LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოთ ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომი დეპრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალს ცხოვრების სტილის შეცვლა უწევს. ამ პერიოდში გუნება–განწყობის შეცვლა უმეტეს შემთხვევაში ჰორმონული ცვლილებების დამსახურებაა. ხასითის მკვეთრი ცვლილება პირველი ორსულობის დროს უფრო ხშირია, ვინაიდან პირველი გამოცდილება და ემოცია ყოველთვის მძაფრია. მშობიარობის შემდეგ ხასიათის ცვლილება დაკავშირებულია უძილობასთან, ცხოვრების ახალ ტემპთან, დაბალ სოციალურ აქტივობასთან,  მოდუნებასთან და სხვ.

ყოველივე ეს განაპირობებს დეპრესიას. როგორც „ფორტუნას“ ფსიქოლოგმა, დოქტორანტმა, თსუ-ს ლექტორმა ინა ბუროვამ განუცხადა, დეპრესია გუნება–განწყობის აშლილობა და  დიაგნოზია, რომელთან გამკლავებაც სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე რთული იქნება.  დეპრესიის სიმპტომები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ორსულობის და მშობიარობის შემთხვევაში დეპრესია ძირითადად ხანმოკლეა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. საფრთხე იმატებს მაშინ, თუ არსებობს დამატებითი ფაქტორები, ისეთი როგორიცაა ფსიქოლოგიური დაავადებები: შფოთვა ორსულობამდე, ანორექსია, ბულიმია. ასევე, ანტიბიოტიკების მიღება, პრობლემები ოჯახში, გენეტიკური განწყობა, ასაკი (20 წლის ქვემოთ და 30 წლის ზემოთ) და სხვ. ამ დამატებითი ფაქტორების  არსებობის შემთხვევაში დეპრესიის ინტენსივობა იზრდება და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში დეპრესია, გთავაზობთ 7 რჩევას, რომელსაც ფსიქოლოგი ინა ბუროვა მოგცემთ.

1.შეეცადეთ  შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა – როგორც ორსულობის, ასევე მის შემდგომ, ეს დადებითად აისახება ბავშვზე. შესაძლებლობების ფარგლებში აკეთეთ ყველაფერი ის, რაც კარგ განწყობას გიქმნით (წიგნის კითხვა, კომედიური ჟანრის ფილმების ყურება და ა.შ.);

2.იკვებეთ ჯანსაღად და იყავით აქტიური ორსული– (თუ არ გაქვთ წოლითი რეჟიმი ან ტოქსიკოზი) მაქსიმალურად გამოიყენეთ დარჩენილი დრო ბავშვის დაბადებამდე;

3.მიიღეთ მეტი ინფორმაცია ორსულობისა და მის შემდგომ  პერიოდზე, რა გართულებებია მოსალოდნელი, პრაქტიკული რჩევები ბავშვის მოვლაზე, ეს დაგეხმარებათ ნაწილობრივ მზად იყოთ სირთულეებისთვის; ინფორმაციის მიღება შეიძლება უამრავი გზით, არსებობს წიგნი ელიზაბეტ ფეინოკის „ორსულობა და ბავშვის მოვლა“, სადაც მომავალი დედები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობის პერიოდი, ასევე როგორ უნდა მოუაროთ ბავშვს 3 წლამდე. წიგნში არის როგორც პრაქტიკული, ასევე ფსიქოლოგიური რჩევები.

4.ფსიქოლოგიურად მოამზადეთ თქვენი თავი – გაიაზრეთ ის პასუხისმგებლობაც, რაც წინ გელით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვალდებული ხართ იდეალურად  გააკეთოთ ყველაფერი;

5.იძინეთ – პირველი სამი თვე ბავშვების უმეტესობას ღამე არ სძინავს სხვადასხვა მიზეზის გამო, იძინეთ ბავშვთან ერთად დღის მანძილზე. ასევე მშობიარობის შემდეგ ეცადეთ დაიხმაროთ ახლობლები, ოჯახის წევრები, ყველა წვრილმანზე თქვენ ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას;

6.ივარჯიშეთ –ფიზიკური აქტივობა არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას (როცა ამის ფიზიკური მზაობა გექნებათ), ფორმაშიც უფრო მალე ჩადგებით და გუნებაც გამოგიკეთდებათ; ვარჯიშის დროს ნივთიერებათა ცვლა უფრო კარგად მიმდინარეობს.

7.ისეირნეთ – ხანდახან ბავშვის გარეშე, თუნდაც ერთი საათით მეგობრების გარემოცვაში. თუ ბავშვს ვერ ტოვებთ, გაისეირნეთ მასთან ერთად. ასევე ხშირად უსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. კარგი მუსიკა ასევე დადებით გავლენას ახდენს ბავშვზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები