქტივისტი იყო. 2011 წელს კალაძემ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადადგა.  ის იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პოსტს. 21 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.13% მიიღო,“ – წერს „როიტერსი“.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები