LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა აღზარდონ შვილები მარტოხელა დედებმა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

374

მარტოხელა დედებს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვთ. მათ სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ. როგორც ფორტუნას ფსიქოლოგიური ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგმა, ნინო ახალაიამ განუცხადა, როდესაც მამა ოჯახში არ არის, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა უწევს დედას, იგი ორივე მშობლის როლსა და ფუნქციებს საკუთარ თავზე იღებს. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ დროს საზოგადოებრივი სტერეოტიპები ხშირად ქალზე უარყოფით გავლენას ახდენენ.

რა პრობლემების გადალახვა უწევთ მარტოხელა დედებს?

ფსიქოლოგის თქმით, არსებობს საზოგადოების მკაცრი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დრო იცვლება და სტერეოტიპები ინგრევა, საზოგადოებისგან ჩანერგილი შიში მაინც არსებობს, ეს კი თრგუნავს ქალს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ საზოგადოება უნდა გახდეს ლმობიერი, მისცეს ადამიანს საშუალება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ  ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს მას სჭირდება.

„ეს შიში ქალებმა უნდა დაძლიონ და გააცნობიერონ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში პრობლემები მოგვარებადია. ადამიანს ყველაფრის დაძლევა შეუძლია, თუმცა გააჩნია ფსიქიკას, იმ გარემოებებს, თუ რა პირობებში გაიზარდნენ. არიან ქალები, რომლების მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ, მშობლებს იყვნენ მიჯაჭვულები და ვერ უმკლავდებიან ამ მდგომარეობას“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორ უნდა აღზარდონ მარტოხელა დედებმა შვილები?

ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ დედას ის სჭირდება. სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა დედამ შვილს დრო უნდა დაუთმოს, ეთამაშოს, ელაპარაკოს. ფსიქოლოგის თქმით, პირველი შეცდომა, რომელიც მარტოხელა დედამ შეიძლება დაუშვას, არის საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა და ამ მდგომარეობაში ცხოვრების გაგრძელება. ასეთ განცდას დედები ხშირად შვილებსაც უქმნიან. „როდესაც მშობლები ერთად არ ცხოვრობენ, ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, ბავშვი კონფლიქტში არ ჩარიონ, ბავშვი პატივს უნდა სცემდეს როგორც დედას, ასევე მამას, ხშირად მშობლების ერთად ცხოვრება იმდენად გაუსაძლისია, თავად ბავშვები ითხოვენ მოხდეს ურთიერთობის დისტანცირება“, – ამბობს ფსიქოლოგი.

7 რჩევა ნინო ახალაიასგან:

  1. დედა უნდა იყოს გაბედული, თამამი და დამოუკიდებელი. საზოგადოებრივი სტერეოტიპები ხშირად თრგუნავენ ადამიანს, მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი მამის გარეშე აუცილებლად იქნება ცუდად გაზრდილი ან დაჩაგრული, რომ სჯობს ქალმა აიტანოს არახელსაყრელ პირობებში ყოფნა და მამა იყოს ოჯახში. თუ ოჯახური კრიზისი მოზრდილების მხრიდან მცდელობების მიუხედავად მაინც ვერ დაიძლია, მაშინ ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას გარემო, სადაც იცხოვრებენ სტრესის და სკანდალების გარეშე.
  2. ერთი ადამიანი ვერ შეასრულებს ორის ფუნქცია-მოვალეობებს. ეს შეუძლებელია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. დედამ არ უნდა აიღოს მამის პასუხისმგებლობა.
  3. დედამ უნდა იზრუნოს, რომ ბავშვებს ასწავლოს მამის სიყვარული და პატივისცემა. თუ მამა არ ახსოვთ, დედამ უნდა ისაუბროს მამაზე. თემა არ უნდა გახდეს ტაბუდადებული. თუ კი მამა ცუდ ჭრილში ახსოვთ , უნდა დაძლიოს პირადი წყენა და მისცეს ბავშვს უფლება უყვარდეს მამა.
  4. დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან არის საფრთხე რომ მსხვერპლობის განცდამ მოიცვას და ვერ დაძლიოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული გარემოებების გამო მამა არ ცხოვრობს მათთან სახლში. ეს ფაქტი შეიძლება სწყინდეს, მაგრამ დედა უნდა დაეხმაროს რეალობის სწორად მიღებაში. მსხვერპლობა აჩენს სიბრალულის შეგრძნებას საკუთარი თავის მიმართ და ამუხრუჭებს პიროვნულ განვითარებას.
  5. განქორწინების შემთხვევაში ორივე მშობელმა უნდა იზრუნოს დაძლიოს პირადი წყენა. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მისი მშობლები ხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ და არ არიან მტრები, რომ გადაწყვეტილებებს ორივე ერთად იღებს. რაც მთავარია, აღზრდის პროცესში, შვილებთან მიმართებაში მოზრდილები უნდა თანხმდებოდნენ აღზრდის თანმიმდევრულ სტილზე, ბავშვს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დედა უკრძალავს, მამა კი ნებას რთავს და ა.შ.
  6. განქორწინების შემთხვევაში მამა -შვილს უნდა ჰქონდეს შეხვედრის შესაძლებლობა. გარკვეულ დღეებში ბავშვი უნდა მიდიოდეს მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ან მამის ახალ ოჯახში. აქ მთავარია მშობლებმა ბავშვი ან ბავშვები არ აქციონ ჯაშუშად, რომელსაც აგზავნიან ინფორმაციის მოსაკრებად და სახლში მოსვლისთანავე დაკითხვაზე დააყენებენ. ასეთ ვითარებაში ბავშვებს ტყუილის თქმა ხშირად უწევთ.
  7. პატარებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. საუბარი უნდა მოხდეს ასაკის შესაბამისად. სად არის მამა, რატომ ცხოვრობენ მშობლები ცალკე, რატომ გარდაიცვალა მამა და ა.შ. ეს თემები არ უნდა იყოს აკრძალული, ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ შეკითხვის დასმის. პასუხები მათ დაეხმარებათ რეალობის მიღებაში, პიროვნულად გაძლიერებაში.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები